Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა ხუთი ჩეჩენი პატიმრის საჩივარს განიხილავს


საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების - ასლანბეგ ხანჩუკაევის, აჰმედ მაგომედოვის, ჰამზათ ისაევის,

აბდულჰამიდ ალიევისა და გიორგი კუშტანაშვილის -ადვოკატთა საჩივარს განიხილავს. ადვოკატ ლია მუხაშავრიას თქმით, უნდა გაუქმდეს საოლქო სასამართლოს ის განჩინება, რომლის თანახმადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფებს, თბილისის მე-5 იზოლატორის თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. შეგახსენებთ, რომ ხუთივე განსასჯელი, რუსეთის სხვა რვა მოქალაქესთან ერთად, ქართველმა მესაზღვრეებმა 2002 წლის 4 აგვისტოს გირევის სასაზღვრო-საგუშაგოსთან დააკავეს. თავდაპირველად მათ ბრალი ედებოდათ რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და ცეცხლსასროლი იარაღის ასევე უკანონო ტარებაში, მაგრამ მოგვიანებით, 2004 წლის 6 თებერვალს, თბილისის საოლქო სასამართლომ მათ ეს ბრალდებები მოუხსნა.


განსასჯელთა ინტერესებს,სახაზინო ადვოკატების ნაცვლად, არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტები იცავენ. 2002 წლის აგვისტოში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ჩეჩნების დაცვა რომ საშური საქმეა, ეს ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ადვოკატ ლია მუხაშავრიას განცხადებიდანაც კარგად ჩანს. მისი თქმით, გირევთან დაკავებული 13 კაციანი ჯგუფის ერთი ნაწილი საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო სამართლის იგნორირებით, რუსეთს გადასცა, ნაწილი კი გათავისუფლების შემდეგ სპეცსამსახურებმა გაიტაცეს:

[ლია მუხაშავრიას ხმა] “ხუთი გადასცეს რუსეთს, ორი აღმოჩნდა, რომ იყო საქართველოს მოქალაქე, ამიტომ იმათი საქმე ცალკე განიხილეს და გაამართლეს. სამი კაცი ცალკე გაასამართლა საოლქო სასამართლომ და გაათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან. აქედან ორი 16 თებერვალს გაიტაცეს რუსეთში. ერთი გათავისუფლდა და წასულია - აღარ არის საქართველოში, მაგრამ დარჩა ხუთი, რომელთა მიმართ მიმდინარეობს ამ საქმის განხილვა.”

საქმეს, რომლის შესახებაც ადვოკატი საუბრობს, უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა იხილავს. სასამართლო კოლეგიამ, მოსამართლე მერაბ ტურავას თავმჯდომარეობით, უნდა გაარკვიოს, თუ რა მოხდა 2002 წლის 4 ოქტომბრის ღამის 2 საათზე მეხუთე იზოლატორის ოთხმოცდამერვე საკანში. საქმე ის არის, რომ სწორედ ამ დღეს შეიტყვეს განსასჯელებმა მათთან ერთად დაკავებული ხუთი ჩეჩენი ტუსაღის რუსეთში ექსტრადიციის ამბავი და სწორედ ამ დღეს მოინდომა ციხის ადმინისტრაციამ დეზინფექციის ჩატარება. ტუსაღებმა ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გულწრფელობაში ეჭვი შეიტანეს და მათ საკანში შესვლის საშუალება არ მისცეს. უფლებათა დამცველის გელა ნიკოლაიშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, თუ რა ელით ჩეჩენ პატიმრებს რუსეთის ციხეებში, განსასჯელთა ამგვარი საქციელი სავსებით ლოგიკურია:

[გელა ნიკოლაიშვილის ხმა] “რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ჩეჩენი ეროვნების მოქალაქეებს, მამრობითი სქესის მოქალაქეებს, ფაქტობრივად, ყველა მათგანს, თუ არ ჩავთვლით ბავშვებსა და ღრმად მოხუცებულებს, უყურებენ როგორც ტერორისტებს.”

და მართლაც, 2002 წელს ექსტრადირებული ხუთი ჩეჩენიდან რუსეთის სასამართლომ ერთს 18, მეორეს 12 და მესამეს 8 წელი მიუსაჯა. ადვოკატი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლება ჩეჩნებთან ამგვარი დამოკიდებულებით პრეზიდენტ პუტინის გულის მოგებას ცდილობს:

[ლია მუხაშავრიას ხმა] “მე ძალიან მარტივ დასკვნას ვაკეთებ: იცვლებიან პრეზიდენტები, მაგრამ არ იცვლება პოლიტიკა. მიშას შემთხვევაშიც იმავე ბრალდების საფუძველი მაქვს, რაც შევარდნაძის შემთხვევაში.”

თუმცა ადვოკატი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა მისი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლებს. ოპტიმისტურადაა განწყობილი ერთ-ერთი განსასჯელის დედა მაკა ხანჩუკაევა:

[მაკა ხანჩუკაევას ხმა] “ვფიქრობ, რომ საქართველოში სასამართლო - მით უმეტეს, უმაღლესი სასამართლო - წნეხის ქვეშ არ არის.”

ამბობს ხანდაზმული ქალბატონი და იმედოვნებს, რომ საკასაციო პალატა სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს და ორწლიანი უსაფუძვლო პატიმრობის შემდეგ მის შვილს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG