Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის არქეოლოგიის პრობლემები


დავით პაიჭაძე, თბილისი ქალაქი თბილისი 1500 წლის რომაა, საქართველოში, ალბათ, ყველამ იცის. მაგრამ ყველამ ნამდვილად არ იცის, რომ დღევანდელ თბილისში 6 ათასი წლის წინანდელ

ნამოსახლარებსა და სამარხებს პოულობენ. ბოლო ნასახლარი სულ ახლახან გათხარეს დიღომში, დედაქალაქის შემოსასვლელში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში მდებარე ბენზინ გასამართი სადგურების წინ. ეს მიწა ორი თვის წინ შეიძინა კომპანია “დეკამ” და იქ სავაჭრო ცენტრის აშენებას აპირებდა. მიწის კანონიერი მფლობელის ინტერესისა და არქეოლოგიური აღმოჩენის ღირებულების კოლიზიამ თბილისის არქეოლოგიის მრავალი პრობლემა წარმოაჩინა. სწორედ მათ შესახებ გესაუბრებით.

ადგილს, სადაც ნასახლარი აღმოჩნდა, მეცნიერება თრელი გორების სახელით იცნობს. როცა ორი თვის წინათ მიწა ახლანდელ მფლობელს მიჰყიდეს, ხსენებულ ადგილას არავითარი სამუშაო არ იყო დაწყებული. ახლანდელმა მფლობელმა მიწა ასევე კერძო მესაკუთრისგან შეიძინა, რომელსაც თავის დროზე ის სახელმწიფომ მიჰყიდა. საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ირწმუნება, რომ მიწა სახელმწიფომ უკანონოდ გაყიდა, რადგან კარგად იცოდა მისი არქეოლოგიური ღირებულება. დღევანდელი მფლობელი, ქართულ-ჩინური კომპანია “დეკას” წარმომადგენელი თორნიკე ერგემლიძე აცხადებს:

[ერგემლიძის ხმა] “როცა ვნახეთ, რომ ძეგლი იყო, არქეოლოგიური გათხრები დავაფინანსეთ. აღმოჩნდა ნასახლარი. შეისწავლეს, ფოტოები გადაუღეს, ღირებული მასალა ამოიღეს. პრობლემა ისაა, რომ ან უნდა დაინგრეს, ან შენარჩუნდეს, რასაც მოვლა სჭირდება. მოვლისა და დაფინანსების გარეშე შეიძლება ორ კვირაში ესეც აღარ იყოს. მერია გვთავაზობს სადმე ანალოგიურ ფართს სახელმწიფოსთვის, ამის დათმობის სანაცვლოდ. ამასთან, რაკი შრომა და თანხა უკვე ჩავდეთ, ბარემ ბოლომდე ვიყოთ მეცენატები და მოვუაროთ.”

ახალაღმოჩენილი ნასახლარის ზემოთ, წმინდა ნინოს ძეგლის ახლოს, მდებარეობს თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც - არ ვაჭარბებ - ფასდაუდებელი ექსპონატები ინახება. აქ თბილისში ნაპოვნი ნივთების მხოლოდ მცირე, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილია ექსპონირებული. უამრავი ნივთი, რომელიც რესტავრირებას საჭიროებს, მუყაოს ყუთებში აწყვია. ეს ყუთები მუზეუმის ერთ დარბაზს ავსებს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თბილისის არქეოლოგიურ მუზეუმში, როგორც მისი დირექტორი მიხეილ აბრამიშვილი ამბობს, ქალაქის არც ერთი მერი არ მისულა. ეს წესი ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაარღვია. როგორც ჩანს, მუზეუმმა მასზე ქმედითი შთაბეჭდილება მოახდინა.

[ჭიაბერაშვილის ხმა] “ნამდვილად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ქალაქის კულტურული პროგრამის ისე დაგეგმვა, როგორც ახლა იგეგმება. ჩვენ უნდა გამოვკვეთოთ პრიორიტეტები და ერთ-ერთი უნდა იყოს თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი. აქ ლაპარაკი არ ეხება მარტო ჩვენს პატრიოტობასა და სურვილს, ვაჩვენოთ ჩვენი უძველესი კულტურა და ისტორია. აქ მოგების ეფექტზეც უნდა ვილაპარაკოთ. ეს ადგილი შეიძლება ვაქციოთ ქმედით ადგილად. აქ უამრავი ტურისტი მოვა და უნდა ვიფიქროთ, კარგი გაგებით, რა გავყიდოთ მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე. როცა ადამიანს ეუბნები, რომ ამ ადგილას 6 და 7 ათასი წლის წინათ ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა, ეს მას აინტერესებს.”

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ამბობს, რომ აშენების დროს თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი გათვლილი იყო დიდი საბჭოთა სახელმწიფოს რესურსებზე, რომლებიც იმპერიის დაშლისთანავე დაიშრიტა:

[ვაჩეიშვილის ხმა] “დღეს ჩვენ გვიჭირს თბილისის არქეოლოგიურ მუზეუმს მოვარგოთ კონკრეტული ბიზნესგეგმა, ვიზრუნოთ ამ ნივთების ადეკვატურ დაცვაზე, რასაც ისინი იმსახურებენ. გვიჭირს მათი ჯეროვანი პუბლიცირებაც, რაც ნივთების დაგროვების ფონზე არც ერთხელ არ მომხდარა. თავად ხედავთ, ნებისმიერ ოთახსა თუ კუნჭულში, მოსახვევსა თუ თაროზე არის ბრწყინვალე ნივთების მთელი ზვინები.”

ნიკა ვაჩეიშვილი ახალაღმოჩენილ ნასახლარს უნიკალურს უწოდებს. ეს არის დიდი ფუფუნება, ამ ხნოვანების საცხოვრისი ჩვენ არ გვაქვს და იმდენად კარგად არის შემონახული, რომ შეგვიძლია ყოფით დეტალებზეც კი ვიმსჯელოთ.

თბილისის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი მიხეილ აბრამიშვილი მიჩვენებს მუზეუმის პირდაპირ განთავსებულ რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურსა და რესტორანს. მათ უკან მდებარე 14-სართულიანი კორპუსი თურმე მას შემდეგ ააშენეს, რაც საძირკველთან აღმოჩენილი ჩვ.წ-აღ.-მდე მე-7 - მე-8 საუკუნეების სამარხი შეისწავლეს.

[აბრამიშვილის ხმა] “ამის მერე ჩვენ გვეგულებოდა არანაკლებ მდიდრული სამარხები სწორედ ამ სამარხების ირგვლივ. აი, ეს რესტორნები, ეს ბენზინგასამართი სადგურები ზუსტად, უშუალოდ იმ, სავარაუდოდ, უფრო მდიდრული სამარხების თავზეა გამართული.”

მიხეილ აბრამიშვილი არ კარგავს იმედს, რომ, სულ ცოტა, 9 ათასი წლის სამარხები მთლიანად არ მოუსპია ამ ნაგებობებს. მისი ვარაუდით, სამარხები მიწის ძალიან ღრმა ფენაში იყო და, შესაძლოა, ოდესმე დადგეს მათი აღმოჩენის დროც.
XS
SM
MD
LG