Accessibility links

რა მდგომარეობაა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე


უკრაინის პრეზიდენტობისთვის მებრძოლ კანდიდატებს ვიქტორ იუშჩენკოს და ვიქტორ იანუკოვიჩს 1 დღეზე ნაკლები რჩებათ წინასაარჩევნო აგიტაციისთვის.

უკვე 20 ნოემბერს პრეზიდენტობის კანდიდატებს ამომრჩევლებთან ურთიერთობის საშუალება აღარ ექნებათ, თუმცა არჩევნებამდე დარჩენილ ამ დღეებს თუ საათებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარა აქვს. უკრაინელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. მათი ნების გამოვლენას ახლა საფრთხეს მხოლოდ არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარების საშიშროება უქმნის.

როგორც ცნობილია, პირველ ტურში სახელისუფლებო კანდიდატმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ამომრჩეველთა ხმების 39,32 პროცენტი მიიღო, ხოლო მასზე 0,55 პროცენტით მეტი ხმები მოაგროვა ოპოზიციის კანდიდატმა ვიქტორ იუშჩენკომ. 21 ნოემბერს სწორედ მათ შორის გაიმართება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.

პირველი ტურის შედეგებმა უკრაინის ხელისუფლება აიძულა შეეწყვიტა წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა და ოპოზიციისთვის პოლიტიკური ბრძოლის უფრო მეტი საშუალება მიეცა.


”ეუთოს” და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ პირველი ტურის წინასაარჩევნო პროცესი და თავად არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა. მეთვალყურეები ახლაც აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება ამომრჩეველთა დაშინებას ცდილობს.

[ლეონიდ კუჩმა ] ”ემუქრება საფრთხე დემოკრატიას? მინდა ეს კითხვა თქვენც დაგისვათ. მთელი გულახდილობით უნდა აღვნიშნო, რომ, სამწუხაროდ, კი, ემუქრება, თუ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა არ მოთოკავს თავის ემოციებს.”

ეს იყო უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, რომლის ხელისუფლებამ ევროპის კავშირიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან საკმაოდ ნათელი და არაორაზროვანი გაფრთხილება მიიღო. თეთრი სახლის ოფიციალურ წერილში ნათქვამია:

”ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, საშუალება მისცეს თავის მოქალაქეებს, თავისუფლად აირჩიონ მომავალი პრეზიდენტი.”

ამ განცხადებაში წერია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის თხოვნით, უკრაინის არჩევნების სამეთვალყურეოდ იქ მივლინებულია სენატორი რიჩარდ ლაგარა. წერილში ასევე ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, თუმცა არადემოკრატიული არჩევნები ამ პროცესს შეაფერხებს და, პირიქით, თავისუფლად ჩატარებული არჩევნები უკრაინისთვის უფრო მეტ შესაძლებლობებს წარმოაჩენს.

ანგარიშს გაუწევს თუ არა ამ წერილს უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება, ეს არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში გამოჩნდება.

უკრაინულ საზოგადოებაში ამ მოლოდინით გამოწვეული დაძაბულობა სულ უფრო იზრდება.

მე უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიორგი ქათამაძეს ტელეფონით დავუკავშირდი და ვკითხე, თუ რა მდგომარეობაა ახლა უკრაინაში და ვის უფრო მეტი შანსი აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების. აქვე შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ფლანგი პირველი ტურის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა, რადგან იუშჩენკოს მხარი დაუჭირეს მანამდე მისმა კონკურენტებმა - სოციალისტურმა პარტიამ და მეწარმეებმა.

[გიორგი ქათამაძის ხმა] ”ძალიან გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ძალიან დიდი შანსი აქვს ოპოზიციას, რომ ეს არჩევნები მოიგოს. საკმაოდ დაძაბულია სიტუაცია, პოლიტიკური წრეები გამოსავალს ეძებენ. ”

გიორგი ქათამაძის ნათქვამს, ანუ უკრაინულ საზოგადოებაში დაძაბულობის არსებობას, ადასტურებს სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებიც.
გამოკითხულთა მხოლოდ 30-მა პროცენტმა თქვა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებს ეჭვის ქვეშ არ დააყენებენ, 41 პროცენტმა განაცხადა, რომ არ დაეთანხმებიან თავიანთი კანდიდატის დამარცხებას, 9 პროცენტმა კი ამას დაამატა, რომ საპროტესტო აქციებში მიიღებენ მონაწილეობას, თუ მათი კანდიდატი დამარცხებულად გამოაცხადეს.
XS
SM
MD
LG