Accessibility links

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 566-ე გამოშვება


წამყვანი:
ძვირფასო რადიომსმენელებო, ახლა “მეათე სტუდიაში” გეპატიჟებით და მოგასმენინებთ ვარდების რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებულ შეფასებებს. შემდეგ შევეხებით თბილისის არქეოლოგიის პრობლემებს და ვისაუბრებთ ქალი პოლიტიკოსების ბედზე დასავლეთსა და საქართველოში. შემდეგ გიამბობთ, როგორ აღმოჩნდა ვლადიმირ პუტინის ტვინი ... სილვიო ბერლუსკონის თავში. დიახ, ასეთი რამ ხდება პიესაში, რომლის ავტორია იტალიელი მწერალი, მსოფლიოში აღიარებული ხელოვანი - ნობელის პრემიის ლაურეატი! ბოლოს კი გიამბობთ ნამდვილ კინემატოგრაფიულ-მუსიკალურ ზეიმზე, რომელიც პრაღაში მცხოვრებ ქართველებს მოგვიწყეს - სამწუხაროდ წასვლა ყველამ ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ვინც იყო, დიდი შთაბეჭდილებით დაბრუნდა... პრაღიდან გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვება.

მუსიკა

წამყვანი:
ოთხიოდე დღის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება საზეიმოდ აღნიშნავს “ვარდების რევოლუციად” წოდებული მოვლენების პირველ წლისთავს. შესაძლოა, განვლილი პერიოდის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რამდენად მოახერხა ახალმა ხელისუფლებამ თავისი არაერთი დაპირების შესრულება, არამედ ისიც, თუ რამდენად შეძლო მოსახლეობის დიდი ნაწილის ნდობის შენარჩუნება რევოლუციის წლისთავისთვის. არადა, როგორც ჩვენი თბილისელი კოლეგა გიორგი კაკაბაძე აღნიშნავს, ქვეყანაში უკვე აშკარად შეიმჩნევა იმედგაცრუების ინტონაციები, რაც, ძირითადად, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებითაა გამოწვეული. მაგრამ იქნებ ასეთი დამოკიდებულება ნაჩქარევია და სინამდვილეში პროცესები ქვეყნისთვის სასიკეთოდ მიმდინარეობს? მოკლედ, რამდენად ეზეიმება საქართველოს დღეს - რევოლუციის ერთი წლისთავზე?
გთავაზობთ ამ საკითხის გარშემო გამოთქმულ ერთგვარად განსხვავებულ ზოგიერთ მოსაზრებას.

[შალამბერიძის ხმა] “ზეიმის განწყობა ყოველთვის აქვს ადამიანს. ამ ერთ წელიწადში ის მოხდა, რომ საგზაო ინსპექტორი არ დგას ქუჩაში და დადის პატრული, რომელიც წყნარად აკეთებს თავის საქმეს. საგზაო პოლიციელები, მაგალითად, პარლამენტარებსაც კი არ ინდობენ და მოსახლეობას უფრო ეხმარებიან.”

ასეთი გახლავთ პარლამენტისა და ნაციონალური მოძრაობის წევრის ალექსანდრე შალამბერიძის მოსაზრება. იგი “ფულის მახის” აღმოფხვრის კონტექსტში აღნიშნავს აგრეთვე ავტომანქანების ტექდათვალიერების გაუქმებას, პასპორტების მიღების და ქორწინების გაფორმების გამარტივებას.

პარლამენტართან საუბარში მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას შევეხე:

- მე მგონი, მაინც გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა. მაგალითად, უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს ლარის გამყარების პროცესი და ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს, პირიქით ხდება.

[შალამბერიძის ხმა] “რა თქმა უნდა, გეთანხმებით. იმ საგადასახადო სისტემაში, რომელიც აქამდე არსებობს, - და გადასახადი ძალიან მაღალია, - ეს ადამიანისთვის არის ჯიბიდან ფულის ამოცლა, ხოლო ადმინისტრირების გააქტიურებით, რა თქმა უნდა, გაძვირდა პროდუქცია. ეს ბუნებრივად მოხდა. თქვენ მართალი ბრძანდებით. საზეიმო განწყობისთვის უპირველესი მომენტი ისაა, თუ როგორ აღიქვამს ამას ადამიანი, თავისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. მას უნდა ჰქონდეს ელემენტარული კომფორტული ცხოვრების საშუალება. ამ ერთ წელიწადში, გარდა ჩემ მიერ ჩამოთვლილი საკითხებისა, რომლებიც მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, აღსანიშნავია საგადასახადო კოდექსის გამარტივება და გადასახადების შემცირება, რაც გაზრდის ადამიანის ეკონომიკურ აქტივობას. ჩემთვის ეკონომიკა არის ადამიანის ეკონომიკური მოქმედება და მეტი არაფერი.”

ალექსანდრე შალამბერიძისგან განსხვავებულად ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი შავიშვილი, რომლის შეფასებით, საგადასახადო კოდექსის პროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია:

[შავიშვილის ხმა] “მე ვფიქრობ, რომ დღეს მოქმედი საგადასახადო კოდექსი, მიუხედავად იმისა, რომ ის საზიზღრობაა, სჯობია იმ პროექტს, რაც პარლამენტშია შესული. ძალიან ბევრი პრამეტრით სჯობია.”

რაც შეეხება ლარის კურსის გამყარებას:

[შავიშვილის ხმა] “ამ კურსების თამაშით, ვთქვათ, ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებში უამრავ გადასახადს იგებს სახელმწიფო ამ კურსთა შორის სხვაობით.” (სტილი დაცულია)

ირაკლი შავიშვილი ამბობს, რომ ლარის კურსის თამაშით ზარალდება როგორც ვალუტის მყიდველი, ისე გამყიდველი:

[შავიშვილის ხმა] “და მათი წაგება სად მიდის? ცხადია, ხელისუფლებაში.”

- ბიუჯეტში თუ ჯიბეში?

[შავიშვილის ხმა] “ზოგი ბიუჯეტში, ზოგი - ჯიბეში.”

ჩვენი რესპონდენტები არ მიიჩნევს ნონსენსად იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ თანხებს ხარჯავს, ერთი მხრივ, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებზე - მათ შორის, რევოლუციის წლისთავის აღნიშნვაზე - და, მეორე მხრივ, საქართველო, როგორც ღარიბი ქვეყანა, სხვადასხვა გრანტებს იღებს დასავლური სამყაროსგან. ირაკლი შავიშვილს სხვა მომენტი აშფოთებს:

[შავიშვილის ხმა] “ის, რომ ჩვენს ბიუჯეტში უზარმაზარი ადგილი უკავია უცხოეთიდან მიღებულ დახმარებებს - გრანტებს და ა.შ., მე ეს უფრო მაშფოთებს. იმიტომ რომ ეს ხელს უწყობს გაზარმაცებას, ნაჩუქარ ფულზე და ნაჩუქარ კეთილდღეობაზე ყოფნას. უბრალოდ, პარაზიტი ხდება ადამიანი და ამ პარაზიტობიდან სანამ არ გამოვალთ, მანამდე ჩვენ კარგად ვერ ვიქნებით.”

რა გაგვიჭირდა ისეთი, რომ მთელი მსოფლიოს დასახმარებლები ვართ. მართლაც, კაბო ვერდე და ბურუნდი ჩვენზე უკეთესად თუ ცხოვრობენ, თავში გვაქვს საცემი და, ალბათ, ესეც არის.”

ირაკლი შავიშვილის მსგავსად, ალექსანდრე შალამბერიძეც უარყოფითად აფასებს ფინანსური დახმარების მიღებას, თუმცა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული არაერთი პრობლემის გამო დახმარების მიღება ამ ეტაპზე საქართველოსთვის აუცილებელია.

პარლამენტარი განვლილ ერთწლიან პერიოდს კი ასე აფასებს:

[შალამბერიძის ხმა] “პირველი ეტაპი ყოველთვის იქნება მტკივნეული - რაღაც სტაგნაციის მომენტი იქნება და შემდგომი ეტაპი იქნება უკვე წინსვლის.
ქართველ კაცს არასდროს გაუჭირდება ისე, რომ საკვები და საჭმელი არ ჰქონდეს.”

წამყვანი:
ასე გვაიმედებს პარლამენტარი ალექსანდრე შალამბერიძე მას და ეკონომიკის ექსპერტ ირაკლი შავიშვილს ვარდების რევოლუციის მოახლოებულ ერთწლიან იუბილესთან დაკავშირებით, გიორგი კაკაბაძე ესაუბრა. ლაპარაკობს “რადიო თავისუფლება”.

[მუსიკა]

თბილისის არქეოლოგიის პრობლემები

წამყვანი:
ქალაქი თბილისი 1500 წლის რომაა, საქართველოში, ალბათ, ყველამ იცის. მაგრამ ყველამ ნამდვილად არ იცის, რომ დღევანდელ თბილისში 6 ათასი წლის წინანდელ ნამოსახლარებსა და სამარხებს პოულობენ. ბოლო ნასახლარი სულ ახლახან გათხარეს დიღომში, დედაქალაქის შემოსასვლელში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში მდებარე ბენზინ გასამართი სადგურების წინ. ეს მიწა ორი თვის წინ შეიძინა კომპანია “დეკამ” და იქ სავაჭრო ცენტრის აშენებას აპირებდა. მიწის კანონიერი მფლობელის ინტერესისა და არქეოლოგიური აღმოჩენის ღირებულების კოლიზიამ თბილისის არქეოლოგიის მრავალი პრობლემა წარმოაჩინა. დავით პაიჭაძე სწორედ მათ შესახებ გესაუბრებათ.

დავით პაიჭაძე:
ადგილს, სადაც ნასახლარი აღმოჩნდა, მეცნიერება თრელი გორების სახელით იცნობს. როცა ორი თვის წინათ მიწა ახლანდელ მფლობელს მიჰყიდეს, ხსენებულ ადგილას არავითარი სამუშაო არ იყო დაწყებული. ახლანდელმა მფლობელმა მიწა ასევე კერძო მესაკუთრისგან შეიძინა, რომელსაც თავის დროზე ის სახელმწიფომ მიჰყიდა. საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ირწმუნება, რომ მიწა სახელმწიფომ უკანონოდ გაყიდა, რადგან კარგად იცოდა მისი არქეოლოგიური ღირებულება. დღევანდელი მფლობელი, ქართულ-ჩინური კომპანია “დეკას” წარმომადგენელი თორნიკე ერგემლიძე აცხადებს:

[ერგემლიძის ხმა] “როცა ვნახეთ, რომ ძეგლი იყო, არქეოლოგიური გათხრები დავაფინანსეთ. აღმოჩნდა ნასახლარი. შეისწავლეს, ფოტოები გადაუღეს, ღირებული მასალა ამოიღეს. პრობლემა ისაა, რომ ან უნდა დაინგრეს, ან შენარჩუნდეს, რასაც მოვლა სჭირდება. მოვლისა და დაფინანსების გარეშე შეიძლება ორ კვირაში ესეც აღარ იყოს. მერია გვთავაზობს სადმე ანალოგიურ ფართს სახელმწიფოსთვის, ამის დათმობის სანაცვლოდ. ამასთან, რაკი შრომა და თანხა უკვე ჩავდეთ, ბარემ ბოლომდე ვიყოთ მეცენატები და მოვუაროთ.”

ახალაღმოჩენილი ნასახლარის ზემოთ, წმინდა ნინოს ძეგლის ახლოს, მდებარეობს თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც - არ ვაჭარბებ - ფასდაუდებელი ექსპონატები ინახება. აქ თბილისში ნაპოვნი ნივთების მხოლოდ მცირე, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილია ექსპონირებული. უამრავი ნივთი, რომელიც რესტავრირებას საჭიროებს, მუყაოს ყუთებში აწყვია. ეს ყუთები მუზეუმის ერთ დარბაზს ავსებს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თბილისის არქეოლოგიურ მუზეუმში, როგორც მისი დირექტორი მიხეილ აბრამიშვილი ამბობს, ქალაქის არც ერთი მერი არ მისულა. ეს წესი ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაარღვია. როგორც ჩანს, მუზეუმმა მასზე ქმედითი შთაბეჭდილება მოახდინა.

[ჭიაბერაშვილის ხმა] “ნამდვილად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ქალაქის კულტურული პროგრამის ისე დაგეგმვა, როგორც ახლა იგეგმება. ჩვენ უნდა გამოვკვეთოთ პრიორიტეტები და ერთ-ერთი უნდა იყოს თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი. აქ ლაპარაკი არ ეხება მარტო ჩვენს პატრიოტობასა და სურვილს, ვაჩვენოთ ჩვენი უძველესი კულტურა და ისტორია. აქ მოგების ეფექტზეც უნდა ვილაპარაკოთ. ეს ადგილი შეიძლება ვაქციოთ ქმედით ადგილად. აქ უამრავი ტურისტი მოვა და უნდა ვიფიქროთ, კარგი გაგებით, რა გავყიდოთ მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე. როცა ადამიანს ეუბნები, რომ ამ ადგილას 6 და 7 ათასი წლის წინათ ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა, ეს მას აინტერესებს.”

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ამბობს, რომ აშენების დროს თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი გათვლილი იყო დიდი საბჭოთა სახელმწიფოს რესურსებზე, რომლებიც იმპერიის დაშლისთანავე დაიშრიტა:

[ვაჩეიშვილის ხმა] “დღეს ჩვენ გვიჭირს თბილისის არქეოლოგიურ მუზეუმს მოვარგოთ კონკრეტული ბიზნესგეგმა, ვიზრუნოთ ამ ნივთების ადეკვატურ დაცვაზე, რასაც ისინი იმსახურებენ. გვიჭირს მათი ჯეროვანი პუბლიცირებაც, რაც ნივთების დაგროვების ფონზე არც ერთხელ არ მომხდარა. თავად ხედავთ, ნებისმიერ ოთახსა თუ კუნჭულში, მოსახვევსა თუ თაროზე არის ბრწყინვალე ნივთების მთელი ზვინები.”

ნიკა ვაჩეიშვილი ახალაღმოჩენილ ნასახლარს უნიკალურს უწოდებს. ეს არის დიდი ფუფუნება, ამ ხნოვანების საცხოვრისი ჩვენ არ გვაქვს და იმდენად კარგად არის შემონახული, რომ შეგვიძლია ყოფით დეტალებზეც კი ვიმსჯელოთ.

თბილისის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი მიხეილ აბრამიშვილი მიჩვენებს მუზეუმის პირდაპირ განთავსებულ რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურსა და რესტორანს. მათ უკან მდებარე 14-სართულიანი კორპუსი თურმე მას შემდეგ ააშენეს, რაც საძირკველთან აღმოჩენილი ჩვ.წ-აღ.-მდე მე-7 - მე-8 საუკუნეების სამარხი შეისწავლეს.

[აბრამიშვილის ხმა] “ამის მერე ჩვენ გვეგულებოდა არანაკლებ მდიდრული სამარხები სწორედ ამ სამარხების ირგვლივ. აი, ეს რესტორნები, ეს ბენზინგასამართი სადგურები ზუსტად, უშუალოდ იმ, სავარაუდოდ, უფრო მდიდრული სამარხების თავზეა გამართული.”

მიხეილ აბრამიშვილი არ კარგავს იმედს, რომ, სულ ცოტა, 9 ათასი წლის სამარხები მთლიანად არ მოუსპია ამ ნაგებობებს. მისი ვარაუდით, სამარხები მიწის ძალიან ღრმა ფენაში იყო და, შესაძლოა, ოდესმე დადგეს მათი აღმოჩენის დროც.

დავით პაიჭაძე, რადიო" თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ქალი პოლიტიკოსების ბედი დასავლეთსა და საქართველოში

წამყვანი:
ამ ორიოდე დღის წინ ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილებამ, სახელმწიფო მდივნის თანამდებობის კონდოლიზა რაისისთვის შეთავაზების შესახებ, გულგრილი არავინ დატოვა. როგორ იმოქმედებს ეს დანიშვნა ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე და შეიძენს თუ არა მსოფლიო მეორე რკინის ლედის - ამ კითხვაზე პასუხის მოძიებას არაერთი ქვეყნის მედია ცდელობს. თამარ ჩიქოვანი ასე შორს არ წასულა. მან მხოლოდ იმის დადგენა სცადა, რატომ უჭირთ ქალებს საქართველოში პოლიტიკური კარიერის გაკეთება.

[იხ. აუდიოვერსია]

წამყვანი:
წარმოიდგინეთ ასეთი სცენა - იტალიის თავმომწონე პრემიერ-მინისტრი, მულტიმილიონერი სილვიო ბერლუნსკონი თავის დიდებულ რეზიდენციაში, სარდინიაზე მასპინძლობს საპატიო სტუმარს - რუს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. მაგრამ იდილია ირღვევა - ჩეჩენი ტერორისტების მიერ. ისინი რეზიდენციაში შეიჭრებიან, პუტინს კლავენ, ბერლუსკონის კი მძიმედ დაჭრიან. მალე ქირურგები აცხადებენ, რომ ბერლუსკონი მხოლოდ მაშინ გადარჩება, თუ მის თავში პუტინის (როგორც უკვე ითქვა, მოკლული პუტინის) ტვინს გადანერგავენ. ოჯახები თანხმდებიან და ტვინის ტრანსპლანტაციაც წარმატებით ხორციელდება...

თქმა არ უნდა, რომ ადამიანი, რომლის ფანტაზიამაც ეს სიუჟეტი შვა, წარმოსახვის უნარის ნაკლებობას არ უნდა უჩიოდეს - პუტინისა და ბერლუსკონის ლიტერატურული შერწყმის ავტორია დარიო ფო, იტალიელი მწერალი, რეჟისორი, მსახიობი, თანამედროვე თეატრის სუპერვასრკვლავი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

[იტალიელი ჟურნალისტების ხმაური, დარიო ფოს ხმა]
1997 წლის 9 ოქტომბერს, როცა ცნობილი გახდა ლიტერატურის დარგში ნობემლის პრემიის ლაურეატის ვინაობა - დარიო ფო - მილანის კარკანოს თეატრი ჟურნალისტების ალყაში მოექცა. ყველამ იცოდა, რომ იმ საღამოს თეატრში დარიო ფოც მივიდოდა, ვინაიდან მის პიესას აჩვენებდნენ” –“მკერდიან ეშმაკს”...

მაშინ მოისმინეს იტალიელებმა ფოს პირველი რეაქცია ნობელის პრემიის ლაურეატობაზე: რომ ვერც კი წარმოედგინა ასეთი წარმატება, და რომ შვეციის აკადემიამ დიდი გამბედაობა გამოიჩინა, როცა ეს დიდი პრემია მიანიჭა მას - ნობელის ისტორიაში პირველად მსახიობსა და მწერალს. მოგვიანებით, უკვე შვეციაში, ნობელის პრემიის ლაურეატის ტრადიციულ მიმართვაში, დარიო ფო ისევ ალაპარაკდა შვეციის აკადემიის გამბედაობაზე: [დარიო ფოს ხმა] “ჩემმა მეგობრებმა, ცნობილმა ადამიანებმა, ხელოვანებმა მრავალ რადიო- თუ ტელეინტერვიუში განაცხადეს, რომ “უმაღლესი ჯილდო ეკუთვნის შვეციის აკადემიის წევრებს, რომელთაც ეყოთ გამბედაობა, ნობელის პრემია ტაკიმასხარასთვის მიენიჭებინათ”. მე ვიზიარებ ამ შეფასებას”...

მაგრამ სატირული პიესა “ორთავიანი ანომალია”, რომლის სიუჟეტიც წეღან მოგიყევით და რომელიც ამჟამად ფურორებს ახდენს იტალიაში, ტაკიმასხარას ოხუნჯობაზე მეტია: ის ეხება სერიოზულ პრობლემას - პრემიერ-მინისტრ უზომო გავლენას მასმედიაზე და პოლიტიკურ ძალაუფლებას იტალიაში.

პუტინისა და ბერლუსკონის კომბინაცია გროტესკულ სურათს ქმნის: ბერლუსკონი - არაყს მიძალებული იტალიელი პაიზანო, ხეპრე, რომელიც კარატეს ილეთებს ატარებს...

ბევრს ახსოვს, რა წამოსცდა ბერლუსკონის ევროპარლამენტში, როცა გერმანელი დეპუტატის, მარტინ შულცის გამოსვლით უკმაყოფილო დარჩა: [ბერლუსკონის ხმა] “ბატონო შულც, როგორც ვიცი, ამჟამად იტალიაში იღებენ ფილმს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებზე. შევთავაზებ თქვენ თავს ზედამხედველის როლში”.

ასეთი ლაპსუსი პუტინს არ მოსვლია - ასე ხუმრობის უფლებას თავს არ აძლევს. კაგებეს ყოფილ მუშაკს თავის გაკონტროლება არ უჭირს: ტელევიზიაში მუდამ მის სერიოზულ, მკაცრ გამომეტყველებას ვხედავთ, ასეთივე შინაარსის განცხადებები გვესმის: [პუტინის ხმა] “ტერორიზმთან ამ, ჩვენთვის თავსმოხვეულ ომში ფრონტის ხაზი ნებისმიერ ქუჩაზე, ნებისმიერ სახლზე შეიძლება გავიდეს. ამ ომში არ არსებობს ნეიტრალური ზონა. და სადაც ტერორისტებს სათანადო პასუხს არ გასცემენ, იქ იქმნება მათი ბაზები და საკოორდინაციო ცენტრები”.

მკაცრი, გაუღიმარი პუტინის ტვინი იმ კაცის თავში, რომლის კარიერაც იაფფასიანი შლაგერების სიმღერით დაიწყო, რომელიც თვითკმაყოფილებას ასხივებს - ბერლუსკონის თავში. აბსურდული წარმოდგენაა.
მაგრამ სრულიად რეალურია სცენა, რომლითაც დარიო ფოს პიესა იწყება: პუტინის სტუმრობა ბერლუსკონის სარდინიის რეზიდენციაში. იტალიის პრემიერ-მინისტრმა რუს პრეზიდენტს მართლაც დიდებული მიღება მოუწყო და, სულ ცოტა ხნის წინ, ნოემბრის დასაწყისში, თავადაც იყო პუტინის სტუმარი მოსკოვში.

ბერლუსკონისა და პუტინს შორის კონტრასტი, ჰაბიტუსის თუ სტილის მხრივ, შესაძლოა, აშკარა იყოს, მაგრამ მსგავსებაც არსებობს. ორივეს შინ, ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში უდიდესი ძალაუფლება აქვს მოპოვებული, ორივე დიდწილად აკონტროლებს საინფორმაციო საშუალებებს.
როგორც იტალიაში ერთ-ერთი კრიტიკოსი აღნიშნავს, დარიო ფო თავისი პიესის წარმატებას ნაწილობრივ მაინც უნდა უმადლოდეს იტალიაში, ზოგადად, თეატრისადმი ინტერესის მატებას: კრიტიკული სულისკვეთების ნაწარმოებებს სცენაზე მეტი გასაქანი ეძლევათ, ვიდრე ტელევიზიაში, რომელსაც, პრაქტიკულად, ბერლუსკონი აკონტროლებს.

ასეა, თუ ისე, დარიო ფოს პიესა განაგრძობს ტრიუმფულ სვლას იტალიის სცენებზე - და მასში მხოლოდ “ორთავიან ანომალიად” შერწყმული პოლიტიკოსები არ არიან გაშარჟებული. ფო აბუჩად იგდებს ძლიერთა ამა ქვეყნისა, არ სჯერა მათი თავდაჯერებულობის, მათი ყალბი ღიმილისა, ათასგვარი სამიტების დროს რომ იფრქვევა. დარიო ფო აგრძელებს ტრადიციას, რომლის წარმომადგენლებიც იტალიელი რუზანტე ბეოლკო და ფრანგი მოლიერი იყვნენ: ორივე მსახიობი-მწერალი, რომელიც ხელისუფალთა ფარისევლობას ამხელდა, თან იუმორით - ისე, რომ მაყურებლებს სიცილით ხოცავდა.

დარიო ფომაც იცის, როგორ გააცინოს ხალხი - არა მარტო თეატრში. [ჩანაწერი] ახლა ისმენთ ნაწყვეტს მისი 1997 წლის მიმართვიდან ნობელის პრემიით დაჯილდოვებასთან დაკავშირებით. დარიო ფოს შვედი თარჯიმანი ახლავს, სხვა თარგმანს კი არ გთავაზობთ - სიცილის მოსმენაში ხელს შეგიშლით...

[დარიო ფოს ხმა და სიცილი]

კოტე მიქაბერიძის "ჩემი ბებია" პრაღაში... ამერიკული მუსიკის თანხლებით

წამყვანი:
ხუთშაბათს პრაღაში მცხოვრებ ქართველებს დღესასწაული მოუწყო კინოთეატრმა "ოკომ": აქაურ კინოს მოყვარულთა შორის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა, არაკომერციულმა კინოთეატრმა თავის პროგრამაში ჩართო ქართული მუნჯი კინოს შედევრი, კოტე მიქაბერიძის "ჩემი ბებია". 1929 წელს გადაღებული ეს ფილმი, რომელიც საბჭოთა კავშირში თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე აკრძალული იყო და რომლის ახალგაზრდა ავტორი ბოლშევიკებმა საერთოდ ჩამოაშორეს კინემატოგრაფს, დღეს მსოფლიო კინოს ოქროს ფონდშია შესული. თუმცა, ჩვენებაც არის და ჩვენებაც. როგორც დავით კაკაბაძისგან შეიტყობთ, პრაღაში მოწყობილი სეანსი ჩვეულებრივი სეანსი არ ყოფილა.

[მუსიკა. ბეთ კასტერი]

დავით კაკაბაძე:
კოტე მიქაბერიძეს ეს მუსიკა არ მოუსმენია. და, ცხადია, ვერც წარმოიდგენდა, რომ მისი სურათის გადაღებიდან შვიდ ათეულზე მეტი წლის შემდეგ კინოფილმ "ჩემი ბებიის" აუდიოგაფორმებას ამერიკელი მუსიკოსები ითავებდნენ. ჯგუფის ხელმძღვანელია კლარნეტისტი ბეთ კასტერი, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ კიდეც, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე ქართული მუნჯი კინოს შედევრმა ლამის მთელი შეერთებული შტატები მოიარა. ახლა კი ევროპასაც ეწვია. როგორ გაჩნდა ფილმისთვის ახალი მუსიკის დაწერის იდეა? ამ შეკითხვით კომპოზიტორსა და შემსრულებელს ბეთ კასტერს მივმართე.

[ბეთ კასტერი] "ამ იდეით სტივ საიდმა მომაკითხა, ჩემმა ნაცნობმა "Pacific Film Archive"-იდან. ეს ბერკლის უნივერსიტეტის კინოფონდია, რომელსაც შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი უმდიდრესი კოლექცია აქვს. ჰოდა, 2000 წელს ამ არქივმა მიიღო გრანტი კომპოზიტორების დასაფინანსებლად და სტივმა მითხრა, იქნებ ამ ფილმისთვის მუსიკა დაგვიწეროო. ასე, რომ, იდეა მას ეკუთვნის."

ჩვენი მშობლებისგან, ბებიებისა თუ ბაბუებისგან გაგვიგია, რომ კინემატოგრაფის გარიჟრაჟზე, როცა ხმოვანი კინო არ არსებობდა, ყველა, დიდსა თუ პატარა კინოთეატრში იდგა პიანინო, რომელსაც უჯდა ე.წ. "ტაპიორი". ეკრანზე მიმდინარე მოქმედების შესაბამისად ის ან მხიარულ მელოდიას წამოიწყებდა, ან, პირიქით, ტრაგიკულ ნოტებს ააჟღერებდა. ბეთ კასტერმა და მისმა მეგობრებმა ძველი ტრადიცია ააღორძინეს.

[მუსიკა. ბეთ კასტერი]

[ბეთ კასტერი] "15 წლის მანძილზე ვუკრავდი ანსამბლში სახელწოდებით "Club Foot Orchestra". 84 თუ 85 წელს გაგვიჩნდა იდეა, აგვეღორძინებინა კარგა ხნის მივიწყებული მეთოდი, როცა მუსიკოსები ცოცხალ აკომპანიმენტს უკეთებდნენ კინოფილმებს. სხვათა შორის, მოგვიანებით ბევრმა სხვა ჯგუფმაც მოგვბაძა და ეს ჟანრი შეერთებულ შტატებში ერთ ხანს საკმაოდ პოპულარული გახდა. მთელს ქვეყანაში ვმოგზაურობდით და ვუკრავდით ძველ მუნჯი სურათების ჩვენებებზე. თვითონაც არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მიყვარს ფილმებისთვის ცოცხალი აკომპანიმენტის გაწევა. ამ ფილმებს შორის იყო, მაგალითად, "მეტროპოლისი", "დოქტორ კალიგარის კაბინეტი", "ნოსფერატუ"... შტატებში ჩვენი ანსამბლი საკმაოდ ცნობილი იყო."

ფილმები, რომლებიც ბეთ კასტერმა ჩამოთვალა, კინოხელოვნების ნებისმიერი მოყვარულისთვის კარგად არის ცნობილი. ვინ იცის, კოტე მიქაბერიძეს "ჩემი ბებიის" შემდეგაც რომ მისცემოდა ფილმების გადაღების შესაძლებლობა, მისი სახელი დღეს ფრიც ლანგისა და რენე კლერის, ჩარლი ჩაპლინისა და ლუის ბუნუელის გვერდით მოეხსენიებინათ. ბეთ კასტერი დარწმუნებულია, რომ ასეც იქნებოდა.

[ბეთ კასტერი] "რაც უფრო მეტჯერ ვნახულობდი ფილმს, მით უფრო აღფრთოვანებული ვრჩებოდი. ამ მომენტისთვის სულ ცოტა, ასჯერ მაინც მაქვს ნანახი, მაგრამ დღესაც მეცინებოდა. გასაოცარია მონტაჟის ტექნიკა და ის უამრავი ტექნიკური ხრიკი - ანიმაციური კინოს ილეთების ხმარება იქნება თუ კომბინირებული გადაღებების მაღალი დონე - რომელსაც რეჟისორი მიმართავს. მე ვცადე, ეს ყველაფერი მუსიკალურ ენაზე გადამეტანა. საამისოდ კი, რატომღაც, ჯაზზე შევაჩერე არჩევანი. და მხოლოდ მოგვიანებით, როცა მთელი მუსიკა უკვე დაწერილი მქონდა, შევიტყე, რომ კოტე მიქაბერიძე "ექსცენტრული კინოხელოვნების ფაბრიკის", შემოკლებით "ფექსის" მოძრაობის მიმდევარი ყოფილა. ამ მოძრაობის წევრები კი ძალიან აფასებდნენ ჯაზს. ასე რომ, საინტერესო დამთხვევა მოხდა."

[მუსიკა. ბეთ კასტერი]

რა იცოდა ბეთ კასტერმა საქართველოზე, ვიდრე კოტე მიქაბერიძის "ჩემს ბებიას" ნახავდა?

[ბეთ კასტერი] "გულახდილად გეტყვით - საქართველოზე არაფერი ვიცოდი. ვიცოდი მხოლოდ, რომ ჯორჯია შტატებში იყო. ახლა ვითარება შეიცვალა. თუმცა, საქართველოს ჯერჯერობით მარტო ფოტოსურათებით ვიცნობ. ძალიან მაინტერესებს ამ ქვეყანაში ჩასვლა და მისი გაცნობა. მაგრამ განსაკუთრებით მინდა, ქართველ ხალხს ქართული ფილმი ჩავუტანო, უფრო სწორად, მათ ეს ფილმი ამერიკული მუსიკით გაფორმებული "დავუბრუნო"...

[მუსიკა. ბეთ კასტერი]

წამყვანი:
და სანამ ბეთ კასტერი ამ სურვილს აისრულებდეს, შეგიძლიათ, ახლა მისი ნამუშევრის ფრაგმენტს მაინც მოუსმინოთ. ასეთი ჰანგები ახლავს კოტე მიქაბერიძის სატირულ ფილმს ბიუროკრატიაზე. ამასობაში კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. ყოველკვირეული რადიოჟურნალი "მეათე სტუდია" პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და მარიამ ჭიაურელმა. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. პრაღის სტუდიიან მარიამ ჭიაურელი გემშვიდობებათ. ლაპარაკობს რადიო "თავისუფლება".

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG