Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპასთან ასტრონომიულმა დაახლოებამ ქართული ეკონომიკა უკვე აზარალა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას პოლიტიკოსები ისევ ამნისტიის შესახებ კანონზე კამათობდნენ, ზამთრის დროზე გადასვლის ავკარგიანობას არჩევდნენ და „ვარდების რევოლუციის“

წლისთავისათვის ემზადებოდნენ.

საგადასახადო და ფინანსური ამნისტიის კანონპროექტის ირგვლივ დისკუსიები არც გასულ კვირას განელებულა. კვლავინდებურად ძალაში რჩება კანონის სხვადასხვა ოპონენტების სხვადასხვა, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი, პრეტენზიები. კამათს ისევ და ისევ იწვევს ის, თუ ვის უნდა შეეხოს შეწყალება და უნდა აპატიონ თუ არა სახელმწიფო ჩინოვნიკებს მათ მიერ წინა წლებში ჩადენილი კორუფციული გარიგებები. გასულ კვირას ამ თემასთან დაკავშირებით ოპონენტების ერთ ჯგუფსა და მთავრობას შორის გარკვეული კომპრომისი გამოიკვეთა. საუბარია ჩინოვნიკთა წრის განსაზღვრაზე, რომლებზეც კანონი აღარ გავრცელდება. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ამ ტიპის კორუფციონერების ოდენობა და პერსონალიებიც მეტ-ნაკლებად დადგენილი აქვთ. ყოველ შემთხვევაში, სახელისუფლებო კულუარებში რაღაც სიაზე ალაპარაკდნენ. პერსონალიების გამოკვეთაზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძეც, რომელსაც, ზოგადად, ამნისტიის აუცილებლობა უალტერნატივოდ მიაჩნია.

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ყველა უნდა გავასამართლოთ, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რეალურად ეს შეიძლება იყოს ასობით ათასი ადამიანი, ან უნდა გამოვაცხადოთ რაღაცნაირი ამნისტია და ამ ამნისტიაში შეიძლება გამოვყოთ ის ხალხი, რომელსაც ეს არ ეხება.”

რა ნიშნით შეარჩევს ხელისუფლება განსაკუთრებულად კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და რა ფორმით გამოქვეყნდება და, რაც მთავარია, რა ფორმით დაკანონდება ეს სია, ამის შესახებ ჯერ არ საუბრობენ და, შესაბამისად, ამ საკითხის ირგვლივ, ალბათ, დისკუსიების ახალ ტალღასაც უნდა ველოდეთ.

გასულ კვირასვე საინტერესო მოვლენებს ჰქონდა ადგილი ფინანსთა სამინისტროსთან დაკავშირებით. ზურაბ ნოღაიდელის უწყებით, კერძოდ კი, სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების თემით, სამართალდამცავები დაინტერესდნენ. ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. პრესა ვარაუდობს, რომ სამართალდამცავები საფინანსო უწყებას სახაზინო ვალდებულებების ემისიის მართლზომიერებაში ედავებიან, ანუ პრეტენზია იმის მიმართ არის, თუ რატომ სესხულობს ნოღაიდელი ფულს, მაშინ როდესაც ბიუჯეტი ისედაც ”გადავსებულია”. თავად ფინანსთა მინისტრი კი კომენტარებში პრინციპული და ლაკონიურია:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ფინანსური პოლიტიკა ჩემი კომპეტენციაა ამ ქვეყანაში და სანამ მე ვარ ფინანსთა მინისტრი, მე განვსაზღვრავ ფინანსურ პოლიტიკას.”

კვირის ბოლოს ამ თემის განხილვის სიმწვავე განელდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრემიერმა თავისი პოზიცია დააფიქსირა. ჟვანიამ თავისი თანაგუნდელი ნოღაიდელი დაიცვა. იგი ფინანსთა სამინისტროს მოღვაწეობით სამართალდამცავების დაინტერესებასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ხელოვნურს უწოდებს, თუმცა თავად ფაქტს, რომ შსს ფინანსთა სამინისტროში რაღაცით დაინტერესდა, არ უარყოფს. პრემიერის ინფორმაციით, სამართალდამცავები ფინანსთა სამინისტროსა და ბანკების ურთიერთობით დაინტერესდნენ და საკითხის შესწავლის შემდეგ ისინი შესაბამის დასკვნებს გააკეთებენ. ჟვანია აქვე საფინანსო უწყებისა და მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის განსაკუთრებულ როლსა და წვლილზე საუბრობს. ,,ფინანსთა სამინისტრო არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამინისტრო მთავრობაში. ყველაფერი, რაც დღეს კეთდება, - დავალიანებების, პენსიების და ხელფასების გაცემა, უკლებლივ ყველა სოციალური პროგრამის განხორციელება, - პირველ რიგში, არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებმაც დაამყარეს სრული წესრიგი საქართველოს ფინანსებში. ფინანსთა მინისტრი პირადად არის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე", - აცხადებს პრემიერი, რომლის ამ კომენტარის შემდეგ თემის განხილვა მედიაში დროებით შეჩერდა.

საათი საქართველოსათვის, ქრონომეტრაჟის განსაზღვრის გარდა, ბოლო პერიოდში სიმბოლურ დატვირთვას იძენს. თბილისის მერისათვის ერთ-ერთი რაიონის გამგებლის მიერ გაკეთებული ძვირფასი ძღვენის შემდეგ გასულ კვირას საათი, ოღონდ ამჯერად ასტრონომიული, კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ევროპასთან საათობრივი სარტყლით მიახლოების სურვილმა საკმაო პრობლემები შეგვიქმნა. წმინდა ფიზიოლოგიურ-ფსიქოლოგიურთან ერთად, ეს პრობლემები, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ მატერიალიზებადია და ცალკეულმა მეწარმეებმა მიღებული ზარალის დათვლაც კი შეძლეს. საათის უკან გადაწევის თაობაზე და ამის გამო შექმნილ დისკომფორტზე გასულ კვირას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე აქტიურობდა. ევროპასთან ასტრონომიულად დაახლოების გამო, საქართველოში გვიან თენდება და მეტისმეტად ადრე ღამდება. პერმანენტული ენერგოკრიზისის ქვეყანაში ეს, მართლაც, სერიოზულ დისკომფორტს და, რაც მთავარია, მატერიალურ ზარალს ქმნის. რომან გოცირიძე საათის უკან, ზაფხულის დროზე, დაბრუნებისათვის მზად არის წინა წლებში ამ საქმეში გაწაფულ ექს-დეპუტატს ზურაბ მურვანიძესაც უხმოს დასახმარებლად. მეტი ეფექტურობისათვის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურვანიძეს პროტესტის ორიგინალურ ფორმასაც სთავაზობს:

[რომან გოცირიძის ხმა] „არგუმენტი ყოველთვის არის რაღაც ასტრონომიული. მაგრამ არგუმენტი უნდა იყოს არა ასტრონომიული კანონზომიერების აღდგენა, არამედ ის, თუ რამდენად გაუმჯობესდება ჩვენი მოსახლეობის ყოფითი პირობები. ჩვენთან სულ სხვა ტრადიციაა და სულაც არა მგონია, ეს ცუდი იყოს. რა მნიშვნელობა აქვს, როდის დაიწყებ მუშაობას? მთავარია, როდის დაამთავრებ. მე ბატონ ზურაბს ვურჩევ, რომელიც კარგად არის ჩახედული ამ საქმეებში, ყოფილ დეპუტატს ზურაბ მურვანიძეს, წინათ მან პირი აიხვია და, ასე ვთქვათ, დუმილით გამოთქვა თავისი პროტესტი, ახლა ხმაურით გამოთქვას თავისი სურვილი – მოიტანოს მაგნიტოფონი, ჩართოს სიმღერა „ვაი, ვეღარ ვხედავ მზეს“ და, დარწმუნებული ვარ, რომ დეპუტატების დიდი უმრავლესობა აჰყვება მას ამ ჰანგების შესრულებაში.“ (სტილი დაცულია)

ამ სახუმარო მოწოდებების მიუხედავად, ასტრონომიული სიახლოვე ევროპასთან განსაკუთრებით ენერგეტიკოსებს აშფოთებთ. ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ახალ დროზე გადასვლის შემდეგ პიკურ საათებში ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა, რაც, არსებული დეფიციტის პირობებში, უფრო ამძიმებს მდგომარეობას.

ამ დისკუსიებში გასულ კვირას ზურაბ ჟვანია ჩაერია.
საათის უკან გადაწევით ევროპის დროსთან მიახლოების საკითხის გადახედვა პრემიერსაც მიზანშეწონილად მიაჩნია.

ამ საკითხის მიმართ საზოგადოების უმრავლესობის დამოკიდებულებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა საჯარო გამოსვლების მიხედვით უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში დრო ცოტა ხანში ”სტატუს-კვოს” აღიდგენს და საათის ისრის კიდევ ერთხელ - ოღონდ ამჟამად წინ - გადაწევა მოგვიწევს. რას ვიზამთ, როგორც ჩანს, ევროპამდე ჯერ კიდევ შორია, ყოველ შემთხვევაში, ასტრონომიულად მაინც.
XS
SM
MD
LG