Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გეგმავს თუ არა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ტერაქტებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 5 ნოემბერს სოჭში მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია 20 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო. თუმცა,

კონფლიქტების მოგვარების სფეროში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას გულწრფელი აღიარებით, ამ ვადებში განიარაღება არარეალურია. მეტიც - ბოლო დღეებში ქართული მხარის განცხადებებით, თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან დამატებითი იარაღი შედის.

სანამ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული კომისიის თანათავმჯდომარეები ვლადიკავკაზში კონფლიქტის ზონის განსაზღვრაზე მსჯელობდნენ, თბილისში რამდენიმე შემაშფოთებელი განცხადება გაკეთდა. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურები ოსი ეროვნების ადამიანებისგან დივერსანტების ჯგუფებს ქმნიან საქართველოს ენერგოგადამცემი ხაზების ასაფეთქებლად. იგი ამ ჯგუფების ქმედების შესაძლო ადგილებსაც ასახელებს - შიდა ქართლს და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას, სადაც რამდენიმე აფეთქება იგეგმება.
ამ განცხადების სერიოზულობის გათვალისწინებით, იგი 19 ნოემბერს უშიშროების საბჭოზეც განიხილეს. თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე აცხადებს:
[ გიორგი ბარამიძის ხმა] „ ეს ინფორმაცია გადამოწმდება. ეს უშიშროების სამინისტროს კომპეტენციაა და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.“
პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს იმედი აქვს, რომ ამ განცხადებას რუსული მხარე რეაგირების გარეშე არ დატოვებს:
[ ნინო ბურჯანაძის ხმა] „გივი თარგამაძის განცხადებასთან დაკავშირებით სერიოზულად ვიმსჯელეთ. მიეცა დავალება შესაბამის სამსახურებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მოიპოვონ. ცხადია, ინფორმაცია ძალიან შემაშფოთებელია. იმედი მაქვს, მას ყურადღებას მიაქცევენ რუსეთშიც რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების პირები და მაქსიმალურად მიიღებენ ზომებს, რომ არ მოხდეს ის, რაზეც ბატონმა გივიმ ისაუბრა.“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იმედი არ გამართლდა: რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებაზე არავითარი რეაგირება არ ყოფილა. სამაგიეროდ, 20 ნოემბერს გავრცელებული ცნობებით, რუსეთის სათათბიროს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საქმეების კომიტეტმა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს დაავალა მოითხოვონ ინფორმაცია აფხაზეთში შექმნილ კრიტიკულ ვითარებასა და რუსეთის ქმედებებზე ამ რეგიონში.
XS
SM
MD
LG