Accessibility links

კულტურული მიმოხილვა


“ვარდების რევოლუციის” წლისთავზე, 23 ნოემბერს

თბილისში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, დაგეგმილია პარლამენტის წინ ეროვნული ერთიანობის მონუმენტის გახსნა. შეგახსენებთ, რომ საუკეთესო პროექტის გამოსავლენი კონკურსი-გამოფენა ჯერ კიდევ მაისში გაიმართა სურათების ეროვნულ გალერეაში. კონკურსში 102-მა მოქანდაკემ მიიღო მონაწილეობა. ჟიურიმ, რომელსაც გია ბუღაძე ხელმძღვანელობდა, საუკეთესოდ ცნო ერთდროულად ორი ნამუშევარი – არქიტექტორ კახა ქორიძის პროექტი და ძმები ჩხაიძეების ძეგლი. ორი პროექტის გაერთიანების იდეამ, ისევე როგორც 9 აპრილის ხსოვნის მემორიალის “გადაქცევამ” ეროვნული ერთიანობის მონუმენტად, საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. განსაკუთრებით გაცხარდნენ დამარცხებულები. კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ, 26 მაისს, მოქანდაკეებმა იქვე, სურათების ეროვნულ გალერეაში, თავიანთი პროექტების ფონზე გამართეს პრესკონფერენცია.

[მერსი ბარქაშის ხმა]“ხელები შეკრული გვაქვს ამით, მონუმენტს ითხოვთ და დიზაინს იღებთ. რა ჰქვია ამას? მონუმენტი მე მესმის, ამ კაცსაც ესმის, მაგრამ, ეტყობა, მარტოა... რა არის მონუმენტი? მოქანდაკეებთან გაქვთ საქმე, იცოდეთ... ვარდებით მოხვედით, მაგრამ შეიძლება პანღურ-პანღურ გაგიშვათ.”

დამარცხებულმა მოქანდაკეებმა დაინახეს, რომ “ვარდებით მოსული” ხელისუფლება კულტურული პოლიტიკის შეცვლას ცდილობდა – მონუმენტალიზმსა და, შესაბამისად, არაადამიანური მაშტაბების ძეგლებსა და პათეტიკაზე უარს ამბობდა, ქანდაკებას – დიზაინით ცვლიდა... მერე რა, რომ, ხელისუფლების ახალი კულტურული პოლიტიკის თანახმად, დროშა – სახელმწიფო თუ საეკლესიო - შეიძლება “ახალი დიზაინის” განუყოფელ ნიშნად იქცეს (რასაც მაყურებელი ყოველ კვირას ხედავს საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით, სვეტიცხოვლის ეზოში გადაღებულ “პოლიტიკურ-რელიგიურ ტოკ-შოუში”, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის დედას მიჰყავს)... დროშებს, მით უფრო, როცა დროშებს ქარი აფრიალებს, მრავალფეროვნება შემოაქვს ახალ ქართულ “კულტურულ დიზაინში”. მონუმენტური ძეგლი კი მეტისმეტად რუხია იმისთვის, რომ მომავლის რწმენა განამტკიცოს ხალხში, დაგვაჯეროს, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ყველაფერი “კარგად მიდის” ქვეყანაში.

[ავთანდილ ვარსიმაშვილის ხმა] “მონუმენტური არ იქნება, მაგრამ დინამიკური იქნება.... გოგი მესხიშვილის ესკიზებში ყველაფერი ძალიან ლამაზია.”

ეს – ავთანდილ ვარსიმაშვილია. რეჟისორი, რომელმაც დადგა საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია – მკაცრი, მაგრამ “არამონუმენტური”... “თავისუფალი თეატრისა” და გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გვპირდება, რომ “ვარდების რევოლუციის” წლისთავი ძალიან სანახაობრივი და დინამიკური იქნება...

“დინამიკური” უნდა იყოს, რა თქმა უნდა... 22 და 23 ნოემბერს ხომ თბილისში უამრავი კულტურული ღონისძიების ჩატარებაა დაგეგმილი... ამ ღონისძიებებს კი საქართველოს პრეზიდენტი უნდა დაესწროს, უფრო სწორად, პრეზიდენტმა უნდა მოასწროს ყველა ღონისძიებაზე დასწრება. პირველ რიგში კი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე, რომელსაც ასევე ავთანდილ ვარსიმაშვილი დადგამს.

[ავთანდილ ვარსიმაშვილის ხმა] “22-ში იქნება ნაციონალური მოძრაობის ყრილობა... სპორტის სასახლეში, რომელსაც მე ვაკეთებ. ამ ყრილობაზე პარტია ახალი სახით წარდგება – უნდა დაფიქსირდეს მმართველი პარტიის კონსოლიდაცია... გადაწყვეტილი მაქვს, იყოს თბილისის ჯაზ-ბენდი და ძალიან პატარა, იუმორში – რაც უჩვეულოა ყრილობებისთვის – გათამაშებული იქნება ნაციონალური მოძრაობის ისტორია.”

“იუმორში” ყველაფერი არ იქნება გათამაშებული... 23 ნოემბერს სხვა ჟანრის ღონისძიებასაც ვიხილავთ – ეროვნული ერთიანობის მონუმენტის გახსნას პარლამენტის წინ.

[ავთანდილ ვარსიმაშვილის ხმა] “იქ იქნება აკადემიური და ცოტა სევდიანი, მაგრამ ძალიან პატარა ღონისძიება. არ იქნება კონცერტი, არ იქნება გაუთავებელი მიტინგი... გამოვა პრეზიდენტიც, ნინო ანანიაშვილი, პაატა ბურჭულაძე, ბავშვთა გუნდი... მინდა, რომ იქ გაჩნდეს სევდა...”

მიუხედავად იმისა, რომ “ვარდების რევოლუციის” ეპიცენტრად პარლამენტის წინა მოედანი მოიაზრება, 23 ნოემბერს მთავარი კულტურული სანახაობა მერიასთან უნდა გაიმართოს. თუმცა ღონისძიების რეჟისორი აქაც მნიშვნელოვან ცვლილებას გვპირდება – “ვარდების რევოლუციას” დოკუმენტური თეატრის პრინციპით გააცოცხლებენ... სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისტორია და პოლიტიკა გაცოცხლდება, როგორც თეატრი და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ ყველაფერი თეატრია, მათ შორის, რევოლუციაც:

[ავთანდილ ვარსიმაშვილის ხმა] “ჩვენთან არ ყოფილა, საქართველოში, ე.წ. დოკუმენტური თეატრი... მე მინდა, დოკუმენტური თეატრის პრინციპით გავაცოცხლო 21, 22 , დღე “ვარდების რევოლუციის” - დაწყებული 31 ოქტომბრიდან, 23 ნოემბრის ჩათვლით... მონაწილეობას მიიღებენ “თავისუფალი თეატრის” მსახიობები. თანაც ისე არა, რომ დავდგა სცენა და ისე ვითამაშოთ. მოვიფიქრეთ გოგი მესხიშვილთან ერთად, რომელიც ამ ღონისძიების მხატვარია, რომ იყოს არა სცენა, არამედ გამოყენებული იყოს მერიის შენობა, მისი ფანჯრები, აივნები... მოედანზე იდგება მონიტორები, სადაც ნაჩვენები იქნება ქრონიკა.”

“ვარდებით მოსულმა” ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, არამარტო “დიდი ძეგლების” მოყვარული მოქანდაკეები გაანაწყენა. რევოლუციის წლისთავზე თავისებურად დაისჯებიან ქართული ესტრადის ის ვარსკვლავები, რომლებმაც ერთი წლის წინ, როცა ხალხი წვიმაში იდგა და შევარდნაძის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდა, სიმღერაზე უარი თქვეს. 23 ნოემბერს იმღერებს მხოლოდ ის, ვინც ერთი წლის წინ მღეროდა.

[ავთანდილ ვარსიმაშვილის ხმა] “საკმაოდ პომპეზური და შთამბეჭდავია ფინალი და ფინალის შემდეგ დაიწყება ეგრეთ წოდებული “წვიმის მუსიკოსების” როკ-აქცია, რომელიც მთელი ღამის მანძილზე გაგრძელდება... მათ დაიმსახურეს, რომ მხოლოდ მათ დაუკრან და სხვებმა არ მიიღონ მონაწილეობა, რაც არ უნდა ეწყინოთ, თუმცა მე უკვე შევეჩვიე იმას, რომ მაინცდამაინც გულზე არ ვეხატები ამ ესტრადის მომღერლებს.”

ავთანდილ ვარსიმაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 23 ნოემბერს ყველაფერი “დინამიკურად” განვითარდება, “სტილის აღრევა” აბსოლუტურად გამორიცხულია. რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში იგი გვპირდება, რომ 23 ნოემბრის კულტურულ-მასობრივ ღონისძიებაზე საზოგადოება დაინახავს – საბჭოთა ესთეტიკა წარსულს ჩაბარდა, ამიერიდან ფონი და წინა პლანი, სცენა და კულისები, სცენა და მაყურებელი გაერთიანდება...

[ავთანდილ ვარსიმაშვილის ხმა] “მე არ მინდა, რომ იყოს ისეთი კონცერტი, რომელსაც შეჩვეულები ვართ, როცა მაყურებელმა წინდაწინ იცის, ვინ გამოვა. მე ვფიქრობ, რომ ეს ტრადიცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინგრეს... როცა ჯერ ცეკვაა, მერე სიმღერა, მერე ბალეტი, ესტრადის მომღერლები, რომლებიც... უბრალოდ, შეურაცმყოფელია. ასეთი აღრევა სტილის, რაც ხდება ხოლმე ჩვენს კონცერტებზე, მე მგონი არსად ხდება. ესაა საბჭოთა სინდრომი... ვერ ვიტან დასანახავად, როცა გამოდის ესტრადის მომღერალი და უკან კორდებალეტი იწყებს სასაცილოდ ცეკვას, ასეთი ტიპის კონცერტი არ იქნება.”

23 ნოემბერს მაყურებელი კულტურული ღონისძიების უშუალო თანამონაწილე უნდა გახდეს. ე.ი. ყოველი ჩვენგანი უნდა დარწმუნდეს, რომ ისტორიას თვითონ ქმნის და რაღაც, თუნდაც უმნიშვნელო, როლს ასრულებს “ისტორიის თეატრში” – დარი იქნება თუ ავდარი, სულ ერთია.


[ავთანდილ ვარსიმაშვილის ხმა] “წვიმა თუ მოვიდა, ტექნიკოსები ამბობენ, რომ ტექნიკა გამოვა წყობიდან და ეს იქნება დამღუპველი.”

23 ნოემბერს შეიძლება არ იწვიმოს. შარშანაც ხომ ასე იყო – წვიმდა, წვიმდა და მერე მზემ გამოანათა. ამის შემდეგ საქართველოში არაერთი ისტორიული თარიღი ვიზეიმეთ. ფერად-ფერადი დროშებიც ვაფრიალეთ – ღვთის მადლით, ამ ზეიმებზე სულ ქარი უბერავდა.... და სწორედ ის მუსიკოსები ვამღერეთ, შარშან, 23 ნოემბერს, სადღაც რომ გადაიმალნენ. შეიცვლება თუ არა რამე ქართულ კულტურაში 23 ნოემბრის შემდეგ? “დამღუპველი” იქნება თუ არა კულტურა – წვიმისა და ქარის ფონის გარეშე, ამას სულ მალე შევიტყობთ. “აღდგომა და ხვალეო” ან “გიორგობა და ხვალეო”.
XS
SM
MD
LG