Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განმეორდება თუ არა ქართული სცენარი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ?


თბილისში ეგრეთ წოდებული ”ვარდების რევოლუციის” წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან, კიევში, უკრაინის დედაქალაქში კი, მოვლენების ”ვარდების რევოლუციის”

სცენარით განმეორებას მოელიან. იქ კვირას, 21 ნოემბერს, ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები იმდენად განსხვავებული აღმოჩნდა რეალობისგან, რომ ოპოზიციამ და, შესაბამისად, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ქუჩაში გამოსვლა გადაწყვიტა.

[ისმის დემონსტრაციის ხმა]

ასიათასობით უკრაინელი ამომრჩეველი ასეთი აქტივობით ცდილობს საკუთარი ხმის დაცვას, ისევე როგორც ამას აკეთებდნენ ქართველი ამომრჩევლები 1 წლის წინ, “ვარდების რევოლუციის” წინა პერიოდში. კიევში, თავისუფლების მოედანზე, საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ვიქტორ იუშჩენკოს მომხრეები შუაღამით შეიკრიბნენ და მანამ არ აპირებენ დაშლას, სანამ ხელისუფლება არჩევნების რეალურ შედეგებს არ გამოაქვეყნებს.

[ვიქტორ მირონენკოს ხმა] ”მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ, თუმცა არა სრული მოცულობით, მაგრამ მაინც ხორციელდება ქართული ვარიანტი. საქმე იმაშია, რომ, იუშჩენკოს შტაბის მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, იუშჩენკო 10 პროცენტზე მეტი უპირატესობით ლიდერობს. ეს ასეა ჩემი სუბიექტური შეფასებითაც - უფრო მეტი ხმები იუშჩენკომ მოაგროვა.”

ეს იყო ვიქტორ მირონენკო, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევროპის ისტიტუტის ექსპერტი.
მისი მოსაზრებისა და რამდენიმე სოციოლოგიური გამოკითხვის თუ პარალელური დათვლის შედეგების საწინააღმდეგოს ამტკიცებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია. კომისიის მიერ 22 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 3 - პროცენტიანი სხვაობით, სახელისუფლებო კანდიდატი ვიქტორ იანუკოვიჩი ლიდერობს. მას, ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა 49,5 პროცენტმა მისცა ხმა, ხოლო ოპოზიციის კანდიდატს ვიქტორ იუშჩენკოს ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 46,7 პროცენტი ერგო.

ამ შედეგების არარეალურობას არა მარტო იუშჩენკო ამტკიცებს, არამედ უამრავი საერთაშორისო მეთვალყურე თუ ექსპერტიც.


ამაზე მეტყველებს რადიო “თავისუფლების” კიეველი თანამშრომლის სერგეი გრაბოვსკის კომენტარიც. მან ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ შემუშავებული სცენარის მიხედვით, არჩევნების საბოლოო და ოფიციალური შედეგები 22 ან 23 ნოემბერს უნდა გამოცხადდეს:

[სერგეი გრაბოვსკის ხმა] ”და შედგება ხელისუფლების სწრაფი გადაცემა ლეონიდ კუჩმასა და ვიქტორ იანუკოვიჩს შორის. ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სცენარი მთლიანად სრულდება - მათ შორის, ისეთი მეთოდებით, - და დონბასში ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა, - როდესაც საარჩევნო უბნებში ამომრჩევლის გამოცხადება 100 პროცენტზე მეტია. ჯერჯერობით რეკორდი 104,5 პროცენტია.”

ამომრჩეველთა არჩევანის ამ და სხვა მეთოდებით ფალსიფიცირებისგან დასაცავად ოპოზიციის ლიდერი იუშჩენკო უკრაინულ საზოგადოებას ბრძოლის მშვიდობიანი მეთოდებისკენ, ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. თუ კიეველებს ამაში ხელს ვერავინ უშლის, დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან უკრაინის რეგიონებიდან დედაქალაქისკენ მიმავალი ამომრჩევლები.

ისევე როგორც 1 წლის წინ საქართველოში, პოლიცია მათაც არ აძლევს დედაქალაქში შესვლის საშუალებას. პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის მომხრე რუსი პოლიტიკოსები კი ირწმუნებიან, რომ უკრაინაში ქართული სცენარი არ განმეორდება:
[კონსტანტინ ზატულინის ხმა] ”ჩემი აზრით, ვიქტორ იუშჩენკო არჩევნებში მარცხდება, მაგრამ ის მზად არ არის ეს აღიაროს. მე არ ვურჩევ ოპოზიციას, იფიქროს, რომ ყველა ხელისუფლება მზადაა, როგორც საქართველოში, წავიდეს უკანა გასასვლელიდან.”

ზატულინტან ერთად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის 500 კაციანმა სამეთვალყურეო მისიამ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები, მიუხედავად მცირედი დარღვევებისა, ლეგიტიმურად გამოაცხადა. განსხვავებულად ფიქრობს ეუთო, რომელიც არჩევნებს არადემოკრატიულად მიიჩნევს. მასთან ერთად არჩევნებს აკვირდებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციაც. ამ ორგანიზაციაში უკრაინის გაერთიანება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების ობიექტურ და დემოკრატიულ შედეგზე.
XS
SM
MD
LG