Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისელები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის შესახებ


დელეგატებისაგან განსხვავებით, სპორტის სასახლეში გამართული ყრილობის მიმართ არაერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება აქვთ რიგით თბილისელებს.

ზოგიერთი მათგანი ორი პარტიის - “ნაციონაური მოძრაობისა” და “გაერთიანებული დემოკრატების” - შერწყმაში ქვეყნის მომავალი წარმატების საწინდარს ხედავს; ზოგს, მიუხედავად ინტენსიური სარეკლამო კამპანიისა, ყრილობის შესახებ არაფერი სმენია. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც სიტყვა “ყრილობის” ხსენებაზე საბჭოთა კავშირი ახსენდებათ და მსგავსი მასშტაბური ღონისძიებების ეფექტურობაში ეჭვი ეპარებათ.

უახლოესი ისტორიის განმავლობაში საქართველოში გრანდიოზული მასშტაბის პარტიულ ყრილობებს ჯერ კომუნისტური პარტია, შემდეგ კი “საქართველოს მოქალაქეთა კავშირი” მართავდა. გათელილი გზიდან გადახვევა, როგორც ჩანს, არც მოქმედი მმართველი პარტიის ლიდერებმა ისურვეს და პარტიის პირველი ყრილობა ხელისუფლებაში მოსვლის ერთი წლისთავს დაამთხვიეს. თუმცა ოფიციალურად სპორტის სასახლეში შეკრების მიზეზად “გაერთიანებული დემოკრატებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” შერწყმა დასახელდა. რას ელის ხალხი ამ ორი პარტიის სიმბიოზისაგან?

[ქალბატონის ხმა] “შეჯამება იქნება, ალბათ, იმისი, რაც ერთი წლის განმავლობაში უნდა გაკეთებულიყო და რის პირობაც მოგვცა ჩვენმა პრეზიდენტმა. ალბათ, ამის თაობაზე იქნება შეკრება.”

[ქალბატონის ხმა] “ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. პესიმიზმი უნდა გამოვრიცხოთ.”

[გოგონას ხმა] “არა, არ ვიცი, ყრილობის შესახებ არაფერი არ ვიცი.”

[ქალბატონის ხმა] “ვიცი, რომ ნაციონალები და დემოკრატები გაერთიანებას აპირებენ. ალბათ, უფრო შეთანხმებულები იქნებიან. ორივე მხარე დათმობს პოზიციებს. ერთობა, ხომ გაგიგიათ, უფრო უკეთესია.”

ერთობა შეიძლება, მართლაც, უკეთესი იყოს, მაგრამ თბილისელთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პომპეზური ყრილობებით, გაუთავებელი თათბირებით, შეკრებებითა და დაუსრულებელი სარეკლამო კამპანიით საქმე ვერ გაკეთდება:

[მამაკაცის ხმა] “ყრილობისგან მე არაფერს არ ველოდები. ყრილობა ბევრი ჩატარებულა საქართველოში და საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მაგრამ არაფერი მოუცია. ნათელი მომავალი - ისე როგორც სამღვდელოება, სამოთხეში ცხონდებითო, ასევე გვეუბნებიან ეგენიც და ეგ არ მწამს მე. არა, ვერ დავიჯერებ მე. ყრილობა არაფერს მოგვცემს. საქმე. არც ერთი წარმოება არ ამუშავებულა, არც ერთი ქარხანა არ ამუშავებულა. ყრილობა არის ზედმეტი. რაც ნაკლებ თათბირებს და ყრილობებს ჩავატარებთ, მით უფრო უკეთესია.”

ყრილობამ პარტიის ხელმძღვანელობაც აირჩია. მიხეილ სააკაშვილის გარდა, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მომავალ ყრილობამდე გიორგი არველაძე, დავით კირკიტაძე, გოჩა კუპრავა და მიხეილ მაჭავარიანი გაუძღვებიან. რა იციან თბილისელებმა მმართველი პარტიის ახალ ლიდერებზე?

[ქალბატონის ხმა] “არველაძე კარგი, ჭკვიანი ბიჭია. გამოხატული ნაციონალისტია!”

[მამაკაცის ხმა] “სააკაშვილის გარდა, არც ერთი გვარი არაფერს არ მეუბნება, იმიტომ რომ ყველა გასვრილივით არის რაღაც-რაღაცეებში.”

[ქალბატონის ხმა] “კირკიტაძე როგორ არ ვიცი, ჩემი უბნელია, ვარკეთილელია. სხვათა შორის, ჩემი გოგონას კლასელია. კარგი ადამიანია, პატიოსანი ოჯახის შვილი.”

სპორტის სასახლეში გამართულმა გრანდიოზულმა პარტიულმა შეკრებამ ბევრ თბილისელს საბჭოთა პერიოდის პარტიული ყრილობები მოაგონა. ერთმა ქალბატონმა ჩემთან საუბარში ისიც კი ბრძანა, მავნე ჩვევის მოშლას წლები სჭირდებაო:

[ქალბატონის ხმა] “ამას დრო უნდა, უცბად ვერ გამოხვალ იმ სიტუაციიდან, სადაც გაიზარდე. საცივის ჭამას რომ ხარ მიჩვეული და რომ გეტყვიან ერთ მშვენიერ დღეს, საცივი არ ჭამოო, მაინც შეჭამ ჩუმად ერთი ხუთი წელი და მერე, თუ უკეთესი შემოვა, რა თქმა უნდა, იმას მიირთმევ, მით უმეტეს, რომ საცივი ბევრ რამეს სწყენს და, თანაც, ნიგოზი წელს ძალიან ძვირი იქნებაო.”

ჩემი რპესპონდენტი იმედს არ კარგავს და ფიქრობს, რომ “ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა” უახლოეს წლებში, გასტრონომიულთან ერთად, პოლიტიკური გემოვნების დახვეწასაც შეძლებს და საქმე პარტიის ყრილობათა რომაული ციფრებით დანომვრამდე არ მივა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG