Accessibility links

ლევილის მამული საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება ხდება?


22 ნოემბერს თბილისში "ნაციონალური მოძრაობისა"

და "გაერთიანებუილ დემოკრატების" საერთო ყრილობაზე უცხოეთში მყოფ ქართველებზე და კერძოდ საფრანგეთში გადახვეწილ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი მთავრობის წევრების ღვაწლზე საუბრის შემდეგ მოულოდნელად განაცხადა:

[სააკაშვილის ხმა]
"მე მინდა გაგაცნოთ წერილი, რომელიც გუშინწინ მომიტანეს სახელმწიფო კანცელარიაში და რომელიც გამოგზავნილია ლევილის მეურვეთა საბჭოს მიერ. ამ წერილში ნათქვამია: "ჩვენ არასდროს ვთვლიდით ლევილს ჩვენს საკუთრებად. საქართველოს პირველი მთავრობის გადაწყვეტილებით ჩვენ მხოლოდ დროებით ვფლობდით მამულს ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე. ბაბუაჩემის – აკაკი ჩხენკელის სურვილი იყო, რომ ჩვენ დაგვებრუნებინა მამული ქართული ერისთვის, როცა საქართველო აღიდგენდა დამოუკიდებელი, დემოკრატიული, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაფასებული სახელმწიფოს ყველა აუცილებელ ატრიბუტს. ჩვენ მიერ ერთხმად მიღებული საერთო გადაწყვეტილებით: მიგვაჩნია, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ერთად ყველა ეს პირობა შესრულდა და ამგვარად ჩვენ ვიხსნით მეურვის მოვალეობას და უპირობოდ ვუბრუნებთ ლევილის მამულს ქართულ სახელმწიფოს [ტაში]".

პრეზიდენტმა გამოსვლაში აღნიშნა, რომ ის კითხულობდა ნაწყვეტს ლევილის მეურვეთა საბჭოს წერილიდან. თუმცა, სიტყვები "ბაბუაჩემის – აკაკი ჩხენკელის სურვილი იყო..." ცხადყოფს, რომ წერილს კონკრეტული ავტორი – აკაკი ჩხენკელის შვილიშვილი უნდა ჰყოლოდა. ამის დასაზუსტებლად ტელეფონით დავუკავშირდი აკაკი ჩხენკელის შთამომავალს – თამი ჩხენკელს, რომელიც პარიზში ცხოვრობს, რომელმაც განმიმარტა:

[ჩხენკელის ხმა]
"მე პირადად მივწერე პრეზიდენტს, რადგან თითოეულმა ჩვენგანმა საელჩოდან მიიღო პრეზიდენტის წერილის ფოტო-ასლი და თავაზიანობის ნიშნად, ვარჩიე პირადად მეპასუხა პრეზიდენტისთვის, დამედასტურებინა წერილის მიღება და განმეცხადებინა ჩემი პოზიციის შესახებ. და ასეც მოვიქეცი".

ლევილის მამულის მეურვეებს ამ მიწის მომავალი ასე წარმოუდგენიათ:

[ჩხენკელის ხმა]
"ჩვენ ასე წარმოგვიდგენია, რომ ლევილი უნდა იყო სიმბოლო საქართველოს პირველი რესპუბლიკისა, რომელიც დევნილობაში იყო".

რაც შეეხება საკითხის სტატუსს, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ლევილის მამული გადაეცა საქართველოს სახელმწიფოს. ამაზეც აკაკი ჩხენკელის შვილიშვილმა მკაფიო პასუხი გამცა:

[ჩხენკელის ხმა]
"არა, ეს ასე არ არის. რადგან, თავადაც მოგეხსენებათ, ჩვენ არ შეგვიძლია ლევილის ასე დაბრუნება. ამისათვის საჭიროა იურისტების ყოლა. ის დაუბრუნდება საქართველოს, დიახ, მაგრამ ახლა არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ის დაბრუნებულია, რადგან ამისათვის საჭიროა საგანგებო იურიდიული პროცედურა. ჩვენ საფრანგეთში ვცხოვრობთ და არ შეიძლება ასეთი ქონება ასე გავაჩუქოთ. ამისათვის საჭიროა პროცედურების გავლა და სწორედ ამ - დაბრუნების პროცედურებზე მუშაობას ვაპირებთ მომავალში".

ჩემი შემდეგი შეკითხვა ასეთი იყო: ვინ არის უფლებამოსილი გადაწყვიტოს ლევილის მამული დაუბრუნდება ქართულ სახელმწიფოს, თუ – არა? კვლავ ჩემი რესპონდენტის – საფრანგეთში საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ელჩის– აკაკი ჩხენკელის შვილიშვილის პასუხს გთავაზობთ:

[ჩხენკელის ხმა]
"დიახ, ფაქტობრივად, ოფიციალურად ის ხუთი ოჯახი. ჩვენ ვართ იმ ადამიანების შთამომავლები, რომლებმაც იყიდეს ეს მამული".

მას შემდეგ, რაც ლევილის მამული ოფიციალურად გახდება საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება, მოუწევს თუ არა საქართველოს მთავრობას გადასახადის გადახდა საფრანგეთისთვის? ამაზე ჩემმა რესპონდენტმა მიპასუხა:

[ჩხენკელის ხმა]
"მას შემდეგ, რაც ლევილი საქართველოს დაუბრუნდება, ალბათ, საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობები გადაწყვეტენ ამ საკითხს. მე ამის თაობაზე არაფერი მაქვს სათქმელი".
XS
SM
MD
LG