Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“გიორგობიდან – გიორგობამდე”


გასულ წელს, “ვარდების რევოლუციის” დასრულებისთანავე, ქართულ ტელეარხებზე რევოლუციისადმი მიძღვნილი რამდენიმე ფილმის პრემიერა გაიმართა.

თბილისში, საქართველოს რეგიონებში მოეწყო გამოფენები, რომელზედაც “ნოემბრის ამბების” ფოტოქრონიკა იყო წარმოდგენილი. ცოტა ხნის შემდეგ ეს სურათები – “გამარჯვებული ხალხი”, ვარდებით და ჯვრიანი დროშებით - ახალი ხელისუფლების ჩინოვნიკებმა თავიანთ კაბინეტებში დაკიდეს. როგორ აღიქმება დღეს ერთი წლის წინ გადაღებული კინო და ფოტოქრონიკა? რა არის ეს - დოკუმენტური ფაქტი, მხატვრული ნაწარმოები თუ მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლო, რომელიც ეგრეთ წოდებულ “პიარს” გამოხატავს?


[ხმა] “ზაზა წიკლაურს ელოდებიან მანქანასთან... გენა, მარტო გიტარაა აქ... გამოუშვი რა...”

ვინმე ზაზა წიკლაურს მანქანასთან 23 ნოემბრის ღამეს ელოდნენ – კონცერტზე, რომელიც პარლამენტის წინ “ვარდების რევოლუციის” გამარჯვების აღსანიშნავად მოეწყო. ეს იყო სპონტანურად მოწყობილი კონცერტის ფრაგმენტი, რომელიც მას შემდეგ, რაც ეს კონცერტი დამონტაჟდა, რა თქმა უნდა, ეთერში არ გასულა... სამაგიეროდ, უჩვენეს კონცერტი-მიტინგის ის ფრაგმენტები, რომელიც “რევოლუციური გიორგობა ღამის” სულისკვეთებას გამოხატავდა.

[ხმა] “თითოეული ხართ გმირი, ნამდვილი გმირი ამ დღეების და მოუყევით თქვენს შვილებს, რა გააკეთეთ საკუთარი ხელებით – ურჩხული დაამარცხეთ, ხალხო!”

შევარდნაძის ხელისუფლების დამხობის შემდეგ ქართული ტელეარხების ეთერში “ვარდების რევოლუციის” ამსახველი ფილმები უჩვენეს; ის, რასაც ამ ფილმების ავტორები “ზედმეტად”, ანუ “ჭუჭყად”, მიიჩნევდნენ, მონტაჟის დროს ამოვარდა. აქცენტი კეთდებოდა სიმბოლოებზე, რომელიც ფოტოგრაფთა ნამუშევრებშიც აღიბეჭდა. გაზეთ “24 საათის” ფურცლებზე გამოქვეყნებული “რევოლუციური ფოტოები” საქართველოს რეგიონებშიც გამოფინეს. აქციის ორგანიზატორი დალი კუპრავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავდა:

[დალი კუპრავას ხმა] “კიდევ ერთი შეხსენება. ვიღაც ამას რომ ნახავს... ცოტათი ხომ “ამოვა” ეს ყველაფერი... ხო იყო ხალხი, რომელიც არ ჩამოსულა რეგიონებიდან, ამიტომ კარგი იქნება, თუ მოძრავ ფოტოაქციას გავაკეთებთ.”

მას მერე ერთი წელი გავიდა. “ვარდების რევოლუციის” წლისთავზე ფოტოები ხელახლა შეაგროვეს და ქალაქის მერიაში გამოფინეს. ექსპოზიციის გახსნაზე ქალაქის მერი ამბობდა, ამ სურათებმა “რევოლუციური ემოცია” უნდა გაგვახსენოსო:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] “ ამ სურათებისთვის კიდევ ერთხელ თვალის გადავლება იმ ემოციას გაგვახსენებს, რომელიც ყველა ჩვენგანს ჰქონდა იმ დღეებში.”

კინო და ფოტოხელოვნებაში სიმბოლოს თუ სიმბოლოების ასეთი ტირაჟირების ტრადიცია მას მერე დამკვიდრდა, რაც ადამიანებმა კინოსა თუ ფოტოს გადაღება ისწავლეს. მხოლოდ და მხოლოდ 60-იან წლებში დაიწყო ლაპარაკი კინოსა და ფოტოგრაფიაზე, როგორც “იდეოლოგიურ იარაღზე”, რომელსაც შეუძლია საზოგადოების ყურადღება მიაპყროს იმას, რაც ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია. ფრანგი კინორეჟისორი გოდარი აღნიშნავდა: კინო და ფოტოკამერა იმისთვის მოიგონეს, რომ ხალხს სინამდვილე აღარ დაენახაო... ხალხი ხედავდა სინამდვილის ფრაგმენტს და სჯეროდა, რომ კადრში ყველაზე არსებითი, ყველაზე მნიშვნელოვანი მოხვდა.

რაოდენ საკამათოც არ უნდა იყოს გოდარის თეორია, ფაქტია, ფრანგ რეჟისორს კინოს სამყაროში “რევოლუციონერს” უწოდებენ. “რევოლუციური კულტურა” არა მარტო შინაარსით, არამედ ფორმითაც “დეკოსტრუქციულია”, ე.ი. არ ემორჩილება კინოსა და ფოტოხელოვნების კლასიკურ ენას. ის “ნაგავს”, ე.ი. იმას, რაც გადაღების მომენტში არააქტუალურადაა მიჩნეული, ზოგჯერ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე გათვლილს, გაფილტრულს. დღეს, როცა ერთი წლის წინანდელ “გიორგობის” სურათებს ვათვალიერებთ, როცა “ვარდების რევოლუციისადმი” მიძღვნილ ფილმებს ვუყურებთ, იმის დანახვის სურვილიც გვაქვს, რაც კადრში ვერ მოხვდა ან რაც ფონი იყო მხოლოდ... ქალაქის მერი ამბობს, რომ ამ სურათებით “ემოცია უნდა გავიხსენოთ”... მაგრამ ემოციით ქვეყანას ვერ ააშენებ. რევოლუცია ერთი წლისაა. ერთი წლის ბავშვი აზროვნებას იწყებს. წარსულის გადასაფასებლად და გასააზრებლად კი “ნაგავში” ქექვაც აუცილებელი ხდება ხოლმე... თუნდაც იმისთვის, რომ “ნაგავმა” ხელახლა არ დაიმკვიდროს ადგილი რეევოლუციურ კადრში.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG