Accessibility links

logo-print

გავაცოცხლებთ რევოლუციის შთაბეჭდილებებს


დავით პაიჭაძე, თბილისი ერთი წელი არც ისე დიდი დროა, რომ ძლიერი შთაბეჭდილება გაამკრთალოს. ერთი წლის წინანდელ საქართველოში აქტიურ მოქალაქეთა უმრავლესობა თავის შთაბეჭდილებებს ქუჩაში გამოხატავდა.

მე შევეცადე “ვარდების რევოლუციის” მთავარი ემოციები მის მონაწილეთა და არა მხოლოდ მათ შორის გამეცოცხლებინა.

[გია ბუღაძის ხმა, ჩაწერილია 2003 წლის 23 ნოემბერს] “ქართველმა ერმა ჩააბარა შესანიშნავი გამოცდა. მე მგონი, პოლიტიკური ლიდერისა და წყობის ქრესტომათიული ცვლა იყო. ამ დონის პოლიტიკური კულტურა მე არც გამიგია და ხედავთ, რა ზეიმია დღეს საქართველოში. მარტო იმის გამო კი არა, რომ შევარდნაძე და ეს მენტალობა დასრულდა, არამედ იმის გამო, რომ ყველაფერი შესანიშნავად და ღირსეულად დასრულდა.”

ეს სიტყვები მხატვარმა გია ბუღაძემ მითხრა 23 ნოემბრის ღამეს, შევარდნაძის გადადგომიდან ერთი საათის შემდეგ. გადადგომიდან ერთი წლის შემდეგ ემოციები, ბუნებრივია, დამცხრალია, ხოლო შთაბეჭდილებები - დაწურული და გააზრებული. ადამიანებთან საუბარში თითო ფრაგმენტი ცოცხლდება:

[თამარ შამილის ხმა] “მქონდა განცდა, რომ სასიკეთო გარდატეხა მოხდებოდა, როცა ღამღამობით, მიტინგებზე “კმარას” წევრები ალაგებდნენ მოედნებს, დადიოდნენ ცოცხებით და კრეფდნენ ნაგავს. ეს პატარა დეტალი მეტყველებდა, რომ რაღაც იცვლება და სულ სხვა გზით წავა.”

ჩვენი კოლეგის, ჟურნალისტ თამარ შამილისგან განსხვავებით, იმხანად თბილისში არ იმყოფებოდა ირაკლი ცერცვაძე, ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” თანამშრომელი:

[ცერცვაძის ხმა] “რევოლუციის დღეს ვიყავი ძალიან შორს საქართველოდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ვესწრებოდი სემინარს, რომლის მსვლელობისას შემოვიდა ადამიანი და განაცხადა: საქართველოში მოხდა გადატრიალება. ჯერ ძალიან ვინერვიულე, შემდეგ კი დადებითი ემოციები გამიჩნდა. მაშინვე შევეცადე, სი-ენ-ენ-იდან ან ბი-ბი-სი-დან გამეგო, რა ხდებოდა. დეტალური ინფორმაცია ვერ მივიღე და დავიწყე სამშობლოში სხვადასხვა ტელეფონზე რეკვა. ვერც ერთ ახლობელთან ვერ მოვხვდი. შემთხვევით მოვხვდი სრულიად უცხო ადამიანთან, რომელსაც ვუთხარი, ძალიან შორიდან ვრეკავ და მანდ რა მოხდა-მეთქი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა რომ გაიგო, ჯერ გაეცინა, მერე კი მითხრა, ყველაფერი კარგად არის, შენ კარგად იყავი და დროზე დაბრუნდიო. ამ კაცის ლაპარაკმა დამამშვიდა, ისეთი ხმით მეუბნებოდა, ყველაფერი კარგად არის და კიდევ უკეთესად იქნებაო.”

რევოლუციის თუნდაც გულმხურვალე მხარდაჭერა არ გამორიცხავდა ეჭვსაც. მაშინდელი შთაბეჭდილების გამჟღავნებას ჩემთან არ მოერიდა მერაბ ბასილაია, სამართლებრივი განათლების ასოციაციის წევრი:

[ბასილაიას ხმა] “22 ნოემბერს მცხეთიდან ვბრუნდებოდი ჩემს მეგობართან ერთად, რომელიც ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა დღევანდელ ხელისუფლებაში და ამიტომ არ დავასახელებ. მე ვეუბნებოდი, ჩვენ ახლა ჩავალთ თბილისში და მოედანზე არავინ არ იქნება-მეთქი. ის მეკამათებოდა, ჩავალთ და მთელი საქართველო იქ იქნებაო. 22 და 23 ნოემბრიდან აი, ეგ გრძნობა დამრჩა: დიდი სიხარულის, დიდი შიშის და საკუთარი პერსონის გადაჭარბებული განცდის. ჩემს მაშინდელ სკეფსისს ვხსნიდი შიშით, რომ ეს არ მოხდებოდა. მეშინოდა, რომ შეეშინდებოდა სხვას.”

თავისუფლების ინსტიტუტის დამფუძნებელმა ლევან რამიშვილმა, შეკითხვას, რა იყო მისი ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება რევოლუციის დროს, სიტყვაძუნწად უპასუხა:

[რამიშვილის ხმა] “განრისხებული ამომრჩევლების მარში. ყველაზე შთამბეჭდავი იყო ჯვრის მონასტრიდან გადაღებული, რუსთავი-2-ის ეთერში გასული კადრები, როცა უზარმაზარი კოლონა მოემართებოდა დედაქალაქისკენ. ის, რისიც მჯეროდა, იქ დავინახე.”

ლევან რამიშვილს, ალბათ, მეტის თქმაც შეეძლო, თუნდაც იმიტომ, რომ სამკვირიანი რევოლუციის არაერთი ტაქტიკური ნაბიჯი მისი მოფიქრებული გახლდათ. ლევანი ერთ-ერთი შემოქმედია “ვარდების რევოლუციისა”, ისევე როგორც ათიათასობით მისი თანამოქალაქე, ვინც წილი დაიდო შარშანდელ მოვლენებში.
XS
SM
MD
LG