Accessibility links

logo-print

,,ვარდების რევოლუციის” ოპოზიციური მოგონებები

  • ნინო როდონაია

გასული წლის 23 ნოემბრამდე საქართველოში არსებული პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილი რევოლუციის წლისთავისთვის ამჟამინდელი ხელისუფლების მოწინააღმდეგედ იქცა.

რას ფიქრობენ და რას იხსენებენ ის ადამიანები, რომლებიც გასული წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული პროცესების აქტიური მონაწილენი იყვნენ და ისინი, ვინც საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას მისი ოპოზიციონერობის პერიოდშიც ეჭვის თვალით უყურებდნენ?


ერთი წლის წინ საქართველოს წინაშე ტაქტიკური და სტრატეგიული ამოცანები იდგა, - იხსენებს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი, რომელიც გასული წლის ნოემბრის მოვლენებამდე ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ოპოზიციონერი იყო და დღეს უკვე საქართველოს პარლამენტიდან ახდენს ამჟამინდელი ხელისუფლების ოპონირებას.
რესპუბლიკელთა ლიდერი ამბობს, რომ ტაქტიკური ამოცანა შევარდნაძისა და აბაშიძის ხელისუფლების შეცვლით და ამ პროცესში საზოგადოების, პოლიტიკური ჯგუფების მონაწილეობით და მიხეილ სააკაშვილის პირადი დამსახურებით გადაიჭრა:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ,,რაც შეეხება სტრატეგიულ განვითარებას, ბევრი პრობლემა არის. ჩვენ მივიღეთ ახალი რეალობა, ახალი პრობლემებით. გულწრფელად რომ გითხრათ, არაფერი მოულოდნელი ჩემთვის არ მომხდარა. მე დავახასიათებდი ამ ერთ წელიწადს ასე: ეს არის ზედაპირულობის ზეიმი საქართველოში.”

სანამ ქვეყანაში ამ ტიპის ზეიმი დაიწყებოდა, მოხდა ის, რაც ,,ვარდების რევოლუციის” სახელითაა ცნობილი. გასული წლის ნოემბრის დღეებიდან დავით ბერძენიშვილი ერთს განსაკუთრებულად იხსენებს:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ,,მე ვიყავი იმ ადამიანთა შორის, ვისთანაც საბოლოო მოთათბირებით ნინო ბურჯანაძემ აიღო საკუთარ თავზე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. მე ვფიქრობ, ეს სერიოზული სარისკო ნაბიჯი იყო მისი მხრიდან და მე მას ამას ვუფასებ. წერტილი შევარდნაძის ხელისუფლებიდან წასვლას, პრინციპში, დაუსვა ამ სამართლებრივთან მიახლოებულმა სარისკო ნაბიჯმა პარლამენტის თავმჯდომარის.”

გასული შემოდგომის მოვლენების შეფასებისას სტილს არ ცვლის ლეიბორისტული პარტია, რომლის ლიდერი ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას და ოპოზიციას მომრიგებლის მისიის შესრულებას სთავაზობდა. ლეიბორისტი გიორგი გუგავა ,,ვარდების რევოლუციას” ,,კარგად ორგანიზებულ და დაფინანსებულ თეატრალიზებულ მასკარადს” უწოდებს:

[გიორგი გუგავას ხმა] ,,საქართველოში მოხდა შევარდნაძის მიერ საკუთარი პოლიტიკური შვილობილებისთვის ხელისუფლების გადაცემა, რაშიც, სამწუხაროდ, მოსახლეობას მიაღებინეს მონაწილეობა.”

ედუარდ შევარდნაძის გადადგომას გასული წლის ნოემბრის მთავარ მოვლენად მიიჩნევს დეპუტატი ზვიად ძიძიგური, რომელიც, როგორც თავად ამბობს, მომავალ ოპოზიციონერობას არასდროს გამორიცხავდა.

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ,,ჩემთვის მთავარი იყო შევარდნაძის რეჟიმის დამხობა და რომ გითხრათ, ველოდი, ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ოცნებებში წარმოიდგენს კაცი, ნამდვილად არ მქონია ამის ილუზია.”(სტილი დაცულია)

გასული წლის 23 ნოემბრამდე არსებული ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ კიდევ ერთ პოლიტიკურ ძალას, ,,ახალ მემარჯვენეებს”, რევოლუციაში საკუთარი წვლილი არ შეუტანია. ამას პარტიის წევრებს პერიოდულად უხსენებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება.
ვარდებსა და რევოლუციასთან დაკავშირებით ,,ახლების” მოსაზრებებს მხოლოდ ერთი მიზეზით ვერ შემოგთავაზებთ. პარტიის წევრები დღევანდელ დღეს - ოღონდ არა რევოლუციის წლისთავს, არამედ გიორგობას - კახეთში აღნიშნავენ და, როგორც ჩანს, არც რევოლუციასა და არც რაიმე სხვა საკითხზე საუბარი დღეს არ სურთ.
XS
SM
MD
LG