Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის რამდენიმე დიდმა ქალაქმა პრეზიდენტად ვიქტორ იუშჩენკო გამოაცხადა


უკრაინის დედაქალაქ კიევში, თავისუფლების მოედანზე, კვლავ გრძელდება უკრაინის ოპოზიციის მრავალათასიანი მიტინგი. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი

მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია: სამშაბათს, 23 ნოემბერს, უკრაინის პარლამენტი ”ვერხოვნი რადა” შეიკრიბა, რათა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელოს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი უკრაინა სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისშია ჩაფლული.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, წინასწარი მონაცემების საფუძველზე, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებულ ვიქტორ იანუკოვიჩს გამარჯვებულად ჯერჯერობით მხოლოდ რუსეთის პოლიტიკური ელიტა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აღიარებს. მან უკვე დაურეკა იანუკოვიჩს და გამარჯვება მიულოცა და იქვე დასძინა, რომ საარჩევნო ბრძოლა იყო სამართლიანი და გამარჯვება დამაჯერებელიო. თუ რატომ გადადგა რუსეთმა ასეთი ნაბიჯი, ამას მოსკოვში ჩვენი კორესპონდენტის ზურაბ დვალის მასალიდან შეიტყობთ.

[ზურაბ დვალის ხმა]

რაც შეეხება საქართველოს ოფიციალურ პოზიციას, ის საკმაოდ დიპლომატიურია, რაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ უკრაინულად გაკეთებული განცხადებიდანაც ჩანს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ძვირფასო უკრაინელო ძმებო და დებო, მე გილოცავთ თქვენ წმინდა დღესასწაულს, გიორგობას. გისურვებთ წარმატებებს, გისურვებთ მშვიდობას, სიმშვიდეს, სამართლიანობას და ცვლილებებს.”

თუმცა თბილისში არასდროს დაუფარავთ, რომ მხარს უჭერენ ოპოზიციას და მის ლიდერს ვიქტორ იუშჩენკოს. უკრაინელი ხალხისადმი საქართველოს მხარდაჭერა საგანგებოდ აღნიშნა ვიქტორ იუშჩენკომ კიევში მრავალათასიან მიტინგზე გამოსვლისას.

სწორედ უკრაინელი ხალხის ნებას ეყრდნობა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის სახელმწიფოების პოზიციაც. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სერიოზულადაა დაინტერესებული უკრაინის არჩევნების შედეგებით.

[ადამ ერელის ხმა] ”გვაქვს ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ადგილი ჰქონდა გაყალბებას და ფალსიფიკაციას. ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას უერთგულოს თავის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და უზრუნველყოს არჩევნების ის შედეგი, რაც უკრაინელი ხალხის ნებას შეესაბამება.”

შეერთებული შტატები უკრაინის მიმართ სანქციების დაწესებას აპირებს, თუ ხელისუფლება ხალხის აზრს არ გაითვალისწინებს. უკრაინელი ხალხის დიდი ნაწილის ნება კი სრულიად განსხვავდება ხელისუფლების შეხედულებებისგან და სწორედ ეს აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს.

[მიტინგის ხმა]

კიევში, თავისუფლების მოედანზე, შეკრებილი ეს მანიფესტანტები, ისევე როგორც უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი, თავიანთ პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერს ვიქტორ იუშჩენკოს აცხადებენ და მას ”სახალხო პრეზიდენტს უწოდებენ”.

სწორედ იუშჩენკო გამოაცხადეს თავიანთ პრეზიდენტად უკრაინის ქალაქების - ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის, ტერნოპოლის, ვინიცის და კიდევ მრავალი საშუალო თუ წვრილი ქალაქის საბჭოებმა. კიევის საქალაქო საბჭომაც არ ცნო არჩევნების ოფიციალური შედეგები და ქვეყნის პარლამენტს მოუწოდა, ასევე მოიქცეს. კიევის ქალაქის საბჭოს ამ მოწოდებას ხელს აწერს კიევის მერი. სწორედ უკრაინის პარლამენტის - ”ვერხოვნი რადას” წინ გადაინაცვლეს თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა.

მომიტინგეები, რომელთა რაოდენობა ნახევარ მილიონზე მეტია, არჩევნების თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ამავდროულად, საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კიევში მობილიზებულია სპეცრაზმები - მათ შორის, უკრაინულ ფორმაში გადაცმული რუსული სპეცრაზმებიც - დემონსტრაციის დასარბევად.
XS
SM
MD
LG