Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ალექსანდრეს” მსოფლიო პრემიერა თბილისში


“ალექსანდრე ცოცხალი რომ ყოფილიყო, ბენ ლადენს აუცილებლად დაამარცხებდა,”- აღნიშნა ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე სახელგანთქმულმა რეჟისორმა ოლივერ

სტოუნმა თავისი ახალი ფილმის, “ალექსანდრეს”, გადაღების დროს. ამასობაში შეერთებულ შტატებში არჩევნებიც მოეწყო და “ალექსანდრეს” გადაღებაც დასრულდა. მინდა გიამბოთ ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრების ყველაზე გრანდიოზულ ეკრანიზაციაზე, რომლის პრემიერა 25 ნოემბერს იმართება ერთდროულად მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოშიც.

კინოს მოყვარულებს შეგახსენებთ, რომ “ალექსანდრეს” გადაღება დაიწყო 2003 წელს მაროკოში, 200 მილიონი დოლარის ბიუჯეტით; დასრულდა ტაილანდში – 2004 წლის თებერვალში. ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრების ეკრანიზაციაზე მუშაობას თავდაპირველად ბაზ ლურმანი, “რომეო და ჯულიეტას” ავტორი, შეუდგა. ფილმში მთავარი როლი ლეონარდო დი კაპრიოს უნდა შეესრულებინა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, გადაღების უფლება ერგო ოლივერ სტოუნს, რომელიც ბოლო დროს ფიდელ კასტროს ცხოვრების დეტალებით დაინტერესდა და ორი ფილმიც კი გადაიღო კუბის რევოლუციის ბელადზე.

საქართველოში ეს სურათები არ უჩვენებიათ, ამიტომ კინოთეატრ “ამირანში” ოლივერ სტოუნის გრანდიოზული ისტორიული ფრესკის სანახავად მისულ მაყურებელს არ ექნება საშუალება გაავლოს პარალელი “ალექსანდრესა” და სტოუნის “კუბურ ფილმებს” შორის. ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრების ეს ეკრანიზაცია ჰოლივუდის ჩვეულებრივ ბლოგბასტერად აღიქმება, თუ მაყურებელი არ გაითვალისწინებს თავად ოლივერ სტოუნის შემოქმედებით ბიოგრაფიას და, რაც მთავარია, ჯორჯ ბუშისადმი კინორეჟისორის დამოკიდებულებას. “ალექსანდრეს” გადაღება თითქმის დასრულებული იყო, როცა ოლივერ სტოუნმა აღნიშნა, ჯორჯ ბუში “ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის დეფიციტით” გამოირჩევა, ჯონ კერი კი დიკენსის პერსონაჟებს მაგონებსო... კერი – დიკენსის პერსონაჟებს, აი, ფიდელ კასტრო კი სტოუნმა ჰემინგუეის გმირებს შეადარა.

[მუსიკა - “ალექსანდრე”]

ვის ჰგავს ოლივერ სტოუნის ალექსანდრე მაკედონელი? უფრო სწორად, შავგვრემანი ირლანდიელი მსახიობის კოლინ ფარელის “ქერა ალექსანდრე”? სტოუნი არ მალავს აღფრთოვანებას ძველი სამყაროს უდიდესი მხედართმთავრის უნარით – დაიპყროს ქალაქები, ქვეყნები, მაგრამ პატივი სცეს დაპყრობილი ხალხების კულტურას და რელიგიას. სტოუნი არც მაკედონელის ბისექსუალური ვნებების წარმოჩენაზე ამბობს უარს და არც თავისი გმირის იდეალიზაციას ერიდება. როგორც ჩანს, ეთანხმება პლუტარქეს აზრს: “მას სურდა ქვეყნად ყველა ადამიანი დამორჩილებოდა ერთ გონებას და ერთ სახელმწიფო წყობასო.”

[მუსიკა - “ალექსანდრე”]

მეომრები, რომლებიც მშვიდობისთვის იბრძვიან, დამპყრობლები, რომლებიც რომანტიკული იდეის დამკვიდრებისთვის იღვწიან... მიუხედავად იმისა, რომ ოლივერ სტოუნის ფილმში ყურადღება უფრო სამხედრო მანევრებზეა გადატანილი, ვიდრე მაკედონელის სახეზე, რეჟისორის პოზიცია უცვლელი რჩება – ოლივერ სტოუნი კვლავაც ანიჭებს უპირატესობას ეგრეთ წოდებულ “მართულ დემოკრატიას”. დღევანდელ რუსეთსა და საქართველოში, სადაც ერთდროულად ეწყობა “ალექსანდრეს” პრემიერა, ასეთი კინო ბევრს აძლევს ხელს... და, შესაძლებელია, კუბაშიც ხელს აძლევდეთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG