Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარი ჩავიდა


გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის რუდ ლუბერსის სამდღიანი ვიზიტის დღის წესრიგი, თბილისის გარდა, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და პანკისის ხეობის

მონახულებას ითვალისწინებდა. აფხაზეთში გამგზავრება არჩევნების შემდგომი პოლიტიკური დაძაბულობის - უფრო კი ოფიციალური სახელისუფლებო სუბიექტის არარსებობის - მიზეზით გადაიდო. უამინდობის გამო წარუმატებელი აღმოჩნდა უმაღლესი კომისრის პანკისის ხეობაში ჩასვლის მცდელობაც. მოგვიანებით ჩეჩენ ლტოლვილებს იგი თბილისში შეხვდა. თბილისშივე მოინახულა აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებიც. ცხინვალში რუდ ლუბერსი 24 ნოემბერს დილით ჩავიდა.

გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესმა კომისარმა რუდ ლუბერსმა, სეპარატისტული რეგიონის პირველ პირთან შეხვედრამდე, ცხინვალში კონფლიქტის ზონის ქართული სოფლებიდან დევნილი ოსი ადამიანებით დასახლებული ტურბაზა მოინახულა, სოფელ ტბეთში დევნილთათვის აშენებული სახლები დაათვალიერა და მათი მფლობელებისგან მცირედი საყვედურიც მოისმინა: დევნილმა ოსებმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შესჩივლეს, რომ კომისარიატის სახსრებით აშენებული სახლები ძალიან პატარა და ცივია. ძნელია იმის წინასწარ განჭვრეტა, რის გაკეთებას შეძლებს გაერო დევნილთა თუნდაც ამ საყოფაცხოვრებო სირთულის დასაძლევად და, საერთოდ, შეიცვლება თუ არა რამე უახლოეს ხანში საქართველოში ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილთა პრობლემის დაძლევის სტრატეგიაში. თუმცა გაეროს პოლიტიკური კურსი, განსაკუთრებით ცხინვალის ზონაში, აშკარად აქტიურდება და ამაზე მიუთითებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის შემდეგი განცხადებაც, რომელიც მისი საქართველოში ვიზიტის მიზნებს ასახავს:

[რუდ ლუბერსის ხმა] “თუ მკითხავთ, რას ვაკეთებ, მე გიპასუხებთ, რომ ვცდილობ სოლიდარული ვიყო აქ მომუშავე ჩემს ხალხთან და მათთან ერთად ვაკეთო საქმე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ჩვენს წვლილს შევიტანთ და დავეხმარებით იმ ხალხს, რომელმაც სახლ-კარი დაკარგა. მთავარია, დავადგინოთ, რა რაოდენობის ხალხია და ვინ არიან ისინი; დაბოლოს, ყველაზე მთავარი: ვაიძულოთ პოლიტიკოსები, მიიღონ რეალური გადაწყვეტილებები, რათა ხალხმა ახალი ცხოვრება დაიწყოს.”

შეეხო თუ არა რუდ ლუბერსი ედუარდ კოკოითთან გამართული შეხვედრის დროს კონფლიქტის ზონაში დევნილი ქართველების დაბრუნების თემას, ჩვენთვის უცნობია. როგორც ამ შეხვედრის შემდეგ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საგანგებო საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა გვითხრა, შეხვედრას და ვიზიტს, ზოგადად, გაცნობის ხასიათი ჰქონდა. ანუ დასკვნებს მაღალი სტუმარი მოგვიანებით თავად გააკეთებს. ბორის ჩოჩიევის ინფორმაციით, ცხინვალში ამ დროისათვის სულ 11 ათასი დევნილი ცხოვრობს. მათგან 8 ათასი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მკვიდრი იყო და საბრძოლო ოპერაციების დროს დაკარგა სახლ-კარი, დანარჩენი სამი ათასი კი ცხინვალის რეგიონში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდა:

[ბორის ჩოჩიევის ხმა]” საქართველოში ვერც ერთმა დევნილმა ოსმა ვერ მოიგო სასამართლო დავა. ისინი მოკლებულნი არიან საკუთარ სახლებში ცხოვრების უფლებას, დაბრუნების უფლებას. არავის მათთვის არასდროს ყურადღება არ მიუქცევია. 100 000-ზე მეტი დევნილიდან საქართველოში მხოლოდ 9 ოჯახი დაბრუნდა.”
უკეთეს მდგომარეობაში არც ცხინვალის ზონიდან დევნილი ქართველები არიან. მარტო გორში 7 ათასამდე დევნილი ცხოვრობს. ერთ-ერთმა მათგანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ცხინვალის ხელისუფლების სიტყვიერი მოწოდების აყოლა რამდენიმე ოჯახს ძვირად დაუჯდა:

[დევნილის ხმა] ”5-6 ოჯახი ჩავიდა იძულებით, იმიტომ რომ ისინი ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ ისინი ძალიან ცუდად მიიღეს. როგორც მე გავიგე, სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. სიტყვის მასალად იძახიან ამას, მაგრამ კონკრეტულად და საქმის გასაკეთებლად არ ამბობენ ამას. რა თქმა უნდა, წამოვიდნენ.”(სტილი დაცულია)

ცხინვალიდან და კონფლიქტის ზონის არაქართული სოფლებიდან დევნილ და გორში კომპაქტურად ჩასახლებულ ადამიანთა მონახულება გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისრის სამუშაო გეგმაში რატომღაც არ შევიდა. არადა, ფაქტია, რომ რუდ ლუბერსს მათი ნახვა საქართველოში დევნილთა საყოფაცხოვრებო და მორალური მდგომარეობით შექმნილ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო დაუმძიმებდა.
XS
SM
MD
LG