Accessibility links

logo-print

უკრაინის ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხელახლა ჩატარების მომხრეა


უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა არ მოჰყოლია მოქმედი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას მზადყოფნას შუამავლის როლი ეთამაშა პრეზიდენტობის ორ კანდიდატს

- ვიქტორ იუშჩენკოსა და ვიქტორ იანუკოვიჩს - შორის. სახელისუფლებო კანდიდატმა იანუკოვიჩმა ოპოზიციის ლიდერ იუშჩენკოს მთავრობაში პოსტი შესთავაზა, რაც ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ იუშჩენკოს ასიათასობით მომხრეების შემდეგ ქუჩაში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრეებიც გამოვიდნენ.

[ისმის აქციის ხმა]

კიევში იუშჩენკოს მომხრეთა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და იანუკოვიჩის მხარდამჭერთა შეკრების ადგილს ერთმანეთისგან სულ 300-მდე მეტრი აშორებს. პრემიერ-მინისტრის მომხრეები, ძირითადად, დონბასელები არიან, დაახლოებით 6 ათასამდე. თუმცა ეს ციფრი იმდენად უმნიშვნელოა ოპოზიციის მომხრეებთან შედარებით, რომ დაპირისპირების სერიოზულ მიზეზს არ შეიძლება წარმოადგენდეს. პოლიტოლოგებს უფრო საშიშ ტენდენციად უკრაინის ორად გაყოფა მიაჩნიათ. ქვეყნის აღმოსავლეთი მოქმედ პრემიერ-მინისტრს ვიქტორ იანუკოვიჩს უჭერს მხარს, ხოლო დასავლეთი - ოპოზიციის ლიდერს ვიქტორ იუშჩენკოს.

უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო დღეს შეშფოთება გამოთქვა ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ხავიერ სოლანამ:

[ხავიერ სოლანას ხმა ] ”ჩვენ გვაქვს პრობლემა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინა გაყოფილია ორად. და ჩვენ ძალღონე არ უნდა დავიშუროთ, რათა ქვეყანამ გაერთიანება შეძლოს და აღარ იყოს ის ღრმა უფსკრული, რასაც ჩვენ ვხედავდით არა მარტო არჩევნების დროს, არამედ მანამდეც.”

ევროკავშირი, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებრიობა, შეშფოთებულია უკრაინაში განვითარებული მოვლენებით და უკრაინის ხელისუფლებას, დაპირისპირებულ მხარეებთან ერთად, დიალოგისკენ მოუწოდებს.

ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიც:

”ჩვენ დაჟინებით ვურჩევთ უკრაინის ხელისუფლებას, არ იჩქაროს არჩევნების შედეგების გამოქვეყნება, სანამ არ გაირკვევა დარღვევებთან დაკავშირებული ყველა საკითხი. იმედი გვაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად გადაწყდება,” - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაგრამ უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთაშორისო საზოგადოების აზრი არაფრად ჩააგდო, კომისიის სხდომა მოიწვია და არჩევნების საბოლოო შედეგებიც გამოაცხადა.

[ცენტრალური საარჩევნო კომისის სხდომის ხმა]

აი, ასეთი ხმაურის თანხლებით, უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ხელისუფლების ფავორიტი, მოქმედი პრემიერ-მინისტი ვიქტორ იანუკოვიჩი გამოაცხადა.
კომისიის მონაცემებით, მას ხმა მისცა ამომრჩეველთა 49,46%-მა, ხოლო ოპოზიციის კანდიდატს ვიქტორ იუშჩენკოს - 46,61%-მა მისცა ხმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ გადაწყვეტილებას, უკრაინის საზოგადოების დიდ ნაწილთან ერთად, არც საერთაშორისო საზოგადოება ეთანხმება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა:

[კოლინ პაუელის ხმა] ”ჩვენ არ შეგვიძლია კანონიერად ვაღიაროთ ეს შედეგი, რადგან ის არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს იმიტომაც, რომ არ იქნა გამოკვლეული მრავალრიცხოვანი და აშკარა დარღვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების დროს.”

ჯერ კიდევ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომამდე ევროპის კავშირმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მიუძღვნა სპეციალური მოსმენა, სადაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ხავიერ სოლანამ, აი, ასეთი განცხადება გააკეთა:

[ხავიერ სოლანას ხმა] ”უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, არის იურიდიული პროცედურები, რომელიც საშუალებას იძლევა ეჭვის ქვეშ დადგეს არჩევნების შედეგები. როდესაც ევროპის კავშირმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას გადაეხედა არჩევნების შედეგებისთვის, ეს მოთხოვნა სწორედ უკრაინის კანონმდებლობას ეყრდნობოდა.”

ოფიციალური კიევი საერთაშორისო საზოგადოებრიობის ასეთ პოზიციაზე თითქმის არ რეაგირებს.
საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულია მოქმედი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას გუშინდელი განცხადება, რომელშიც ის მიანიშნებს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის ესკალაციას დასავლეთის სახელმწიფოების პოზიციამ შეუწყო ხელი. დაახლოებით ამასვე, ოღონდ ირიბად, ამბობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც ვიქტორ იანუკოვიჩს ჯერ კიდევ არჩევნების შედეგების ოფიციალურ გამოცხადებამდე მიულოცა გამარჯვება:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] ”ყველაფერი უნდა მოთავსდეს სამართლებრივ ჩარჩოებში, უკრაინა დიდი ევროპული სახელმწიფოა, განვითარებული სამართლებრივი სისტემით, მას არ ჭირდება ჭკუის სწავლება, მას თავად შეუძლია სხვებს ასწავლოს.”

არაოფიციალური ინფორმაციით, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ სწორედ პუტინთან კონსულტაციების გასამართად გაემგზავრა უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა.

კიევში კი იუშჩენკოს მომხრეები დაშლას არ აპირებენ, სანამ ხელისუფლება არჩევნების რეალურ შედეგებს არ აღიარებს. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ იუშჩენკოს სახალხო პრეზიდენტს უწოდებენ და მხოლოდ მას ცნობს ხელისუფლად უკრაინის რამდენიმე მსხვილი ქალაქის საქალაქო საბჭო. მიუხედავად ამ და ასიათასობით მომიტინგის აქტიური მხარდაჭერისა, იუშჩენკო მაინც მზადაა პოლიტიკური კომპრომისებისათვის:


[იუშჩენკოს ხმა] ”ჩვენ მომხრე ვართ არჩევნების მეორე ტურის ხელახლა ჩატარების, თუ გვეყოლება პატიოსანი ცენტრალური საარჩევნო კომისია. ჩვენ მზად ვართ არჩევნების მეორე ტურის ხელახლა ჩატარების, თუ არ იქნება ხელისუფლების მხრიდან უხეში ზეწოლა.”

ჯერჯერობით იუშჩენკოს ამ მზადყოფნაზე ხელისუფლება არ რეაგირებს. ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მანდატით მხარეებს შორის შუამავლის მისიის განსახორციელებლად კიევში ჩასვლას გეგმავს პოლონეთის პრეზიდენტი ალექსანდრ კვასნევსკი. კიევში კი თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია გრძელდება.

[ისმის აქციის ხმა]
XS
SM
MD
LG