Accessibility links

logo-print

რატომ უთანაგრძნობენ საქართველოში ვიქტორ იუშჩენკოს


2004 წლის ნოემბრის კიევი 2003 წლის ნოემბრის თბილისს დაემსგავსა - ხალხი ქუჩაში იქაც საკუთარი ხმების დასაცავად გამოვიდა. მათ გვერდით, თბილისელი “წვმის

მუსიკოსების” მსგავსად, უკრაინელი მუსიკოსები დადგნენ და არამარტო ისინი. 24 ნოემბერს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად კიევში “წვიმის მუსიკოსებად” მონათლული ქართველი მუსიკოსები ჩავიდნენ. რამ ჩაიყვანა ისინი კიევში? საერთოდ, რატომ არის საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანი ის, რაც უკრაინაში ხდება და რეალურად რამდენად ჰგავს ამჟამინდელი კიევი 2003 წლის ნოემბრის თბილისს?

უკრაინაში არჩევნებს ქართველი პარლამენტარების 45 კაციანი დელეგაცია ადევნებდა თვალს. ამ დელეგაციაში იყო ალექსანდრე შალამბერიძეც. კიევიდან თბილისში ის ამ ორი დღის წინ დაბრუნდა და მაინც, ოთხშაბათს, როცა ტელევიზიით იხილა “წვიმის მუსიკოსებისა” და რამდენიმე პარლამენტარის - მათთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორისა და თბილისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის - კიევში გამგზავრების ამსახველი კადრები, გული დასწყდა, რომ მათ შორის არ იყო:

[ალექსანდრე შალამბერიძის ხმა] “ იქ, უშუალოდ შუაგულში როცა ხარ მოვლენების, ადამიანები ისეთი გაბრწყინებული თვალებით გიყურებენ, გრძნობთ მათ სითბოს. რა თქმა უნდა, მათ გაამხნევებს “წვიმის მუსიკოსების” მხარდაჭერა. ახლა იქ, მართლაც, რთული სიტუაციაა. “

“დღევანდელი კიევი ჰგავს შარშანდელი ნოემბრის თბილისს, თუმცა დროშები იქ ნარინჯისფერია,” - ამბობს ალექსანდრე შალამბერიძე. მის ნათქვამს ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბერძენიშვილიც ეთანხმება. კიევში დაწყებული გამოსვლების თვითმხილველი ისიცაა, თუმცა დავით ბერძენიშვილი თბილისის შარშანდელ და კიევის წლევანდელ რეალობებს შორის განსხვავებასაც აღნიშნავს. “საქმე ისაა, რომ უკრაინა არ არის ერთგვაროვანი. დასავლეთი და ცენტრალური უკრაინა არის პროდასავლური პოლიტიკური და კულტურული ორიენტაციის მატარებელი, ხოლო სამხრეთი და აღმოსავლეთი უკრაინა - მაფიოზური კლანების მიერ მართული რუსეთის საყრდენი. ეს კლანები გაცილებით ძლიერია, ვიდრე შევარდნაძის ხელისუფლებისას იყო და, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ უკრაინელების ნახევარზე ცოტა მეტი ვიქტორ იუშჩენკოს, ანუ თავისუფლების, მხარდამჭერია, ნახევარზე ცოტა ნაკლები კი - მოწინააღმდეგე, არის იმის ალბათობა, რომ პროცესები უკრაინაში ისე უმტკივნეულოდ არ განვითარდება, როგორც ეს საქართველოში მოხდა,” -ამბობს დავით ბერძენიშვილი, თუმცა კი ფიქრობს, რომ ეს პროცესები რუსეთისგან უკრაინის საბოლოო გამიჯვნის მომასწავებელი იქნება:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] “ყველაზე მძიმე დარტყმა რუსეთის იმპერიას მიადგა იმათგან, ვინც შვა რუსეთის იმპერია. ეს განაყოფი, კიევის რუსეთი, როგორც ჩანს, საბოლოოდ გაემიჯნება რუსეთის იმპერიას და გამართლდება ბჟეზინსკის ფორმულა. მან თქვა, რომ სანამ მოსკოვი აკონტროლებს უკრაინას, რუსეთი ინარჩუნებს იმპერიას და, როგორც კი მოსკოვი უკრაინაზე კონტროლს დაკარგავს, რუსეთი დაკარგავს რესურსს იმპერიად ყოფნისას. “

დავით ბერძენიშვილი იმედოვნებს, რომ დღევანდელი კიევი არის დასტური სწორედ იმის, რომ რუსეთი იმპერიად ყოფნის რესურსს კარგავს, ეს კი, მისი თქმით, აჩენს რეალურ შანსს, უკრაინა გადაიქცეს შავი ზღვის რეგიონის ევროპულ ლიდერად. ასეთი შანსი საქართველოსთვისაც არის. აქედან გამომდინარე, გასაგები უნდა იყოს, რატომ არის საქართველოში ასე აქტუალური ის, რაც კიევში ხდება. იქ უკვე ჩასულები არიან ქართველი “წვიმის მუსიკოსები”. საკუთარი ხმების დასაცავად ქუჩაში გამოსული უკრაინელები მათ ისევე უნდა გაამხნევონ, როგორც შარშან ნოემბერში თბილისის ქუჩებში გამოსულ თანამემამულეებს ამხნევებდნენ.
XS
SM
MD
LG