Accessibility links

უამინდობამ რეგიონებში ენერგოკრიზისი გაამწვავა


ქართულ ენერგეტიკაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო უამინდობა და ენერგოკრიზისი ლამის სინონიმებად იქცეს. წვიმა, თოვლი და ძლიერი ქარი სავსებით საკმარისია იმისათვის,

რომ საქართველოს ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მოსულმა დიდმა თოვლმა, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრმა დაცემამ და ჩრდილოეთის ძლიერმა ქარმა, ლოკალური ავარიების გარდა, სომხეთიდან ელექტროენერგიის იმპორტიც შეაფერხა.

[მამაკაცის ხმა] “1,5 კილომეტრში გაგვიფუჭდა ტექნიკა და იქ სიკვდილს აქეთ სიარული ვამჯობინეთ. სახლში მივალთ ნელ-ნელა.”

[მამაკაცის ხმა] “ვერაფრით გადავედით. საშინელი ქარია, გრიგალია…”

გრიგალმა და ერთ ღამეში მოსულმა დიდმა თოვლმა ყველაზე მეტად მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობა დააზარალა, თუმცა სერიოზული პრობლემები ქვეყნის ელექტრომომარაგებასაც შეექმნა. ჯერ იყო და, ძლიერი ქარის გამო 23 ნოემბერს ავარიულად გამოირთო 220 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი "ალავერდი", რომლის საშუალებითაც სომხეთიდან 100 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდებოდა. შემდეგ, სტიქიის ჭირვეულობის გამო, მწყობრიდან გამოვიდა ქსნის ქვესადგური, რამაც, თავის მხრივ, 220 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გათიშვა გამოიწვია. ამინდის გაუარესების მიზეზად საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერატიული პროგნოზირების სამსახურის უფროსი ირაკლი ჩოგოვაძე ჩრდილოეთ ევროპიდან ჰაერის ცივი ნაკადის შემოჭრას ასახელებს:

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] “როდესაც ასეთი ცივი მოგადგება მარცხნიდან და მარჯვნიდან არის თბილი, აუცილებლად უნდა მოხდეს ამ პოტენციალის განმუხტვა ძლიერი ქარის მეშვეობით და ეს კიდევაც დაფიქსირდა საქართველოში. აი, ამასთან იყო დაკავშირებული აციება, ძლიერი ნალექის მოსვლა…”

ბოლო მონაცემებით, ყველაზე რთული ვითარება მცხეთა-მთიანეთის მხარეშია შექმნილი. საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ავთანდილ დვალიშვილის თქმით, მომხდარი დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება მცხეთას, დაბა გუდაურსა და ყაზბეგის რაიონს, ხოლო სარემონტო სამუშაოების ჩატარებას რთული კლიმატური პირობები აფერხებს. გუდაურში ჰაერის ტეპერატურა მინუს 10-15 გრადუსამდე დაეცა, თოვლის საფარმა კი ერთ მეტრს გადააჭარბა.

[ავთანდილ დვალიშვილის ხმა] “სამწუხაროდ, ჩვენი ელექტროსისტემა - უფრო სწორად, ხაზები და ასე შემდეგ - არ არის კარგ მდგომარეობაში, საკმაოდ მოძველებულია და თვითონ ტექნიკა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. ამიტომ ჭირვეული ამინდისა და სტიქიური უბედურების დროს არაფრისგან ვართ დაზღვეული.”

ერთი სიტყვით, სტიქია საქართველოს ისედაც დეფიციტურ ელექტომომარაგებას საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მოძველებული ხაზები და ამორტიზებული ქვესადგურები გამართულად მხოლოდ მშვიდ - უქარო და უნალექო - ამინდში მუშაობს. არადა, თუ ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგნოზს ვენდობით, უახლოეს დღეებში კვლავაც ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი:

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] “ეს არის სერია შემოჭრებისა. ორი დღის შემდეგ ისევ შესაძლებელია განმეორდეს დარტყმა. სიძლიერის დაზუსტება ჯერჯერობით ძნელია, მაგრამ აღმოსავლეთში ნაღდად მოჰყვება თოვლი, ტემპერატურის დაწევა და ქარების ამოვარდნაც."
XS
SM
MD
LG