Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში ისევ სახელისუფლებო ვაკუუმია


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი უკრაინული მოვლენებით დაჩრდილული და უსასრულოდ გაჭიანურებული აფხაზური კრიზისიდან გამოსავალი ჯერ არ ჩანს. რაულ ხაჯიმბა, აფხაზი უხუცესების მოწოდების მიუხედავად,

პოზიციებს არ თმობს და ისევ განმეორებითი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. სერგეი ბაღაფშის ბანაკი 6 დეკემბერს ინაუგურაციისთვის სამზადისს განაგრძობს. ამ ფონზე აფხაზურ დაპირისპირებაში კიდევ ერთი რუსი მაღალჩინოსანი ერევა: კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრ ტკაჩოვი აფხაზეთს საზღვრის დაკეტვითა და პენსიების გაცემის შეწყვეტით ემუქრება. თავის მხრივ, ქართველი ექსპერტები ბაღაფშის ფიზიკურ განადგურებას არ გამორიცხავენ.


დაპირისპირებული აფხაზი ლიდერები ისევ ვერ თანხმდებიან. რაულ ხაჯიმბა არც უხუცესების აზრს იზიარებს და ბაღაფშის გამარჯვების აღიარებას არ აპირებს. თავის მხრივ, საპრეზიდენტო უფლებამოსილებაზე უარს არ გეგმავს ვლადისლავ არძინბა. პრეს-მდივნის როინ აგრბას მეშვეობით, არძინბა აცხადებს, რომ 6 დეკემბერს სერგეი ბაღაფშის ინაუგურაციის მიუხედავად, იგი განაგრძობს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. ღრმა პოლიტიკურ კრიზისში მყოფ აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკას სანქციებით ემუქრება მეზობელი კრასნოდარის მხარის გუბერნატორი. ალექსანდრ ტკაჩოვის თქმით, ის, რასაც ბაღაფში აკეთებს, დიდი პოლიტიკური შანტაჟი და ტყუილია. თუკი ბაღაფში განაგრძობს კონფლიქტის გაღვივებას, ტკაჩოვი, როგორც მოსაზღვრე რეგიონის გუბერნატორი, აფხაზეთთან საზღვარს გადაკეტავს და პენსიების გაცემას შეწყვეტს. აფხაზეთში ამ განცხადების კომენტარს თავს არიდებენ. ერთადერთი, ვისთვისაც კითხვის დასმა მოვახერხეთ, სააგენტო “აფსნი პრესის” თანამშრომელი იყო, თუმცა მან მოკლე კომენტარის შემდეგ ყურმილი დაკიდა და, შესაბამისად, არც ვინაობა გაგვიმხილა:

[“აფსნი პრესი”-ს თანამშრომლის ხმა] “სიტუაცია აფხაზეთში მშვიდია. არავითარი მასობრივი არეულობები რესპუბლიკაში არ არის. ტკაჩოვის განცხადება მშვიდად აღვიქვით. სხვას ვერაფერს გეტყვით, ამხანაგო.”

ქართველი ექსპერტები კრასნოდარის ხელმძღვანელის განცხადებას ლოგიკურს უწოდებენ. პოლიტოლოგი პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ ტკაჩოვის განცხადებაში არაფერია უჩვეულო. მისი აზრით, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის გარდა, ბატონი ტკაჩოვი რუსეთის კანონმდებლობასაც არღვევს:

[პაატა დავითაიას ხმა] “ჯერ ერთი, ამით არღვევს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსს, რომ ის არ გასცემს პენსიას რუსეთის მოქალაქეებზე. როგორც იცით, აფხაზეთში მათ მოქალაქეობა მიანიჭეს. ესე იგი ისინი არ თვლიან იმ მოქალაქეებს, რომლებსაც თავად მიანიჭეს მოქალაქეობა, სრულყოფილ საზოგადოების წევრებად და სრულყოფილ მოქალაქეებად.” (სტილი დაცულია)


პაატა დავითაიას რაულ ხაჯიმბას მეტისმეტი სიჯიუტე აფიქრებს და მიაჩნია, რომ კრემლიდან გარკვეული გარანტიების მიღების გარეშე იგი ამდენს, უბრალოდ, ვერ გაბედავდა:

[პაატა დავითაიას ხმა] “ხაჯიმბა, ფაქტობრივად, დაუპირისპირდა უხუცესებს, დაუპირისპირდა ხალხს. და ეს ისე არ ხდება. ამას ის ვერ გაბედავდა, მის უკან რომ რაღაც სერიოზული ძალა არ იდგეს. და ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, მით უმეტეს, ტკაჩოვის განცხადების შემდეგ არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც სერიოზული დაპირისპირება, ტერაქტი ან რაღაც ზეწოლა არ განახორციელონ ბაღაფშზე. ბაღაფშიც უკან დამხევი არ ჩანს.”

მოხერხდება თუ არა 6 დეკემბერს სერგეი ბაღაფშის ინაუგურაციის შემდეგ აფხაზური პოლიტიკური კრიზისის დაძლევა, ეს მალე გამოჩნდება. 6 დეკემბრამდე ათიოდე დღეა დარჩენილი.
XS
SM
MD
LG