Accessibility links

logo-print

უკრაინაში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო


უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ

ოპოზიცია ბრძოლის ახალ მეთოდებზე გადავიდა. ოპოზიციის ლიდერმა ვიქტორ იუშჩენკომ, რომელსაც უკრაინაში ”სახალხო პრეზიდენტს” ეძახიან, მოსახლეობას საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდა. პარალელურად ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების უმაღლეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. გესაუბრებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

[ისმის აქციის ხმა]

კიევში ოპოზიციის 300 ატასზე მეტი მომხრე კვლავ შეიკრიბა თავისუფლების მოედანზე. მოელიან, რომ მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ამას ხელს უწყობს კლიმატური პირობებიც: უკრაინაში ინტენსიური თოვა შეწყდა და გამოიდარა. ამ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები - ოპოზიციის ლიდერები - არ აპირებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების ცნობას. მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის ლიდერმა ვიქტორ იუშჩენკომ საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდა.

[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] ”კომპრომისისკენ მიმავალი გზა გადის ხალხზე. მათი ნების დემონსტრირება ჩვენ საშუალებას გვაძლევს ვიპოვოთ გამოსავალი ამ კონფლიქტიდან. ამიტომ ეროვნული ხსნის კომიტეტი აცხადებს საერთოეროვნულ პოლიტიკურ გაფიცვას.”

ამ მოწოდების შემდეგ ოპოზიცია საქმეზე გადავიდა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის დაიწყო შექმნა მოხალისეთა ჯგუფებისა, რომლებიც წესრიგს დაიცავენ და ძალის გამოყენების გარეშე შეეცდებიან სახელისუფლებო დაწესებულებების დაკავებას.

ამასთან ერთად, დაიწყო ქარხნების, ფაბრიკების, სკოლებისა და სხვა ობიექტების თანამშრომელთა გაფიცვები. ოპოზიციამ აქამდეც გადაკეტა რამდენიმე ცენტრალური სატრანსპორტო მაგისტრალი. ახლა ეს უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს და საავტომობილო ტრანსპორტთან ერთად სარკინიგზო მიმოსვლაც დაიბლოკება. ოპოზიცია პარალელურად ბრძოლის სამართლებრივი გზის გამოყენებასაც აპირებს და ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ხელისუფლება ჯერჯერობით მხოლოდ ამ მოვლენების მეთვალყურის როლში გამოდის. თავდაცვის სამინისტროს ნაბრძანები აქვს არ ჩაერიოს პოლიტიკურ პროცესებში, ხოლო პოლიციის სპეცრაზმები ასიათასობით მომიტინგეს წინააღმდეგობას არ უწევენ. ისინი უფრო გულმოდგინედ პრეზიდენტის სასახლეს იცავენ. თავად პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა კი ოპოზიციის ქმედებას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს და ამაში დამნაშავედ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას მიიჩნევს:

[ლეონიდ კუჩმას ხმა ] ”ქვეყნის ხელმძღვანელებმა, უშიშროების სპეციალისტებმა, გაგვაფრთხილეს ჩვენ, რომ პროვოკაციულმა მაუწყებლობამ, ეგრეთ წოდებული ”ობიექტური ამბების” სახით მეხუთე არხზე, საფუძველი მოუმზადა სახელმწიფო გადატრიალებას, არჩევნების შედეგებისგან დამოუკიდებლად.”

სანამ კუჩმა სახელმწიფო გადატრიალების ხელშეწყობაში პრესას ადანაშაულებს, სულ უფრო მეტი სახელმწიფო დაწესებულება გადადის ოპოზიციის ლიდერის, სახალხო პრეზიდენტად წოდებული ვიქტორ იუშჩენკოს, მხარეს. 25 ნოემბერს ნარინჯისფერი დროშა, ოპოზიციური მოძრაობის სიმბოლო, ეროვნული ბანკის შენობაზე აფრიალდა.

როგორც ჩანს, ოპოზიციის გავლენა სულ უფრო ძლიერდება, რადგან განათლების მინისტრმა საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტების დევნა აუკრძალა სასწავლო დაწესებულებების ადმინისტრაციას. ამ ტენდენციას კიდევ უფრო აძლიერებს ისიც, რომ დასავლელი პოლიტიკური მოღვაწეები უკვე კიევში ჩადიან იუშჩენკოს მხარდასაჭერად. ერთ-ერთი პირველი პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალენსაა. მან იუშჩენკოს მომხრეთა მიტინგზე გამოსვლისას განაცხადა:

[ლეხ ვალენსას ხმა ] ”მთელი ჩემი ცხოვრება მსგავსი იდეალებისთვის ვიბრძოდი. ჩვენი მდგომარეობა გაცილებით რთული იყო, ვიდრე თქვენი. მე აღფრთოვანებული ვარ თქვენი ემოციებით და ენთუზიაზმით. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს თქვენ გამარჯვებამდე მიგიყვანთ.”
XS
SM
MD
LG