Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტში კვლავ ჭიანურდება ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა


ხუთშაბათს საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთხელ გადაიდო ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა და ამის მიზეზი ამჯერადაც კანონპროექტის სადავო

მუხლებზე დეპუტატებისა და მთავრობის წევრების შეუთანხმებლობა გახდა. დავის საგანია ის, თუ ვის უნდა შეეხოს და ვის არა ფინანსური ამნისტია. მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს ამ საკითხზე შეთანხმება გაუჭირდათ, ოპოზიციაში კი ჩივიან, რომ ამის გამო ბიზნესი იჭყლიტება.

პრეზიდენტმა პარლამენტს მიუთითა, მიმდინარე კვირაში მიიღოს ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, მაგრამ პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტის განხილვა ჯერაც არ დაწყებულა. პროცესი გადაიდო ოთხშაბათს და ასევე მოხდა ხუთშაბათსაც. მიზეზი, როგორც უკვე ვთქვით, სადავო საკითხებზე მთავრობის წევრებისა და დეპუტატების შეუთანხმებლობაა.

[მაია ნადირაძის ხმა] “არ მოხდა შეთანხმება იმ ნაწილში, რა ჯგუფს უნდა შეეხოს ლეგალიზაცია - უფრო ფართო ჯგუფს თუ უფრო ვიწროს. ჩემი პოზიციაა შეეხოს უფრო ფართო ჯგუფს. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელთან დაკავშირებითაც არც ერთ მხარეს არ ექნება განსაკუთრებული უსამართლობის გრძნობა. “ (სტილი დაცულია)

ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე. ჩვენთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვის დაწყებას პარლამენტი, სავარაუდოდ, პარასკევს დაიწყებს - ნაკლებად სადავო მუხლებს მიიღებს, სადავო საკითხების განხილვას კი მათზე კონსენსუსის მიღწევამდე გადადებს.

პარლამენტში სადავო ფინანსური ამნისტიის შესახებ მთავრობაში მომზადებული კანონპროექტია, თორემ არსებობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომზადებული ალტერნატიული ვარიანტი, რომლის მიმართაც პრეტენზიები ნაკლებია. ეს ვარიანტი ითვალისწინებს დეპუტატთა სხვადასხვა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებულ წინადადებებს, მთავრობას კი ეს წინადადებები არ გაუთვალისწინებია. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი კახა კუკავა აცხადებს, რომ, ძირითადად, დავა უკავშირდება იმას, თუ რა სახის დანაშაულით შექმნილი ქონება შეიძლება მიჩნეულ იქნეს ლეგალურად:

[კახა კუკავას ხმა] “ ყველა ეთანხმება აზრს, რომ ეკონომიკური დანაშაულით შექმნილი ქონება უნდა ჩაითვალის ლეგალურად. მაგრამ მთავრობა ითხოვს, რომ ამას დაემატოს სხვა მუხლებიც: თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ქრთამის მიღება, უკანონო საჩუქრის მიღება და ასე შემდეგ. ესეც უნდა ჩაითვალოს ლეგალურადო და ჩვენ ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვართ. “

დავის საგანია ისიც , თუ რომელ თანამდებობის პირს შეიძლება შეეხოს ამნისტია.

[ ელენე თევდორაძის ხმა] “ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა შეეხოს მხოლოდ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ჩამონათვალი - დეიდებს, მამიდებს, მოადგილეებს, დეპარტამენტის თავმჯდომარეებს - არ ვიცი, რას ნიშნავს. მაშინ აზრს კარგავს ყველაფერი. “

ელენე თევდორაძე მთავრობაში მომზადებული და პარლამენტში დაწუნებული კანონპროექტის მთავარ ნაკლად სწორედ პოლიტიკური თანამდებობის პირების გრძელ ჩამონათვალს მიიჩნევს. ფიქრობს, რომ ამნისტიას მხოლოდ უმაღლესი თანამდებობის პირები უნდა დაექვემდებარონ.

საპარლამენტო უმრავლესობაში არიან დეპუტატები, რომლებიც მთავრობაში მომზადებულ კანონპროექტს უჭერენ მხარს, თუმცა, როგორც ჩანს, ამინდს საკანონმდებლო ხელისუფლებაში უფრო ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ქმნიან. ოთხშაბათს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიუთითა მთავრობას, “ თუ მთავრობაში ვინმეს ჰგონია, რასაც პარლამენტში შემოიტანს, ყველაფერი უცვლელად გავა, ძალიან ცდებაო.“
XS
SM
MD
LG