Accessibility links

logo-print

უცხოეთიდან ოჯახებისათვის გადმორიცხული თანხების ოდენობა, შარშანდელთან შედარებით, 27 პროცენტით გაიზარდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ოფიციალური არხებით, წელს 9 თვის განმავლობაში უცხოეთიდან საქართველოში, ე.წ. სწრაფი გზავნილების სისტემით, შარშანდელთან შედარებით,

27 პროცენტით მეტი თანხა გადმოირიცხა. ამ სისტემით, ძირითადად, ქვეყნიდან საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული მოქალაქეები სარგებლობენ. უცხოური ტრანსფერტების დიდი წილი კვლავ რუსეთზე მოდის. რა თანხებს და რომელი ქვეყნებიდან რიცხავენ ქართველი ემიგრანტები?

ოფიციალური მონაცემებით, 2004 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემებით უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხულია 178 მილიონ აშშ დოლარზე მეტი, რაც 27%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. ამავე დროს, საქართველოდან საზღვარგარეთ, შედარებით უმნიშვნელო თანხა, 23.3 მილიონია გადარიცხული, რაც 3%-ით აჭარბებს 2003 წლის მაჩვენებლებს.

ეს მონაცემები ე.წ. სწრაფი გადარიცხვების სისტემით განხორციელდა. ამ სისტემებით კი, ძირითადად, უცხოეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ, რომლებიც თავიანთი ოჯახის წევრებისათვის საარსებო თანხებს გზავნიან. შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნებიდან განხორციელდა გადარიცხვა, შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ სახელმწიფოებში არიან დასაქმებული ქართველი ემიგრანტები.

ქვეყნებს შორის გადარიცხვათა უდიდესი წილი მოდის რუსეთზე, საიდანაც საქართველოში 51 მილიონი აშშ დოლარია გადმორიცხული, ხოლო საპირისპირო მიმართულებით რუსეთში საქართველოდან 8 მილიონი დოლარი გადაირიცხა.

საქართველოში გადმორიცხვათა მოცულობით მომდევნო ადგილზეა აშშ, საიდანაც 19 მილიონი დოლარი მივიღეთ. მესამე პოზიციაზეა საბერძნეთი - 5 მილიონ 600 ათასი დოლარით. ინტენსიური ტრანსფერტები ხორციელდება ასევე გერმანიიდან და უკრაინიდან. შესაბამისად, ეს ის ქვეყნებია, სადაც ქართველების დიდი ნაწილია ემიგრირებული.

სწრაფი გზავნილების სისტემებს შორის ყველაზე პოპულარულად, წინა წლების მსგავსად, კვლავ „უესტერნ იუნიონი“ ითვლება, რომელზეც ფულადი გზავნილების დიდი ნაწილი მოდის. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში ამ სისტემით 70 მილიონი დოლარია გადმორიცხული. საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხვების უმეტესი წილიც ისევ „უესტერნ იუნიონზე“ მოდის. მიმდინარე წელს ამ სისტემით 13 მილიონი იქნა გადარიცხული.

სწრაფი გზავნილების სისტემებს შორის პოპულარობას იხვეჭს სისტემა Анелик-იც, სადაც, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვანი - 50%-იანი - ზრდა აღინიშნება და ჩარიცხული თანხა 56 მლნ. 600 ათასი აშშ დოლარია. სამაგიეროდ, „ანელიკის“ მეშვეობით ქვეყნიდან გადარიცხვა 21%-ით შემცირებულია და 5.5 მილიონს შეადგენს.

ოფიციალური საბანკო და სწრაფი გზავნილების სისტემების გარდა, უცხოეთში წასული საქართველოს მოქალაქეები ფულს სხვა არხებითაც გზავნიან, რის აღრიცხვაც გაძნელებულია. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველი ემიგრანტების მიერ ოჯახებისათვის გამოგზავნილი საარსებო საშუალებების რაოდენობა დაფიქსირებულზე გაცილებით მეტია.
XS
SM
MD
LG