Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ჩეჩენ პატიმრებს სასჯელი შეუმსუბუქა


25 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატამ 2002 წლის 4 აგვისტოს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის

უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაპატიმრებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების - ასლანბეგ ხანჩუკაევის, აჰმედ მაგომედოვის, ჰამზათ ისაევის, აბდულჰამიდ ალიევისა და გიორგი კუშტანაშვილის - ადვოკატების საჩივარი განიხილა. სასამართლო კოლეგიამ, მოსამართლე მერაბ ტურავას თავმჯდომარეობით, ადვოკატთა მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ჩეჩენ პატიმრებს 4-წლიანი სასჯელი 2 წლამდე და ხუთ თვემდე შეუმცირა.

18 ნოემბერს გადადებული პროცესი ერთი კვირის შემდეგ, 25 ნოემბრის დღის პირველ საათზე, განახლდა. იმის გათვალისწინებით, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეებს სათქმელი მთლიანად ამოწურული ჰქონდათ, სასამართლო პროცესი რეკორდულად მცირე დროში დასრულდა. სასამართლო კოლეგიამ, მერაბ ტურავას თავმჯდომარეობით, ნახევარსაათიანი განმარტოების შემდეგ განაჩენი გამოაცხადა.

[მერაბ ტურავას ხმა] “ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის სააპელაციო პალატის განაჩენში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: გიორგი კუშტანაშვილს სასჯელის ზომად განესაზღვროს ორი წლითა და ხუთი თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ახმად მაგამედოვს…”

“4-წლიანი პატიმრობის სანაცვლოდ ორი წელი და 5 თვე” - საკასაციო პალატის ეს გადაწყვეტილება იმის მაუწყებელია, რომ ჩეჩენი პატიმრები საპყრობილეს 2005 წლის იანვრის პირველ რიცხვებში, ანუ დაახლოებით თვე-ნახევარში, დატოვებენ. გამონაკლისს მხოლოდ აბდულჰამიდ ალიევი წარმოადგენს, რომელიც იმის გამო, რომ წარსულში ნასამართლევია, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამი თვით გვიან გათავისუფლდება.
კმაყოფილია თუ არა დაცვის მხარე გამოტანილი განაჩენით, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება?

[ლია მუხაშავრიას ხმა] “კმაყოფილი არ ვარ, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობდით, რომ უზენაესი სასამართლო გამამართლებელს დაადგენდა, ანუ გააუქმებდა საოლქოსა და რაიონული სასამართლოების განაჩენებს. მან კი მარტივად, მექანიკურად შეუმცირა სასჯელის ზომა პატიმრებს და განუსაზღვრა 2 წლითა და ხუთი თვით და რვა თვით ალიევს.” (სტილი დაცულია)

ეს ადვოკატი ლია მუხაშავრია იყო. მისი თქმით, 2002 წლის 4 აგვისტოს გირევის სასაზღვრო-საგუშაგოსთან დაკავებულ ჩეჩნებს თავიდან ბრალი რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და ცეცხლსასროლი იარაღის ასევე უკანონო ტარებაში ედებოდათ, მაგრამ მოგვიანებით, 2004 წლის 6 თებერვალს, თბილისის საოლქო სასამართლომ განსასჯელებს ეს ბრალდებები მოუხსნა. ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჩეჩენ ტუსაღებს მოგვიანებით, მეხუთე იზოლატორის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, მიუსაჯეს. არჩილ ჩოფიკაშვილი, კიდევ ერთი ადვოკატი, რომელიც განსასჯელთა ინტერესებს იცავდა, განმარტავს:

[არჩილ ჩოფიკაშვილის ხმა] “რომ დასტურდებოდეს კიდევაც წინააღმდეგობის გაწევა, ჩვენ საქმე გვაქვს მათი წინააღმდეგობის გამომრიცხავ გარემოებებთან. ანუ, ევროკონვენციის შესაბამისად, ამ პიროვნებებს ჰქონდათ ექსტრადიციის თაობაზე ინფორმაციის მიღებისა და სასამართლო ინსტანციებში გასაჩივრების უფლება, რაც უხეშად იქნა დარღვეული.”

ჩოფიკაშვილის თქმით, ამ ხუთი პატიმრისაგან განსხვავებით, 2002 წლის 4 აგვისტოს დაკავებულ დანარჩენ 8 ჩეჩენს არ გაუმართლა. საქართველოს ხელისუფლებამ ხუთი მათგანი რუსეთს გადასცა, სამი კი გათავისუფლების შემდეგ საეჭვო ვითარებაში აღმოჩნდა რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების ხელში. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ბუნებრივია ის შეშფოთება, რომელსაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოწვეული სიხარულის პარალელურად, ჩეჩენი პატიმრების ახლობლები გამოთქვამენ.

[ქალბატონის ხმა] “ჯერ არ ვიცით, რას გავაკეთებთ. ამაზე ფიქრიც კი მაშინებს, თუმცა, გამოცდილების გათვალისწინებით, თადარიგის დაჭერას ვაპირებთ. მაგრამ ჯერ გათავისუფლებას დაველოდოთ. საქართველოში არც ერთ შემთხვევაში არ დავრჩებით. ეს იგივეა, მგელს ხახაში საკუთარი სურვილით ჩაუვარდე.”

ამგვარი განწყობის მიუხედავად, შესაძლოა, ჩეჩენი პატიმრების ახლობლებმა, ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ, სასამართლოს მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართონ. ასეთ შემთხვევაში, მოპასუხე, რაღა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა იქნება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG