Accessibility links

logo-print

უმაღლესი განათლების შესახებ კანონს მალე მიიღებენ


დავით პაიჭაძე, თბილისი 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა, როგორც იქნა, საშველი დააყენა უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტის განხილვას. განათლების სამინისტროს მიერ

მომზადებული ორი პროექტიდან უმაღლესი განათლების კანონი პარლამენტმა უპრობლემოდ უნდა მიიღოს. კამათს იწვევს კანონპროექტი ზოგადი განათლების შესახებ. განათლების მინისტრს ხუთშაბათს რამდენიმე შეკითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. პრინციპული მოწინააღმდეგეები კანონპროექტს არ გასჩენია. ახალი მემარჯვენეებიც ათიოდე შენიშვნით შემოიფარგლნენ.

საქართველოს პარლამენტს უნდა ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციისა და ლიკვიდაციის უფლება, რათა განათლების სამინისტრომ ერთპიროვნულად არ გადაწყვიტოს ამა თუ იმ დაწესებულების პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ბედი, - განაცხადა ახალი მემარჯვენეების წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ.

ამ თვალსაზრისის კომენტარი ვთხოვე საქართველოს განათლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჩიორა თაქთაქიშვილს. ის ამბობს, რომ ლიკვიდაციის უფლება აქვს იმას, ვინც აფუძნებს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს: ასეთი უფლება კი საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული. რაც შეეხება პარლამენტისათვის უმაღლეს სასწავლებელთა აკრედიტაციის უფლების დამტკიცებას, ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, ეს გამორიცხულია მოხდეს:

[თაქთაქიშვილის ხმა] “იმიტომ რომ აკრედიტაციის პროცესი არის სერიოზული ტექნიკური პროცესი, რომელსაც პარლამენტი, რა თქმა უნდა, ვერ გაუწევს ორგანიზებას. საამისოდ კანონპროექტი ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას.”

რაც შეეხება აკრედიტაციას საერთოდ, ის უნდა გაიაროს ყველა სახელმწიფო უმაღლესმა სასწავლებელმა. აკრედიტაციის პროცესი შეეხება კერძო სასწავლებლებსაც, თუმცა, როგორც განათლების მინისტრი, კახა ლომაია განმარტავს:

[ლომაიას ხმა] “აკრედიტაცია სავალდებულოა ყველა იმ უმაღლესი სასწავლებლისთვისაც, ვისაც უნდა, მისი დიპლომი სახელმწიფომ აღიაროს; თორემ თეორიულად შეიძლება არსებობდეს კერძო უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც არ უნდა მონაწილეობა სახელმწიფოს მიერ დადგენილ პროცედურებში, ანუ აბიტურიენტებს ის არ მიიღებს ერთიანი ეროვნული გამოცდიდან, ამ უმაღლეს სასწავლებელში ვერ მივა სახელმწიფო დაფინანსება, მის სტუდენტებზე არ გავრცელდება არმიაში გაწვევის გადავადება და, რაც მთავარია, სახელმწიფო არ ცნობს მის დიპლომს ოფიციალურ დიპლომად.”

საქართველოში დღეს 254 ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებელია. აქედან აკრედიტაციის გავლის სურვილი გამოთქვა 182-მა. ეს ნიშნავს, რომ, სულ ცოტა, 72 უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულს სახელმწიფო სამსახურში, გზა, შესაძლოა, დახშული ჰქონდეს. დარჩენილი 182-დანაც, ცხადია, ყველა არ არის გარანტირებული, რომ აკრედიტაციის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

განათლების მინისტრი ამტკიცებს, რომ მომავალი წლიდან თითოეული სტუდენტის დაფინანსება ოთხ-ხუთჯერ გაიზრდება და 1500 ლარს მიაღწევს. ამ სახელმწიფო გრანტით სტუდენტს შეუძლია მივიდეს კერძო უმაღლეს სასწავლებელშიც და, თუ მისი სწავლება იქ წელიწადში მეტი თანხა ღირს, თავად შეავსოს ეს განსხვავება.
XS
SM
MD
LG