Accessibility links

logo-print

უნივერსიტეტი ახალი რექტორის არჩევნების მოლოდინშია


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხმაურიანი 13 დეკემბრისათვის ემზადება. სწორედ ამ დღეს საქართველოში ყველაზე დიდი და

გავლენიანი უმაღლესი სასწავლებელი ახალ ხელმძღვანელს აირჩევს. უნივერსიტეტის დიდმა სამეცნიერო საბჭომ რექტორი 6 კანდიდატს შორის უნდა შეარჩიოს. თუმცა წინასწარ ცნობილია, რომ ძირითადი ბრძოლა სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მიხეილ ქურდიანსა და პრეზიდენტის ფავორიტ რუსუდან ლორთქიფანიძეს შორის გაიმართება.





უნივერსიტეტი დიდი ხმაურისა და ახალი ხელმძღვანელის მოლოდინშია. როინ მეტრეველის 13 წლიანი მმართველობის დასრულების შემდეგ პროფესორებმა რექტორი უნდა აირჩიონ. ათ დეკემბრამდე რექტორობის პრეტენდეტებმა საკუთარი პროგრამები უნდა გააცნონ სამეცნიერო საბჭოს წევრებს, თუმცა ამ დროისათვის ეს ჯერ არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია. თავის მხრივ, არჩევანი გაკეთებული აქვთ სტუდენტებს: ნაწილი მიხეილ ქურდიანს უჭერს მხარს, ნაწილი - რუსუდან ლორთქიფანიძეს, უფრო დიდ ნაწილს კი საერთოდ არ ანაღვლებს, ვინ იქნება ახალი ხელმძღვანელი.

[სტუდენტების ხმები] “ალბათ, მათ შორის ქურდიანსა და ლორთქიფანიძეს შორის იქნება დაპირისპირება. ალბათ, მათ შორის უნდა აირჩეს რექტორის კანდიდატურა.”
[მეორე ხმა] “ პრინციპში, არც ერთი კანდიდატის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ბატონ მიშა ქურდიანს ვიცნობ პირადად და არის ჩემთვის იდეალური პიროვნება, როგორც უნივერსიტეტის რექტორი.”
[მესამე ხმა] “ ალბათ, უფრო მარიკა ლორთქიფანიძე, მარიკა ლორთქიფანიძე კი არა, რუსუდან ლორთქიფანიძე. ჯერ ერთი, პრეზიდენტმა დაასახელა, უფრო იმიტომ, ალბათ.” (სტილი დაცულია)

სტუდენტები ერთ რამეში დარწმუნებულები არიან - 13 დეკემბერს დიდი ხმაური და სეირი იქნება. ამ აზრს მათი მასწავლებლებიც იზიარებენ. უნივერსიტეტის პროფესორები, უმეტესწილად, თავს იკავებენ საკუთარი არჩევანის საჯაროდ დაფიქსირებისაგან. მათ შორისაა დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი, მწერალი რევაზ მიშველაძეც:

[რევაზ მიშველაძის ხმა] “ვერ გავამხელ ჩემს დამოკიდებულებას ასე ცალსახად რომელიმე მათგანის მიმართ. იმიტო კი არა, რომ რაიმესი მერიდება, ან მეუხერხულება, ან მეშინია. მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ექვსივე კანდიდატის პროგრამას, მათეულ ხედვას უნივერსიტეტის მომავლისას მე არ ვიცნობ.”

თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც პრეტენდენტთა პროგრამებისა და ხედვების წარმოდგენამდეც ჩამოყალიბებული აქვთ საკუთარი დამოკიდებულება. ერთ-ერთი მათგანია ვახტანგ კოლხიდაშვილი:

[ვახტანგ კოლხიდაშვილის ხმა] “მე მხარს ვუჭერ ქალბატონ რუსუდან ლორთქიფანიძეს. კონკრეტული მიზეზი არის ის, რომ საოცრად განათლებული, საოცრად პატიოსანი, საოცრად წესიერი და დიდი ერუდიციის მქონე პიროვნებაა. მე ასე მგონია.”

ვინ უხელმძღვანელებს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს საკმაოდ ჩამორჩენილ ქართულ ცოდნის ტაძარს, მალე გაირკვევა. პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის კიდევ ერთი მემკვიდრის ვინაობის შეტყობამდე ოც დღეზე ნაკლები რჩება.
XS
SM
MD
LG