Accessibility links

თავისუფლების ინსტიტუტი პრესისთვის თუნდაც ერთი წლის წინანდელი თავისუფლების დაბრუნებას ითხოვს


პრესის თავისუფლება და ადამიანის უფლებები - დემოკრატიის ეს ორი უმთავრესი პირობა საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, წინა ხელისუფლებასთან შედარებით,

საგრძნობლად შეზღუდა. ამ მხრივ ქვეყანაში უკანასკნელ ხანს შექმნილი რეალობის ამსახველი ფაქტების ჩამოსათვლელად უკვე ათეულობით ადამიანის თითებიც აღარ კმარა. შესაბამისად, შექმნილია პარადოქსული ვითარება: არასამთავრობო ორგანიზაციები პრესასა და საზოგადოებას თუნდაც ერთი წლის წინათ არსებული პოზიციების დასაბრუნებლად კონსოლიდაციისა და აქტიურობისაკენ მოუწოდებენ. ამ აქტიურობის თვალსაზრისით, უდავოდ გამოირჩევიან გორელი ჟურნალისტები. საერთოდ კი, შიდა ქართლს თავისუფლების ინსტიტუტი, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, უბედურების ზონად აცხადებს და ყოველ კონკრეტულ ფაქტზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს - იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავისუფალი სიტყვის უფლება სასამართლოების არაკომპეტენტურობის გამო ირღვევა. გორის სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება გახდა მიზეზი აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციაში გამართული თავყრილობისა, რომელშიც გორელებიც მონაწილეობდნენ.

[გიორგი გოცირიძის ხმა]” ტედენცია არის ისეთი, რომ ბატონ მიხეილ ქარელს, შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულს, არ აწყობს რეგიონში თავისუფალი მედიის არსებობა და სასამართლო ხელისუფლების მეშვეობით ებრძვის თავისუფალ მედიას. ამის მაგალითია თუნდაც “ხალხის გაზეთის” რედაქტორის, ბატონ რეზო ოქრუაშვილის, დაკავება; ამის მაგალითია ის, რომ...”(სტილი დაცულია)

შიდა ქართლის ომბუდსმენის გიორგი გოცირიძის მიერ ჩამოთვლილ დანარჩენ ორ მაგალითზე უფრო დაწვრილებით ჩვენ მოგითხრობთ. “ხალხის გაზეთის” ჟურნალისტმა გორის რაიონულ სასამართლოში შიდა ქართლის რწმუნებულის აპარატის თანამშრომელს იმის გამო უჩივლა, რომ მან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა:

[ქეთევან გიკაშვილის ხმა]” რწმუნებულის ბიოგრაფია ვერ მივიღეთ, იმიტომ რომ ბიოგრაფიაში არის რაღაც მონაკვეთი, რომელიც ამოვარდნილია. ანუ იმ პერიოდში ის უნდა ყოფილიყო ჯარში და ის იყო დეზერტირი ელემენტარულად. აქ კანცელარიაშიც ვერ ვიშოვეთ ეს ბიოგრაფია.”(სტილი დაცულია)

ჟურნალისტმა ქეთევან გიკაშვილმა, მიხეილ ქარელის ბიოგრაფიის გარდა, მისი ჯანმრთელობის ცნობაც მოითხოვა. უარის შემდეგ საქმე, როგორც გითხარით, სასამართლოში აღმოჩნდა. მოსამართლე გოჩიტაშვილმა კი რატომღაც, მთავრობის შესახებ კანონის ნაცვლად, უკვე გაუქმებული დოკუმენტით, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ კანონით იხელმძღვანელა და დაადგინა, რომ ჟურნალისტს საჯარო ინფორმაციის მიღების უფლება არ ჰქონდა.

გორის სასამართლოს უპასუხისმგებლობასა და არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე მეორე შემთხვევაშიც, რომელიც გაზეთ “თრიალეთში” საჯარო პირის, ლიახვის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ფოტოს გამოქვეყნებას ეხება. თავმჯდომარემ გაზეთს საკუთარი ფოტოს გამოქვეყნებისთვის უჩივლა და პროცესი მოიგო. იმავე მოსამართლე გოჩიტაშვილმა გაზეთს მამუკა ნოზაძისათვის მორალური ზიანის მიყენებისათვის 300 ლარის გადახდა და ბოდიში დააკისრა.

გორის სასამართლოს ორივე აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე რეაგირებისათვის თავისუფლების ინსტიტუტმა საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანს პალიკო კუბლაშვილს მიმართა.

[პალიკო კუბლაშვილის ხმა]”დიდი ბოდიშის მოხდით ამ ეტაპზე მე თავს შევიკავებ ჩემი აზრის გამოხატვისაგან, ვინაიდან ჩემი აზრი ამ შემთხვევაში შეიძლება გაიგივებული იყოს გარკვეულ პირთა წრის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აზრთან, რისი უფლებაც მე არ მაქვს.”(სტილი დაცულია)

პალიკო კუბლაშვილი ასეთ ვითარებაში შედარებით ზომიერ კომენტარს აკეთებს და დაზარალებულ მხარეებს საქმეების ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრებას ურჩევს.
XS
SM
MD
LG