Accessibility links

logo-print

მკვიდრდება თუ არა ხელისუფლების მაღალ დონეზე ძალადობის ხერხები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო წლების მანძილზე საქართველოში ჩატარებული არაერთი სოციოლოგიური გამოკითხვა ადასტურებს, რომ საზოგადოებაში ე.წ. რკინის ხელის ნოსტალგია არსებობს.

შესაბამისად, პერიოდულად საზოგადოება მშვიდად რეაგირებს ამა თუ იმ არცთუ წესიერი მოხელის მიმართ მისი უშუალო ხელმძღვანელის მიერ გატარებულ რეპრესიებზე იმ შემთხვევაშიც, თუ რეპრესიის ფორმა ნორმალურ ჩარჩოებში არ ჯდება. მაგალითად, 27 ნოემბერს გავრცელებული ცნობით, იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა ადგილობრივი ენერგოკომპანიის ორი თანამშრომელი გალახა. იმ ფონზე, როცა ქუთაისის ენერგომომარაგებაში მართლაც დიდი პრობლემებია, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ენერგეტიკოსის გალახვა, შესაძლოა, სამართლიანი საზღაური იყოს. თუმცა სახელმწიფო მოხელის მხრიდან მეორე საჯარო პირის ცემა ნორმალურ ქვეყანაში კანონდარღვევადაა მიჩნეული. ხომ არ მკვიდრდება ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ძალადობის ფორმები?



იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის გია გეწაძის მიერ ადგილობრივი ენერგოკომპანიის ორი თანამშრომლის ცემის შესახებ განცხადება საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის გენერალურმა დირექტორმა დინ უაითმა გააკეთა. მისი ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გეწაძემ გამთენიისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ენერგოკომპანიის ქუთაისის ფილიალის ორ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დინ უაითმა საქმის კურსში ჩააყენა პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, თავად ქუთაისის ფილიალი კი დროებით დახურა.
დინ უაითის განცხადებას კატეგორიულად უარყოფს იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გიგა შუშანია:
[ გიგა შუშანიას ხმა] „ ჩვენ ჟურნალისტებისგან გავიგეთ ამ განცხადების შესახებ, რომელიც ენერგოკომპანიამ გააკეთა ცემასთან დაკავშირებით, რაც არის მტკნარი სიცრუე. გუბერნატორი არც ნასვამი ყოფილა და არც არავინ უცემია, რადგან, პირველი რიგში, ის არის საჯარო მოხელე და, ამავე დროს, კარგი იურისტი, რომელმაც იცის, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. უბრალოდ, საქმე ეხება იმას, რომ...“

საქმე ეხება იმას, რომ ქუთაისის ელექტრომომარაგებაში დიდი პრობლემებია შექმნილი. არსებობს უბნები და ქუჩები, სადაც ნათურები თვეების მანძილზე არ ანთებულა. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ უდენობის გამო შეფერხებებია მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფისა და სატელეფონო სადგურების მუშაობაშიც. პასუხს კი ქუთაისელები რეგიონულ ხელმძღვანელობას სთხოვენ. ამ ორი დღის წინ გუბერნატორმა თავად გადაწყვიტა შეემოწმებინა, აქვს თუ არა დენი ქუთაისს:
[ გიგა შუშანიას ხმა] „ სწორედ იმ საღამოს ენერგოკომპანიამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მთელი ქალაქი არის განათებული. დავიწყეთ შემოვლები და აღმოვაჩინეთ, რომ მოსახლეობა ჩაბნელებული იყო. შემოვლის შესახებ რომ გაიგეს, ორ წუთში განათდა მთელი ქალაქი. ამან გამოიწვია რწმუნებულის აღშფოთება იმ წუთებში.“
რაში გამოიხატა აღშფოთება, ვიცე-გუბერნატორი არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ფიზიკურად გია გეწაძეს არავინ შეხებია. ამავე დროს, გიგა შუშანიას ცნობით, მან არ იცის, მიმართავს თუ არა გუბერნატორი სასამართლოს მისი მისამართით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებების გამო. რაც შეეხება ქუთაისის ელექტრომომარაგებას:
[ გიგა შუშანიას ხმა] „ მას შემდეგ, რაც გუშინ დინ უაითმა გააკეთა განცხადება, რომ ენერგოკომპანიის ოფისმა მუშაობა შეწყვიტა ქუთაისში, მთელი ქუთაისი განათებულია. შეფერხებები არ არის.“
აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ერთი თვის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის გიგლა ბარამიძის ძებნა გამოაცხადა. პროკურატურის ბრალდებით, გიგლა ბარამიძე ამ 3 წლის წინ თავისი მოადგილის ცემაშია ეჭვმიტანილი.
XS
SM
MD
LG