Accessibility links

logo-print

რევოლუციის წლისთავზე ხელისუფლება ეკონომიკური მიღწევებით ამაყობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას, რევოლუციის წლისთავზე, ხელისუფლება, ძირითადად, ამ თარიღის აღნიშვნით და თავისი მოღვაწეობის შედეგების შეფასებით იყო დაკავებული.

„ვარდების რევოლუციიდან“ დღემდე ქვეყანაში, ცხადია, ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ეს ცვლილებები, ძირითადად, პოლიტიკურ და სოციალურ სფეროში მიმდინარეობდა, ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი გარდატეხები დროის ამ მოკლე პერიოდში არც იყო მოსალოდნელი და, შესაბამისად, მისი ხილული ეფექტიც არცთუ შთამბეჭდავად გამოიყურება.

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან პრეზიდენტი და მისი გუნდი საქართველოში ბიზნესგარემოს მკვეთრი გაუმჯობესების პერსპექტივაზე საუბრობენ. იყო ამ დეკლარაციათა რეალიზაციის რამდენიმე მცდელობაც, მაგრამ, ამ მხრივ, ხელშესახები ცვლილებები მაინც უფრო მომავალი წლიდან იქნება მოსალოდნელი. ეკონომიკური ექსპერტები ფიქრობენ, რომ რეფორმა ფორსირებულად უნდა განხორციელებულიყო, რაკი სააკაშვილის მთავრობას ნდობის მაღალი მანდატი აქვს მინიჭებული, და მხოლოდ დეკლარაციებისათვის დრო ნაკლებად უნდა დაგვეკარგა. თუმცა ოპონენტები აქვე თავიანთ კრიტიკულ პათოსს არბილებენ და ამბობენ, რომ გუნდმა, რომელიც ერთი წლის წინ მოვიდა ხელისუფლებაში, პოლიტიკურ-ეკონომიკურად და, რაც მთავარია, მორალურად აბსოლუტურად დეგრადირებული სახელმწიფო ჩაიბარა; ამჟამინდელი მთავრობა ელემენტარული ყოფითი და სასიცოცხლო პრობლემების დაძლევით იყო დაკავებული და გიგანტური რეფორმატორული ნაბიჯებისათვის დრო ნაკლებად ჰქონდა. ერთი წელი, მართლაც, ძალზე მცირე დრო იყო იმისათვის, რომ ხელისუფლებას ეკონომიკის გარდამტეხი შემობრუნება მოეხერხებინა, თუმცა ამ გარდატეხის წინაპირობების შესაქმნელად სავსებით საკმარისი იყო.

აბსოლუტური უმადურობა იქნება იმ სასიკეთო ძვრების დაუფასებლობა, რაც ამ პერიოდში განხორციელდა. წინა წლებისაგან განსხვავებით, მკვეთრად გაიზარდა საბიუჯეტო მაჩვენებლები. უფრო მეტიც, მთავრობამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოახდინა სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება მატების მიმართულებით, მაშინ როდესაც წინა რეჟიმი წელიწადში რამდენჯერმე ცვლიდა ბიუჯეტს, თუმცა სავსებით საპირისპიროდ და ეკონომიკური ტერმინი „სეკვესტრი“ ამ პერიოდში მოსახლეობისათვის რაღაც „მშობლიურ“ ცნებადაც კი იქცა. წელს სერიოზულად ამაღლდა საგადასახადო ადმინისტრირების ხარისხი, თანაც შემოსავლები ხაზინაში შედიოდა რეალურად და არა წინა წლებში აპრობირებული მიწერების, ჩათვლების და „ჰაერის ფულის“ სახით. მნიშვნელოვნად შემცირდა ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი, ჩატარდა მკაცრი ანტიკორუფციული კამპანია; შეიზღუდა სამართალდამცავების თავხედური ზეწოლა ბიზნესზე. ქვეყანამ დაიწყო პენსიონერებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა წლობით ნაგროვები დავალიანებების გასტუმრება. საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ ადამიანთა უმრავლესობას მოემატა ხელფასი და ა.შ. თუმცა ყველა ეს სასიკეთო ცვლილება, ძირითადად, ადმინისტრირების გამკაცრების ხარჯზე მოხდა და მთლიანად სამეწარმეო გარემოს მკვეთრი ლიბერალიზაცია და ბიზნესაქტივობის ზრდა ჯერჯერობით არ შეინიშნება. ამ მხრივ, დანაპირებთა რეალიზაციას მთავრობა მომავალი წლიდან აპირებს, როდესაც ძალაში შევა მთელი რიგი საკანონმდებლო აქტი და, უპირატესად კი, ახალი საგადასახადო კოდექსი. მანამდე კი ბიზნესი მომლოდინე პოზიციაშია და გააქტიურებას არ ჩქარობს. თბილისში ერთ-ერთი მცირე მაღაზიის მფლობელი ქალბატონი აღნიშნავს, რომ მის ბიზნესს წელს სასიკეთო მაინცდამაინც არაფერი დასტყობია, თუმცა იმედი აქვს, რომ ხელისუფლება დანაპირებს პირნათლად შეასრულებს და მომავალი კეთილდღეობაც შორს არ იქნება.

[მცირე მეწარმის ხმა] „ გასულ წელთან შედარებით, დიდი ცვლილებები არ არის ჩვენს ბიზნესში. ეს განაპირობა იმან, რომ ხალხს ეკონომიკურად ძალიან უჭირს. ვაჭრობის სფეროში დიდი ცვლილებები არ არის, მაგრამ გასულ წლებში უფრო გვაწუხებდნენ, შემწუხებელი ბევრი გვყავდა, წელს კი შედარებით არ განვიცდით ამას, მით უმეტეს, ჩვენ იმის იმედი უფრო გვაქვს, რომ მომავალში რასაც გვპირდებიან მთავრობიდან, შესაძლებელია უფრო გაუმჯობესდეს ამ მხრივ მდგომარეობა და, ამდენად, ცვლილებებიც უფრო მოსალოდნელი იყოს მცირე ბიზნესში.“(სტილი დაცულია)

იმის კეთილი სურვილის უქონლობას, რომ ქვეყანაში სამეწარმეო გარემო გაუმჯობესდეს, ბიზნესის წარმოება გამარტივდეს და საინვესტიციო მომხიბვლელობა გაიზარდოს, ხელისუფლებას ნამდვილად ვერავინ დასწამებს. მხოლოდ წელს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 3-4 სერიოზული ბიზნესფორუმი გაიმართა, რომლის მიზანიც უცხოური კაპიტალის დაინტერესება და მათთვის გარანტიების მიცემა იყო, თუმცა, ამ საკმაოდ პომპეზური ღონისძიებების მიუხედავად, შეპირებული „საინვესტიციო წვიმის“ სიმპტომები ნაკლებად ჩანს. ლოგიკურად ეს არც იყო მოსალოდნელი, რადგან ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს დაბალ გადასახადებს და კაპიტალის დაცულობას, მხოლოდ პროექტის სტადიაშია და, ამასთან, ამ პროექტების მიმართაც, იმავე ბიზნესმენთა მხრიდან უამრავი პრეტენზია არსებობს. ამ სირთულეების მიუხედავად, ბევრი აღიარებს, რომ თავად ეკონომიკის მიმართ მიდგომა და სახელმწიფოს განვითარება საქართველოს ხელისუფლებას დეკლარაციულად მაინც სწორად წარმოუდგენია. მიხეილ სააკაშვილი თავის საჯარო გამოსვლებში ხშირად აღნიშნავს, რომ ქვეყნის განვითარების მთავარი საფუძველი ძლიერი ეკონომიკაა, რომელსაც ძლიერი მეწარმე ქმნის და პირადად პრეზიდენტიც ბიზნესის პირველი დამცველი იქნება:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ბიზნესმენებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი არიან დაცული. მე მიმაჩნია, რომ მათ ჩვენ მივცემთ საშუალებას, რომ ფეხზე დააყენონ საქართველო, იმიტომ რომ საქართველო ფეხზე ეკონომიკამ უნდა დააყენოს და ეკონომიკა კი ფეხზე უნდა დააყენოს ქართულმა ბიზნესმა. ამას ვერ შეძლებს ვერც ოქრუაშვილი, ვერც ადეიშვილი, ვერც თუნდაც ნოღაიდელი, რომელსაც ეს ეხება, ვერც პრემიერ-მინისტრი და ბენდუქიძე და ვერც მთელი მთავრობა, ჩემი ჩათვლით. ამას შეძლებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან მატერიალურ დოვლათს, ეს არის კერძო ურთიერთობების მონაწილეები.“

ხმაურიანი ანტიკორუფციული ღონისძიებების, საბიუჯეტო სფეროში მიღწეული წარმატებებისა და მცირე, მაგრამ მაინც, ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ეკონომიკურ-სოციალური ფონი დამძიმებულია. რევოლუციის წლისთავზე ხელისუფლებას საამაყო, რა თქმა უნდა, აქვს, თუმცა მიღწევებს საზრუნავი აშკარად სჭარბობს და, თუ დეკლარირებული რეფორმები სწრაფად არ განხორციელდა და ეკონომიკურ გარემოს ლიბერალიზაციის სახიერი კვალი არ დაემჩნა, არც მოსხლეობის კეთილგანწყობა იქნება მუდმივი და, ვშიშობთ, არც ხელისუფლების რეიტინგი - შეუცვლელად მაღალი.
XS
SM
MD
LG