Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზურმა პარლამენტმა სერგეი ბაღაფში პრეზიდენტად აღიარა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი უკრაინის მსგავსად, საარჩევნო ვნებები აფხაზეთშიც ბობოქრობს. 3 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამარჯვებულის დადგენა

თვითაღიარებულ რესპუბლიკაშიც პრობლემური გახდა. გუშინ, 26 ნოემბერს, აფხაზური ოპოზიციის ლიდერის სერგეი ბაღაფშის გამარჯვება აფხაზურმა პარლამენტმაც დაადატურა.

სერგეი ბაღაფშის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების აღიარებამდე აფხაზურმა პარლამენტმა ერთი მნიშვნელოვანი კანონი მიიღო, რომელიც აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის სტატუსს განსაზღვრავს. კანონის თანახმად, ვლადისლავ არძინბა მიიღებს ერთჯერად დახმარებას, რომელიც პრეზიდენტის 10 წლის ხელფასის ოდენობის იქნება - ეს 300 ათასი მანეთია, ანუ 10 ათას დოლარზე მეტი. გარდა ამისა, არძინბას ყოველთვიური ხელფასიც დაენიშნა და ბიუჯეტის ხარჯზე თანაშემწეების შტატიც ეყოლება. კანონით, არ შეიძლება ვლადისლავ არძინბას სისხლის ან ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას ჩადენილი დანაშაულობებისთვის; აკრძალულია მისი დაკავება, დაპატიმრება, ჩხრეკა, დაკითხვა და ა.შ.
რეალურად, ამ კანონის მიღებით, აფხაზურმა პარლამენტმა ვლადისლავ არძინბას ხელშეუხებლობის გარანტიები მისცა. თუმცა, მთლიანობაში, ვლადისლავ არძინბა კმაყოფილი არ უნდა იყოს - იგი მოითხოვდა, რომ კანონს განესაზღვრა მისი შვილების და შვილიშვილების ფინანსური და სოციალური პრივილეგიები, რაც მათ არძინბას სიკვდილის შემდეგაც უნდა შენარჩუნებოდათ. გარდა ამისა, სოხუმის ხელისუფლების ლიდერი მკურნალობისთვის ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 50 ათასი დოლარის გამოყოფასაც მოითხოვდა, მაგრამ აფხაზური პარლამენტის წევრებმა ასეთი თანხებისა და პრივილეგიების დაწესება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.
შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ 26 ნოემბერს აფხაზური პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 3 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაწყებულ კრიზისს წერტილს დაუსვამს? - ამაზე ცალსახა პასუხი ჯერ არ არსებობს. როგორც იცით, მანამდე არჩევნებში გამარჯვებულად სერგეი ბაღაფში საარჩევნო კომისიამაც აღიარა და აფხაზურმა უზენაესმა სასამართლომაც, თუმცა ამას ხელისუფლების მხრიდან არჩევნებში დამარცხების აღიარება არ მოჰყოლია. მეტიც - ჯერ კიდევ 25 ნოემბერს ნოდარ ხაშბა აცხადებდა, რომ ვლადისლავ არძინბა 6 დეკემბრის შემდეგ არ გეგმავდა თანამდებობიდან გადადგომას - არადა, ოპოზიცია 6 დეკემბერს სერგეი ბაღაფშის ინაუგურაციას გეგმავს. გუშინვე მოსკოვში კონსულტაციებისთვის გაემგზავრა მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრის იმედი ოპოზიციასაც აქვს. თუმცა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საეჭვოა, რუსეთი აქტიურად ჩაერთოს აფხაზეთის პოლიტიკაში.
დაბოლოს, როგორც ჩანს, სერგეი ბაღაფშის გამარჯვება აფხაზეთში არავის აეჭვებს. ჟურნალ “ნიუს ვიკის” ცნობით, დღეს სოხუმში ასეთი ხუმრობაც ხშირად ისმის: როცა სოხუმის ბულვარზე ნარდის მოთამაშეებიდან აშკარად წაგებული მხარე თამაშს მაინც აგრძელებს, პარტნიორი ეუბნება, რა ხაჯიმბასავით იქცევიო.
XS
SM
MD
LG