Accessibility links

logo-print

რევოლუციური კანონპროექტი: საქართველოს ხელისუფლება პრივილეგირებულ უმაღლეს სასწავლებლებს სამხედრო კათედრების გარეშე ტოვებს


განათლების რეფორმის შესახებ კანონპროექტის გარდა,

საქართველოს ხელისუფლება უმაღლეს სასწავლებლებს კიდევ ერთ “არასასიამოვნო სიურპიზს” უმზადებს. ლაპარაკია პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტზე, რომელიც ფუნქციას უკარგავს უმაღლეს სასწავლებლებში მოქმედ სამხედრო კათედრებს. აღნიშნული ინსტიტუტი, რომელიც დიპლომთან ერთად სტუდენტს პირველად სამხედრო წოდებასაც ანიჭებდა, რექტორატისთვის მსენელთა მიზიდვის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდა. ამასთან, სამხედრო კათედრების გაუქმებით უმუშევრად დარჩენა ემუქრება რამდენიმე ასეულ პედაგოგს და გადამდგარ ოფიცერს, რის გამოც კანონპროექტის მეორედ და მესამედ განხილვას პარლამენტში წინ დიდი ვნებათაღელვა ელის.


სამხერდო კათედრა მოქმედებს საქართველოს 12 უმაღლეს სასწავლებელში, რომელთა კედლებს ყოველწლიურად 5000-მდე მამრობითი სქესის ახალგაზრდა ტოვებს. გარკვეულ პერიოდში, როდესაც ოფიცრის სპეციალობა საქართველოში დეფიციტური იყო, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო კათედრადამთავრებულ ყველა სტუდენტს უმცროსი ლეიტენანტის წოდებას ავტომატურად ანიჭებდა. მაგრამ სამ-ოთხ წელიწადში საქართველოში იმდენი თადარიგის უმცროსი ლეიტენანტი დაგროვდა, რომ თავისუფლად გასწვდებოდა საქართველოზე ათჯერ დიდი ქვეყნის სამობილიზაციო მოთხოვნებს. შედარებისათვის: საბჭოთა კავშირის არსებობის დროს საქართველოში მხოლოდ ოთხ უმაღლეს სასწავლებელს ჰქონდა სამხედრო კათედრა, უმცროსი ლეიტენანტის წოდება კი მხოლოდ 400 კაცს ენიჭებოდა, ისიც ურთულესი სამთვიანი საველე შეკრების შემდეგ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის დავით სიხარულიძის თქმით, სამხედრო უწყების მიერ წარდგენილი ცვლილებები მთლიანად სამხედრო სამსახურის გავლის წესს შეეხება. ცვლილება შეეხება უმაღლესი სასწავლებლების იმ სტუდენტებსაც, რომლებიც სამხედრო კათედრებზე ეუფლებოდნენ სამხედრო სპეციალობებს.

[დავით სიხარულიძის ხმა] “ყველა უმაღლესდამთავრებული და სამხედრო კათედრაგავლილი შეიძლება გაწვეული იქნეს ჯარში. თუ მათი სურვილი იქნება და თავდაცვის სამინისტროც გადაწყვეტს, რომ სჭირდებათ ოცმეთაური, ისინი გაივლიან მომზადებას სამხედრო აკადემიაში, ეროვნულ გვარდიაში ან სერჟანტების სკოლაში.”

სამხედრო კათედრებს, თავის დროზე, პირველი სერიოზული დარტყმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ მიაყენა, რომელმაც აკრძალა სამხედრო კათედრადამთავრებული სტუდენტებისათვის უმცროსი ლეიტენანტის წოდების მინიჭება. მაგრამ ვიდრე იარსებებს დანგრეული ყაზარმები, ჩაუცმელი და მშიერი ჯარი, სამხედრო კათედრა მიმზიდველობას არ დაკარგავს. შეძლებული ოჯახებიდან გამოსული აბიტურიენტების უმრავლესობა ბოლო დრომდე სწორედ იმ უმაღლეს სასწავლებლებს ეტანებოდა, სადაც სამხედრო კათედრა ფუნქციონირებს. სწავლის ქირაც ამ სასწავლებლებში ბევრად მაღალია. შესაბამისად, ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ამ კატეგორიის მშობლებს დამატებითი საფიქრალი გაუჩნდებათ, ამბობს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტის მშობელი, რომელიც თავად დაგვიკავშირდა რედაქციაში:

[ერთ-ერთი მშობლის ხმა] “ჩემი შვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობს, მეოთხე სემესტრია უკვე გადის სამხედრო მომზადებას სამხედრო კათედრაზე. ვინაიდან კანონს უკუქმედების ძალა არა აქვს, ამას უნდა დაამთავრებინონ სწავლა, მიანიჭონ წოდება და შემდეგ გაიწვიონ, თუკი საჭიროა, შეიარაღებულ ძალებში. აქვე არიან არასაბიუჯეტო სწავლების სტუდენტები, რომლებიც იხდიან სამხედრო სწავლების საფასურს, საიდანაც ფული შედის ბიუჯეტში. დაუბრუნებენ კი მათ ამ ფულს? აგებს პარლამენტი ამაზე პასუხს?”

სამხედრო კათედრების ხელაღებით გაუქმებას ეწინააღმდეგება საქართველოს ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგენავა, პარლამენტის ყოფილი წევრი, და აფრთხილებს ხელისუფლებას, სიჩქარეში არ გაიმეოროს წინამორბედთა შეცდომა, რაც 1993-94 წლებში საშუალო სკოლებში სამხედრო სწავლების გაუქმებას მოჰყვა:

[ჰამლეტ გეგენავას ხმა] “იყო ბაზა მშვენიერი, მასწავლებლები. დაინგრა ბაზა, მასწავლებლები გაუშვეს და ნახევარი წლის შემდეგ ისევ შემოვიდნენ წინადადებით, ისევ აღვადგინეთ, მაგრამ ყველაფერი დანგრეული დარჩა.”

უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო კათედრების გაუქმებისას დიფერენცირებულ მიდგომას ემხრობიან დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტებიც. გაზეთ “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად სამხედრო კათედრების გამოყენება შეიძლება იმ უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც გამოცდილი კადრები მუშაობენ და სათანადო სასწავლო ბაზაც არსებობს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “მე ვფიქრობ, რომ ამ კათედრების უფრო ეფექტურად გამოყენება შეიძლება რეზერვის მომზადების საკითხებში. რადგან ამ კათედრებზე არიან ის მასაწავლებლები, რომელთა გადარჩევის შემთხვევაში, ისინი გაუძღვებიან ამ საქმეს.”(სტილი დაცულია)

სხვათა შორის, საქართველოს პრეზიდენტისაგან ანალოგიური დაპირება უკვე მიიღეს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ორი კვირის წინ გამართულ შეხვედრაზე. აღნიშნული კანონპროექტი კი, რომელიც ასევე მიხეილ სააკაშვილის საკანონმდებლო ინიციატივით შევიდა პარლამენტში, სრულიად საპირისპიროს აკანონებს, აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტის გაკვირვებული მშობელი:

[ერთ-ერთი მშობლის ხმა] “ მე პირადად ვესწრებოდი პრეზიდენტის შეხვედრას პროფესორ-მასწავლებლებთან 16 ნოემბერს, სადაც მან განაცხადა, რომ ქვეყნის ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად საჭიროა ბევრი რეზერვისტის მომზადება, რისთვისაც გამოყენებული იქნება სამხედრო კათედრები. პარლამენტი კი ამ კათედრებს აუქმებს.”


პერსპექტივაში, რეზერვისტების მომზადებას სამხედრო კათედრებზე არ გამორიცხავს თავდაცვის სამინისტრო, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიარაღებულ ძალებში საშტატო თანამდებობების შემცირება მოხდება, საბოლოოდ დადგინდება ზუსტი რიცხოვნება და გაირკვევა, თუ რა სახის სპეციალისტების მომზადებაზე უნდა მისცეს შეკვეთა სამხედრო უწყებამ სამოქალაქო სასწავლებლებს. შესამცირებელი კი არის, არც მეტი არც ნაკლები, 4 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პერსონალი, რასაც, ზემოხსენებული ცვლილების დაკანონების შემთხვევაში, სამხედრო კათედრის რამდენიმე ასეული პედაგოგიც დაემატება.
XS
SM
MD
LG