Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

[მუსიკა. ჰიმნი] თუ იმ კლიპის სცენარი


[მუსიკა. ჰიმნი] თუ იმ კლიპის სცენარი,

რომელსაც 23 ნოემბერს ჩვენი სატელევიზიო არხებით თითქმის ყოველ ნახევარ საათში ერთხელ უჩვენებდნენ და რომელმაც მართლაც დაგვაზეპირებინა ქვეყნის ახალი ჰიმნი, საქართველოს პრეზიდენტის დაწერილია, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული სფერო განათლება და ძლიერი ჯარის შექმნაა... კლიპის ავტორებს არც მართლმადიდებლური ტაძარი დაავიწყდათ, არც სოფლის მეურნეობა, წარმოება, მაგრამ სკოლამ და ჯარმა მაინც განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა “ვარდების რევოლუციის” წლისთავისთვის საგანგებოდ გადაღებულ სატელევიზიო კლიპში... და, ცხადია, დროშამაც, რომელსაც ჰიმნის ვიდეოვერსიაში ბავშვები აღმართავენ... დროშა ახალია, ბავშვები ჯერ მხოლოდ იწყებენ სწავლას – “აი იას” კითხულობენ და აბა, რა უნდა მოვთხოვოთ ჯერ ქვეყანას, რომელიც სწავლას მხოლოდ ერთი წელია, რაც შეუდგა...

მიუხედავად ამისა, საქართველომ მაინც აღნიშნა ერთი წლის წინ მომხდარი მოვლენა – წინაპრებიც გაიხსენა, იუნკრებიც, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობას შესწირეს თავი (გაიხსნა ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლთა მემორიალი), “ვარდების რევოლუციას” სამების ტაძრის გახსნაც დაამთხვია, მაგრამ 2004 წლის “გიორგობა დღეს” გამართულ კულტურულ ღონისძიებებზე მთავარი მაინც ერთი წლის წინ მომხდარი მოვლენების გახსენება იყო. ქალაქის მერიის წინ გამართულ კონცერტზე “ზუმბა” თითქოს სიმღერით იმართლებდა თავს:

[“ზუმბას” ხმა] “ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების, კიდევ ბევრჯერ მოგვიხდება ხსენება ძველი ამბების.”

ძველი ამბების გახსენებას ცოტა ამინდმა შეუშალა ხელი – ერთი კვირის წინ ღონისძიებების მთავარი რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავდა, წვიმა დამღუპველი იქნება ჩვენთვისო... 23 ნოემბრის თბილისი წვიმას გადაურჩა, მაგრამ ჩრდილოეთიდან დაბერილმა ცივმა ქარმა ღონისძიებების ხარისხზეც იმოქმედა და მასშტაბებზეც. თუმცა ჩრდილოეთის ქარმა დრამატურგიულად გააერთიანა კიდეც ეს ყველაფერი – ჩრდილოეთის ქარი “ვარდების რევოლუციის” წლისთავის მხატვრული სახე გახდა. “წვიმის მუსიკოსებმა”, რომლებიც, ქართული ესტრადის სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, ყოველთვის გამოირჩეოდნენ იმპროვიზაციის უნარით, შესაბამისად შეცვალეს რეპერტუარი და ღონისძიება, რომელიც ჩაფიქრებული იყო როგორც სანახაობრივი და თეატრალური რიტუალი, უშუალობით და ბუნებრიობით გაამდიდრეს. მოკლედ, ჩრდილოეთიდან დაბერილ ქარს არ შეუშინდნენ.

]“ზუმბას” ხმა] “ქარის მოტანილს ისევ ქარი წაიღებს, გამგები გაიგებს.”

ცოტა ხანში “ზუმბას” ნიაზ დიასამიძეც შეუერთდა.

[ნიაზ დიასამიძის ხმა] “ქარი ქრის... ქარია, მაგრამ ჩვენია, თუნდაც სხვა ქვეყნიდანაა მოსული, მაგრამ ჩვენია.”

ეს ქარი საკმაოდ ცივი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მას “ჩვენი” ვუწოდოთ. ყოველ შემთხვევაში, ამინდმა აშკარად გაუფუჭა გუნება მერიასთან შეკრებილ ახალგაზრდებს. ვიღაცას ისე შესცივდა, რომ რაღაც “გადაკრა” კიდეც... რაღაც სპირტიანი.

[ნიაზ დიასამიძის ხმა] “გენა აქ ყოფილა... ნუ მივაწვებით, ნუ მივაწვებით, ახლა ჩვენ გველოდება სოფთ ეჯექტი... ამიტომ არ მოიწყინოთ, გახურდით და ნუ მიაწვებით.”

ნიაზ დიასამიძეს ნაწილობრივ დაუჯერეს – გახურდნენ, მაგრამ მაინც მიაწვნენ. როცა “სოფთ ეჯექტი” უკრავდა, რამდენიმე ნასვამმა ახალგაზრდამ სცენაზე ასვლა გადაწყვიტა.

[ხმაური კონცერტზე. - ”რა გინდა, შვილო, სცენაზე”... “მუსიკა, მუსიკა!” “მიშა, მიშა!”]

“მუსიკა, მუსიკა!” “მიშა, მიშა!” –ყვიროდნენ ახალგაზრდები. ხელში პლაკატები ეჭირათ “კმარა შევარდნაძე”, “კმარა აბაშიძე”, “გადადექი”... ეს ისე, ძველი ამბების გახსენებისთვის... თუმცა, როგორც დავინახეთ, ფონოგრამაზე გამართულ კონცერტებს მიჩვეული ახალგაზრდობა, პომპეზურობასა და სიყალბეზე აღზრდილი, მოუმზადებელი აღმოჩნდა ასეთი უშუალობისათვის, ან მეტისმეტად სწორხაზოვნად აღიქვეს თუნდაც “ზუმბას” მოწოდება:

[“ზუმბას” ხმა] “ხშირად უაზრო ლოდინი არაფერს არ გვპირდება, ერთი ადგილის განძრევა დღეს ჰაერივით გვჭირდება.”

“გაანძრიეს” ერთი ადგილი და სცენაზე ავარდნენ. ეტყობა მართალი იყო საქართველოს ჰიმნის ვიდეოვერსიის ავტორი – ქვეყანას განათლება და კულტურა სჭირდება... მნიშვნელოვანია, რომ ამ კლიპში ბავშვებთან ერთად უცხოეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე პაატა ბურჭულაძე მღერის... საქართველოში ამ ხალხის დაბრუნების აუცილებლობაზე მიხეილ სააკაშვილმაც თქვა ერთი-ორი სიტყვა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ბევრი ადამიანი გაიქცა საქართველოდან, მაგრამ ჩვენ ამ ხალხს დავაბრუნებთ, იმიტომ რომ - როგორც ნინო ანანიაშვილი, როგორც რამდენიმე ათეული ჩვენი მეცნიერი, როგორც თუნდაც ჩვენი მთავრობის მინისტრები, ჩვენი ბიზნესმენები – ისინი ხვდებიან, რომ უცხოურ ოქროს სჯობს შენი სამშობლოს სპილენძი და ვერცხლი.”

პაატა ბურჭულაძე ჰიმნის კლიპებში მღერის, მაგრამ საქართველოში მუშაობას, როგორც ჩანს, ჯერ არ აპირებს, განსხვავებით ნინო ანანიაშვილისგან, რომელმაც 23 ნოემბერს უამინდობის გამო პარლამენტის წინ ვერ იცეკვა, და განსხვავებით “მთავრობის მინისტრებისგან”... საქართველოში ისინი “ჩრდილოეთის ქარმა” ჩამოიყვანა. ერთ-ერთი მათგანის, ეკონომიკის მინისტრის, უწყებამ ამ კვირაში განაცხადა, რომ უახლოეს ხანში აპირებს შპს “საქწიგნის” პრივატიზაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რეგიონებში პრაქტიკულად აღარ იარსებებს წიგნის მაღაზიები. ბატონი ბენდუქიძის მოადგილემ აგვიხსნა, რომ წიგნის მაღაზიების გაყიდვა ეკონომიკის სამინისტროს “ბაზარმა” უკარნახა:

[ნათია თურნავას ხმა] “არ შეიძლება ათი წლის მანძილზე, ოცი წლის მანძილზე სულ წიგნით ვაჭრობა. თვითონ ბაზარი არეგულირებს ამას. წიგნზე რა მოთხოვნილებაც არსებობს საზოგადოებაში, იმ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს, ცხადია, ვაჭრობაც.”

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნათია თურნავა ტელევიზიისთვის ინტერვიუს, როგორც წესი, ერთსა და იმავე ფონზე იძლევა ხოლმე... მის სამუშაო კაბინეტს ღვთისმშობლის ხატი ამშვენებს. ეტყობა, ესეც “ბაზრის მოთხოვნაა” – სამინისტრო ხალხს აჩვენებს, რომ დღევანდელ ქართულ ეკონომიკას მართლმადიდებლები ხელმძღვანელობენ. “ერთმორწმუნე ძმები” კი ჩრდილოეთიდან არა მარტო ქარს და არა მარტო მინისტრებს გვიგზავნიან, ისინი ყურადღებით აკვირდებიან, როგორ ზეიმობს საქართველო “ვარდების რევოლუციის” წლისთავს. საეჭვოა, მათ მოსწონებოდათ “წვიმის მუსიკოსების” აქცია 23 ნოემბერს, მით უმეტეს, რომ იმ ხალხმა, ვინც “ვარდების რევოლუციის” წლისთავზე მერიის წინ იმღერა, იმავე საღამოს კიევში წასვლა გადაწყვიტა და “რევოლუციური სიმღერებით” იუშჩენკოს მხარდამჭერები გაამხნევა.

აი, სამების ტაძრის კურთხევის რიტუალი კი, ეტყობა, ძალიან მოეწონათ. 24 ნოემბერს ტელეკომპანია “მზის” ეთერში რუსეთის დუმის დეპუტატმა, ერთმა ქალბატონმა, აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინულად ლაპარაკობს, მნიშვნელოვან რელიგიურ ღონისძიებაზე კი სამი საათით იგვიანებსო.

იქ, საიდანაც ჩრდილოეთის ქარი უბერავს, დისციპლინა უყვართ – უყვართ მწყობრი მოძრაობები, მკაფიო ხაზები, ზუსტად დაცული დისტანციები, პომპეზურობა, მასშტაბურობა... შესაძლოა, 23 ნოემბერს სწორედ ასეთი გრანდიოზული სანახაობა გვენახა, რომ არა ჩრდილოეთის ქარი, რომელმაც ყველაფერი აურია... ქარის მოტანილი ისევ ქარმა წაიღო - რევოლუციის წლისთავზე უკვე ვისწავლეთ ჩვენი ეროვნული ჰიმნი და პირველი კლასიდან მეორეში გადავედით.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG