Accessibility links

logo-print

რა სჭირდება საქართველოში საარჩევნო სისტემის სრულყოფას

  • ნინო როდონაია

ათ წელზე მეტია საქართველოს ხელისუფლება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.

პარალელურად საზოგადოების ლექსიკაში უკვე დიდი ხანია დამკვიდრდა ისეთი სიტყვები, როგორიცაა არჩევნების გაყალბება და ,,საარჩევნო კარუსელი,” ხელისუფლების მიერ საარჩევნო სისტემის საკუთარ ინტერესებზე მორგება კი თითქმის პრაქტიკად იქცა.
ამ დღეებში გაჩნდა იმის იმედი, რომ საქართველოში ამგვარი პრაქტიკა წარსულს ჩაბარდება.


შარშანდელი შემოდგომის მიწურულს, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი რევოლუციურ ეიფორიაში იმყოფებოდა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანმა არჩევნებმა” გენერალურ პროკურატურას მოსთხოვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ წევრების მიმართ, რომლებმაც ხელი მოაწერეს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ოქმს.
მოთხოვნას აქტიურად გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე, რომელიც იმ პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა, და განაცხადა, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც კანონის და ხალხის ინტერესთა საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
მას შემდეგ ზუსტად ერთი წელი გავიდა. ამ პერიოდში ,,სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა და ერთი საპრეზიდენტო და ერთიც საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოასწრო.
თბილისის ამჟამინდელი მერის ხელმძღვანელობით მარტში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი აქტიური კრიტიკოსი კი კვლავ ,,სამართლიანი არჩევნები” იყო.
ორგანიზაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელს თამარ ჟვანიას დღესაც მიაჩნია, რომ საარჩევნო პროცედურებისა და კანონის დამრღვევები უნდა ისჯდებოდნენ:

[თამარ ჟვანიას ხმა] ,,მე მიმაჩნია, რომ ნამდვილად უნდა შეიქმნას ასეთი პრეცედენტები და ,,სამართლიანმა არჩევნებმა” სწორედ იმიტომ მიმართა პროკურატურას ამ საქმეების ძიების მოთხოვნით. ასეთი პრეცედენტები არა მხოლოდ არჩევნებთან მიმართებაში, არამედ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში უნდა იყოს მრავლად, რაც გაზრდის მოქალაქეთა კანონმორჩილებას და მათ პასუხისმგებლობას.”(სტილი დაცულია)

პასუხისმგებლობისა და, საერთოდ, საარჩევნო კულტურის დეფიციტზე მიუთითებს ის, რომ არჩევნებზე ფიქრი და საუბარი საქართველოში უშუალოდ არჩევნების მოახლოებისას იწყება, - მიაჩნია პარლამენტის ყოფილ წევრს ვახტანგ ხმალაძეს, რომელსაც, როგორც საკანონმდებლო საკითხთა ექსპერტს, პერიოდულად ამჟამინდელი ხელისუფლებაც მიმართავს:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] ,,არანაირად არ არის სწორი, როდესაც მხოლოდ მაშინ იწყება არჩევნებზე საუბარი, როდესაც კონკრეტული არჩევნები მოგვადგება კარს. ჩვენი საზოგადოება შორს არის ამ მდგომარეობიდან. ჩვენ ჯერ კარგად არც ის გვაქვს გაცნობიერებული, რა არის თავისუფლება და ჩვენი საზოგადოება ვერც იმას გრძნობს, რომ ის არის პასუხისმგებელი ხვალინდელ დღეზე.”

საბედნიეროდ, საზოგადოებაში არსებობენ ისეთებიც, რომლებიც, ვახტანგ ხმალაძის მსგავსად, ამგვარ პასუხისმგებლობას გრძნობენ.
ამ შემთხვევაში საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილზე, რომელმაც ამ დღეებში ხელისუფლება აიძულა უარი ეთქვა დაჩქარებული წესით საარჩევნო კოდექსის კიდევ ერთხელ შეცვლაზე.

[თამარ ჟვანიას ხმა] ,,მე თავიდან მქონდა განწყობა, რომ ხელისუფლება, შესაძლოა, არ წამოსულიყო ამ დათმობაზე. მაგრამ დათმობაზე წამოვიდა და არ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება.”

ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საარჩევნო პრობლემებზე მუშაობენ, მიაჩნიათ, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემის სრულყოფას მხოლოდ ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლა ვერ უშველის, რადგან აუცილებელია კომპლექსური ცვლილებები. მესამე სექტორი ხელისუფლებას ერთად მუშაობას სთავაზობს, რათა, როგორც თამარ ჟვანია ამბობს:

[თამარ ჟვანიას ხმა] ,,მოვამზადოთ საჯაროდ კანონპროექტი, რომელიც საბოლოოდ მისცემს ჩვენს საარჩევნო კანონს ისეთ სახეს, რომ აღარ შეიცვალოს ყოველთვიურად და არ მოხდეს მისი მორგება კონკრეტულ სიტუაციებზე.”

მიუხედავად ხელისუფლებისგან დათმობის პრეცედენტისა, საზოგადოების ნაწილში კვლავ არსებობს გარკვეული ეჭვი, კერძოდ, ის, რომ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ხელს უწყობდნენ საქართველოში არჩევნების გაყალბებას, კვლავ ხელისუფლებაში არიან და არც შესაბამისი ტექნოლოგიები დავიწყებიათ. ამასთან, საქართველოში ახსოვთ განრისხებული ამომრჩევლების მარშად წოდებული აქციაც, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება შარშანდელი რევოლუციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ შტრიხად მიიჩნევს.
თუკი ხალხის მიერ საკუთარი საარჩევნო ხმების დაცვის საბაბით შარშან შემოდგომაზე დაწყებული პროცესის ერთ-ერთი ლოგიკური გაგრძელება, მართლაც, საარჩევნო სისტემის სრულყოფის სურვილი იქნება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება მავნე ჩვევას ეთხოვება.
XS
SM
MD
LG