Accessibility links

logo-print

ირაკლი ოჩიაური


ერთი კვირის წინ ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში

“ოქროს საუკუნე” შემოგთავაზეთ ინტერვიუ ცნობილ ქართველ მოქანდაკესთან, ირაკლი ოჩიაურთან, რომელსაც 20 ნოემბერს 80 წელი შეუსრულდა. იუბილარს მე სახელოსნოში ვესტუმრე და ვესაუბრე ქართული ჭედური ხელოვნების აღორძინებაზე მეოცე საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში. მაგრამ ირაკლი ოჩიაური არა მარტო აღორძინების, არამედ ჭედური ხელოვნების კრიზისის თემასაც შეეხო. რატომ გადაიქცა ჭედური ხელოვნება – კიტჩად?


[ირაკლი ოჩიაურის ხმა] “სადღაც 70-იანი, 80-იანი წლებიდან ჩაქრა ინტერესი – მოხდა ბაზრის გადაჯერება... მერე გამოირკვა, რომ საქმე გვაქვს უგემოვნო ნაკადთან ხელოვნებაში.... მხატვრები, რომლებიც ამ დარგში მუშაობდნენ – ჩემს თავზე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ დამწყები ვარ, ამიტომ არხეინად ვარ – დანარჩენები ყველა ისეთი აღმოჩნდა, რომელთაც ქანდაკებაში მოცარული ჰქონდათ ხელი და არაფერს წარმოადგენდნენ. ამიტომ ამ აჟიოტაჟის ტალღაზე მოიქცნენ – უგემოვნება, დეკორატიული ელემენტით გაჯერებული... სადაც დეკორატიულობა შედის, ჩემი აზრით, მხატვრობის ხარისხი ეცემა.”

ირაკლი ოჩიაური თავის თავზე ამას ვერ იტყვის... და ვერც ვერავინ დასწამებს გემოვნების დეფიციტს ნამუშევრებში... და არა მარტო იმიტომ, რომ პირველი იყო, ვინც ქართული ჭედური მხატვრობის აღორძინება გადაწყვიტა... ოჩიაურს თითქმის არასდროს შეუქმნია მხოლოდ და მხოლოდ დეკორატიული ჭედური კომპოზიციები... პირიქით, ჭედურ ნამუშევრებში იგი, პირველ რიგში, მოქანდაკეა, პლასტიკური საწყისი მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დეკორატიული ეფექტი... ამის ნიმუში ბევრია, თუნდაც თბილისში, ქორწინების სახლის კედელზე დაკიდებული ბარელიეფები – ხაზის რიტმი, ფაქტურათა მრავალფეროვნება მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თვალისმომჭრელი დეკორატიულობა, რომელსაც ასეთი ტიპის ნამუშევრების დამკვეთი ითხოვს ხოლმე მხატვრისგან... და ეს ყველაფერი არ იყო უბრალო აკვიატება – სანამ ჭედურ ხელოვნებაში დაიწყებდა მუშაობას, ირაკლი ოჩიაურმა ძალიან კარგად შეისწავლა ის, რისი აღორძინებაც დაიწყო:

[ირაკლი ოჩიაურის ხმა] “მე-12 საუკუნეში ქართული ჭედურობის ნიმუშები, ე.ი. ხატები, მართალია, “გამოყენებით” როლს ასრულებდა, მაგრამ განა შეიძლება დღევანდელი გაგებით ეს ხელოვნება “გამოყენებითად” ჩავთვალოთ? განზოგადება იქ დიდია და არა ნატურალისტური... ბიზანტიური მინანქრისგან ქართული მინანქარი ამით განსხვავდება – იმათი უფრო ხელოსნურია.... ჭედური ხელოვნებისადმი ჩვენი დამოკიდებულება აქედან უნდა გამომდინარეობდეს.”

რა გამოდის? რომ 50-იან, 60-იან წლებში ხელოვნებისადმი ჩვენი დამოკიდებულება, ირაკლი ოჩიაურის სიტყვებით რომ ვთქვათ, “აქედან გამომდინარეობდა”, 70-იანი წლებიდან კი, როცა კრიზისი დაიწყო – არა? 60-იან წლებში მყიდველი ერკვეოდა, ერთმანეთისგან არჩევდა მაღალ ხელოვნებას და მის სუროგატს, 70-იანი წლების მიწურულიდან კი - არა?

[ირაკლი ოჩიაურის ხმა] “ახლა მყიდველი ერკვევა? აი, ახალი, თანამედროვე ხელოვნება – განა ამაში შეიძლება გავერკვეთ, რა ხდება? მხოლოდ მიკერძოება ან სნობური დამოკიდებულება ამ მხატვრობისადმი - რახან ახალია, მოდაშია, ე.ი. კარგია... მე თავის მოტყუება არ შემიძლია, განა იმიტომ, რომ კონსერვატორი ვარ, უბრალოდ, ვხედავ, რომ არაფერი არ არის...”

იგი აღიარებს, რომ კონსერვატორია... თუმცა მისი ეს კონსერვატიზმი კულტურაში ჩაღრმავებას, კულტურული წარსულის თითქმის პედანტურ შესწავლას უფრო ნიშნავს, ვიდრე წარსულისთვის უპირატესობის მინიჭებას. პირადად მე, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, სწორედ ირაკლი ოჩიაურის სახლში მოვისმინე პირველად როკ-ოპერა “იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი”, პოლ მაკარტნის დისკები... ამავე დროს ვიცოდი, რომ ირაკლი ოჩიაური კლასიკური მუსიკის დიდი მოტრფიალე იყო... იგი კონსერვატორია იმიტომ, რომ არ უყვარს სნობები:

[ირაკლი ოჩიაურის ხმა] “ძირითადი ნაწილი ჩვენი მხატვრებისა, ვინც ჭედურ ხელოვნებაში მუშაობდა, მიმართავდნენ სტილიზაციას, დეკორს... მხატვრული აზროვნება, რაც ძველ ქართულ ჭედურ ხელოვნებაში გვქონდა, ახალ ჭედურ ხელოვნებაში არ განვითარდა. მეტალს აქვს თვისება, რომ თავისთავად ძალიან დეკორატიულია და შეიძლება მისი ტონირება, დამუშავება და ვიღებთ ძალიან ლამაზ ეფექტს, მაგრამ მხატვრობაში ლამაზი არაფერი არ არის, არაფერი მნიშვნელობა არა აქვს – ეს მიდის თვალისთვის სასიამოვნო რაღაცეებისკენ, მაგრამ არა იმისკენ, რასაც “მხატვრობა” ჰქვია. ამიტომ არ განვითარდა და არა სიღატაკის და გაჭირვების გამო.”

ჩვენთან საუბარში ირაკლი ოჩიაური არ ასახელებს იმ მხატვრებს, რომლებიც ქართული ჭედური ხელოვნების დისკრედიტაციაში შეიძლება დავადანაშაულოთ; უფროს თაობას კარგად ახსოვს სუვენირების მაღაზიები, სადაც საეჭვო გემოვნების ჭედური ნაკეთობები იყიდებოდა... საქართველოში ჩამოსული ტურისტები კაპიკებად ყიდულობდნენ ამ ნაწარმს... ჭედური ბარელიეფებით აფორმებდნენ რესტორნებს, სახინკლეებს... მერე კი ყველას ერთად მობეზრდა ჭედური ხელოვნება. ეს პროცესი დაემთხვა თანამედროვე ხელოვნების საერთო კრიზისს, რომლის შესახებ დღეს დიდი გულისტკივილით საუბრობს 80 წლის მხატვარი:

[ირაკლი ოჩიაურის ხმა] “თანამედროვე მხატვრობა, ჩემი აზრით, სიღრმისკენ არ მიისწრაფვის... გააკეთო ისეთი რაღაც, რაც არ ჰგავს არაფერს – ეს ტენდენციაა. ქართულ ხელოვნებაშიც ეს ტენდენციაა, მაგრამ ამ ჩვენს მხატვრებს კიდევ ერთი უბედურება აწევთ თავზე – ვერ გრძნობენ ან არ უნდათ იგრძნონ, რომ არიან ძალიან თვალსაჩინოდ ეპიგონურები, ძალიან ბაძავენ... ყოველთვის გაგახსენდებათ ან რომელიღაც მხატვარი, ან მიმდინარეობა.”

ჩვენი საუბარი ნელ-ნელა სცდება ირაკლი ოჩიაურის შემოქმედებას და თანამედროვე ქართულ მხატვრობას. ირაკლი ოჩიაური იმ თემას ეხება, რაზეც დღევანდელ საქართველოში თითქმის აღარავინ საუბრობს – მოდერნისტული კულტურის კრიტიკა დღეს “ცუდ ტონად” ითვლება... როგორც ჩანს, ესეც საბჭოთა ეპოქის კვალია. ხომ შეიძლება ვინმემ თქვენს მსჯელობაში სოციალისტური რეალიზმის მიმართ ნოსტალგია შენიშნოს? ირაკლი ოჩიაურს, რომელიც არასდროს ყოფილა სოცრეალიზმის მეხოტბე, არც ამ ბრალდებების ეშინია:

[ირაკლი ოჩიაურის ხმა] “მე მიფიქრია ამაზე, რომ მთელ მსოფლიოში ხელოვნებაში არის კრიზისი, რაც სეზანმა არია ხელოვნება კუბიზმისადმი ინტერესის გაჩენით, კუბიზმმა კი სულ დააქცია რეალისტური, კარგი გაგებით, მიდგომა მხატვრობისადმი – საგნობრიობის მოსპობამდე რომ მივიდა. აი, იქიდან იწყება ეს კრიზისი. დღეს უკვე აღარაა გამოსავალი, უკან ხომ არ მიბრუნდება. მაგრამ, მეორე მხრივ... რა უნდა იყოს მხატვრობის თემა? არის თუ არა მუდმივად რაღაც არსებული? ჩემთვის არის – ეს არის ადამიანი.”

ერთი მხრივ –ადამიანი... კონკრეტული ადამიანი, მისი სილამაზე და მისი განცდები... მეორე მხრივ – განზოგადება, ადამიანის არსში და კულტურის არსში წვდომა – ეს იყო და ეს არის ირაკლი ოჩიაურის შემოქმედების პრინციპი:

[ირაკლი ოჩიაურის ხმა] “გამოსავალი ამ კრიზისიდან? ხომ იყო მცდელობები – აბსტრაქციონიზმი დუღდა და გადმოდიოდა, როცა გაჩნდა ჰიპერრეალიზმი... მაგრამ ეგ უკვე ისეთი მიდგომა იყო მხატვრობისადმი, როცა თავიდანვე აშკარად ჩანდა, რომ განწირული იყო – განზოგადების გარეშე მხატვრობა ტყუილი დროის კარგვაა, არ არსებობს.”

ჩვენი საუბარი დიდხანს გაგრძელდა. იუბილარს ეტყობოდა, რომ სიამოვნებდა ხელოვნებაზე მსჯელობა... ამ თემებზე ფიქრმა ჩვენც გაგვიტაცა... ასე რომ, დამშვიდობებისას დაგვავიწყდა 80 წლის იუბილე მიგველოცა ირაკლი ოჩიაურისათვის. თუმცა ხელოვნების მოყვარულებს ყველაფერი წინა გვაქვს: 2 დეკემბერს ეროვნულ გალერეაში ირაკლი ოჩიაურის ნამუშევრების დიდი გამოფენა გაიხსნება.
XS
SM
MD
LG