Accessibility links

logo-print

6 დეკემბრისთვის დანიშნული ინაუგურაციის წინ აფხაზეთში დაძაბული ვითარებაა


არც აფხაზ უხუცესთა განაჩენი და არც აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პარლამენტის გადაწყვეტილება არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის,

რომ არძინბასა და მის გარემოცვას სერგეი ბაღაფშის გამარჯვება ეღიარებინა. მას შემდეგ, რაც აფხაზთა პარლამენტმა 3 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიციის წარმომადგენელი სერგეი ბაღაფში აღიარა, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. 29 ნოემბერს სოხუმში აფხაზ რეზერვისტთა მეთაურების ყრილობა გაიმართა. რეზერვისტთა მეთაურებმა მოუწოდეს ბაღაფშს, უარი თქვას უკანონო ინაუგურაციაზე.

“თუ ინაუგურაცია მაინც შედგება, ჩვენ, აფხაზეთის შეიარაღებული ძალების რეზერვისტები და მეთაურები, დავექვემდებარებით აფხაზეთის პირველ პრეზიდენტს, “ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აფხაზი რეზერვისტების მეთაურთა ყრილობამ გაავრცელა. 29 ნოემბერს აფხაზი რეზერვისტების მეთაურთა ყრილობამ 3 ოქტომბრის არჩევნები შემდგარად არ ცნო, მოითხოვა ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება და, თავისთავად, მხარი დაუჭირა მოქმედი პრეზიდენტის მოთხოვნას ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

აფხაზ მეომართა ამ ნაწილის განწყობილება ცხადყოფს, რომ 6 დეკემბერი - ინაუგურაციის დღე - სოხუმში მაინცდამაინც საზეიმო ატმოსფეროში არ ჩაივლის. ბაღაფშის და ხაჯიმბას მომხრეებს შორის წინააღმდეგობა ისევ არსებობს. 6 დეკემბერისთვის სერგეი ბაღაფშის მხარდამჭერები თუ ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალისთვის ემზადებიან, მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ მოიხსნის უფლებამოსილებას მანამდე, სანამ ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული არ დასახელდება. არძინბამ ეს აფხაზ რეზერვისტთა მეთაურების ყრილობისთვის გაგზავნილ მიმართვაშიც აღნიშნა. ამავე მიმართვაში ნათქვამია: “ ჩვენ ან ხელახალი არჩევნებით ავირჩევთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, ან აფხაზეთში გაძლიერდება უკანონო რეჟიმი, რომელთან ურთიერთობაც არ სურს რუსეთს. არ შეიძლება სერიოზულ შეშფოთებას არ იწვევდეს ის, რომ აფხაზეთში ხელისუფლების მითვისება ხდება ისეთი პოლიტიკური ტექნოლოგიით, როგორიც გამოიყენეს საქართველოში და როგორსაც დღეს იყენებენ უკრაინაში.”

თავის მხრივ, თავად ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ არძინბას განკარგულებას უწოდებს უკანონოს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალური პროკურორი რაუფ კურუა. გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის უმაღლესმა სასამართლომ 10 დღის ვადაში უნდა განიხილოს მისი სარჩელი. კურუა ითხოვს არძინბას განკარგულების შეჩერებას, ვინაიდან ფიქრობს, რომ ის წინააღმდეგობაში მოდის აფხაზეთის კანონმდებლობასთან. 6 დეკემბრამდე ზუსტად ერთი კვირა რჩება. ქართველი ექსპერტებიც ფიქრობენ, რომ ეს დღე სოხუმში საკმაოდ დაძაბული იქნება, თუმცა არც ისეთი, რომ პროცესი ჩაშალოს. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, პოლიტიკური დაძაბულობა აფხაზეთში ინაუგურაციის შემდეგ მცირე ხნით შენარჩუნდება, მანამდე სანამ ბაღაფში ძალაუფლებას გაიმყარებს, მერე კი მოვლენები თავისი დინებით წავა:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “მოდის ის გუნდი, რომელსაც უფრო უნდა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მათ შორის, რუსეთისგანაც. მათ უნდათ დაუმტკიცონ მსოფლიოს, რომ აქვთ დამოუკიდებლობის შანსი. მე ამის არ მეშინია, ვინაიდან არა აქვთ შანსი და, ბოლოს და ბოლოს, მიხვდებიან, რომ არა აქვს აზრი დამოუკიდებლობაზე ლაპარაკს. მათ ეს გზა უნდა გაიარონ და, მთავარია, ამ დროს ჩვენ არ ვიყოთ აგრესიულები. “

“აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული პროცესებისადმი ნეიტრალური დამოკიდებულების ჩვენებით საქართველომ დაამტკიცა, რომ, რუსეთისგან განსხვავებით, პატივს სცემს აფხაზების არჩევანს. ეს თავის შედეგს აუცილებლად მოიტანს,” - ფიქრობს ქართველი ექსპერტი. თუმცა, ვნახოთ.
XS
SM
MD
LG