Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ითვალისწინებს ნატოს სტანდარტების შესაბამისად არმიის ოპტიმიზაცია


გასული კვირის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის შეიარაღებული ძალების რეფორმის გეგმა უნდა მოესმინა. რეფორმის ერთ-ერთ ძირითად პუნქტს

არმიის რიცხოვნების დაზუსტება და თავდაცვის სამინისტროში შინაგანი ჯარების როლისა და ფუნქციის განსაზღვრა წარმოადგენს. სამხედრო კომპონენტთა შერწმყა კი საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა სათანადო საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის უქონლობისა და გზადაგზა წარმოქმნილი პრობლემის გამო. მათ შორის არის ნავთობროდუქტებსა და სურსათზე ფასების ზრდა, რაც ნეგატიურად აისახება თავდაცვის ბიუჯეტზე.


ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნება 30 ათასიდან 15 ათას კაცამდე შემცირდა, ძირითადად, აუთვისებელი საშტატო სტრუქტურების გაუქმების, საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლების არმიიდან დათხოვნისა და პარალელური ფუნქციის მქონე სამსახურების შერწყმის ხარჯზე. შემცირების ბოლო ტალღამ თავდაცვის სამინისტროს “ვარდების რევოლუციის” შემდეგ გადაუარა. მაგრამ, როგორც ირკვევა, შესამცირებელი თითქმის აღარაფერი დარჩა. ეს არის ის მინიმალური რაოდენობა, რამაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და სამხედრო საწყობებში არსებული ტექნიკის ექსპლუატაცია უნდა უზრუნველყოს. ამიტომ პირადი შემადგენლობის რიცხოვნების ზრდა რომ არ მომხდარიყო, თავდაცვის სამინისტრომ პირველად თქვა უარი წვევამდელთა მიღებაზე, რამაც მნიშვნელოვნად გაუიოლა საქმე ადგილობრივ გამწვევ ორგანოებს, რომლებმაც ვადაზე ერთი თვით ადრე უპატაკეს ქვეყნის ხელისუფლებას საშემოდგომო გაწვევის გეგმის შესრულება.
მაგრამ შემცირება შემდგომში აღარ მოხდება, ამბობს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და არც იმას გამორიცხავს, რომ მომავალში, პირიქით, შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდაც გახდეს საჭირო:

[ვახტანგ კაპანაძის ხმა] “იწყება ახალი ამერიკულ-ქართული პროგრამა, ინტენსიური მოლაპარაკება წარმოებს თურქეთთან, რომ თურქებიც დაგვეხმარონ ბატალიონების მომზადებაში. და, შესაბამისად, ეს იწვევს გარკვეული რაოდენობის ზრდას შეიარაღებულ ძალებში. აქედან გამომდინარე, არის საკითხები, რომ თავიდან არის გადასანაწილებელი ბიუჯეტი, რომელიც გამოყოფილი არის და გადანაწილება სხვადასხვა მუხლების შესაბამისად.”(სტილი დაცულია)

საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნების ოპტიმიზაციას ემსახურებოდა გადაწყვეტილება შინაგანი ჯარების სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის შინაგან საქმეთა სამინისტროდან თავდაცვის სამინისტროში გადასვლის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მიიღო დასავლეთის ქათინაური ამ ნაბიჯის გამო, ინტეგრირების პროცესი დროში საკმაოდ გაიწელა. თავდაპირველად ლაპარაკი იყო შინაგანი ჯარების პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის სახმელეთო ჯარებში გაერთიანებაზე, მაგრამ ეს იდეა, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, შინაგანი ჯარის სარდლობამ მიუღებლად მიიჩნია და, საბოლოოდ, როგორც გენერალური შტაბის უფროსი აცხადებს, შემუშავდა ოპტიმიზაციის ახალი ვარიანტი, რომლის განხორციელებასაც ასევე დრო დასჭირდება:

[ვახტანგ კაპანაძის ხმა] “შესაბამისად, ის თურქების მიერ მომზადებული ბატალიონები, რომლებიც დაფუძნებული იქნება არაპროფესიონალებით, წვევამდელებით დაკომპლექტებულ სტრუქტურებზე, ძირითადად, შეივსება შინაგანი ჯარების პირადი შემადგენლობით. თუმცა ოფიცრები და ზემდეგები შეავსებენ იმ სამხედრო დანაყოფებს, სადაც განლაგდება მძიმე საბრძოლო ტექნიკა.”

მაგრამ შეიარაღებული ძალების რიცხოვნების შენარჩუნება დამოკიდებული იქნება თავდაცვის ბიუჯეტზე და ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ის 115 მილიონი ლარი, რომელსაც სამხედროები წელს ელოდებიან მთავრობისგან, მხოლოდ ზურგის უზრუნველსაყოფად, საბრძოლო მზადყოფნის დონის შესანარჩუნებლად და ხელფასების დასაფინანსებლად არის საკმარისი. მაგრამ თავდაცვის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის შიდა ბაზარზე დაწყებული ფასების ზრდა ნავთობროდუქტებსა და სურსათზე, რამაც შეიძლება აიძულოს სამხედრო სტუქტურა კვლავ სასწავლო პროგრამების შემცირებითა და საშტატო რაოდენობის შეკვეცით სცადოს ვითარებიდან გამოსვლა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG