Accessibility links

logo-print

უკრაინის სახელმწიფო დაშლის საფრთხის წინაშეა?


უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო მწვავდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებული

ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრე რეგიონებში სეპარატისტული მოძრაობა გაძლიერდა. ბოლო დღეებში უკრაინის აღმოსავლეთის ქალაქის საბჭოებმა ქვეყნის პარლამენტს, ”ვერხოვნი რადას”, უნდობლობა გამოუცხადეს და იანუკოვიჩი თავიანთ პრეზიდენტად აღიარეს. ამ კრიზისში გარკვეული სიცხადე უნდა შეიტანოს უმაღლესი სასამართლოს სხდომამ, რომელიც დღეს დაიწყო.

[იანუკოვიჩის მხარდამჭერთა მიტინგის ხმა]

[ვიქტორ ტიხონოვის ხმა] ”ყრილობის მონაწილენი მკაცრად გმობენ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ, ანტიხალხურ ქმედებებს, რასაც უკრაინა ტერიტორიული რღვევისა და კატასტროფისკენ მიჰყავს. ამასთან, თუ მომავალშიც გაგრძელდა სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში მოვიდა არალეგიტიმური პრეზიდენტი, ჩვენ, ყრილობის მონაწილენი, უფლებას ვიტოვებთ მოვახდინოთ ადეკვატური რეაგირება ჩვენი რეგიონისა და მთელი უკრაინის მოსახლეობის დასაცავად.”

ეს განცხადება ლუგანსკის მხარის გუბერნატორმა ვიქტორ ტიხონოვმა გააკეთა ვიქტორ იანუკოვიჩთან ერთად იანუკოვიჩის მხარდამჭერთა მიტინგზე გამოსვლისას. ანალოგიური პოზიცია აქვთ დონეცკისა და ხარკოვის მხარეთა გუბერნატორებს. ამ უკანასკნელი რეგიონის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 5 დეკემბერს რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. ეს რეგიონი, რეფერენდუმის საშუალებით, უკრაინის კონსტიტუციაში ქვეყნის ფედერაციული მოწყობის შესახებ ცვლილების შეტანასა და უკრაინის ფედერაციის შემადგენლობაში ხარკოვის მხარისთვის დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებას ცდილობს.

[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] ”ამ ხელისუფლებამ არჩევნები მთლიანად წააგო თავის ხალხთან შეჯიბრში და ახლა სახიფათო პოლიტიკური თამაში წამოიწყო, სახელწოდებით ”სეპარატიზმი”. ეს ის ხალხია, ვინც კიევის შემოგარენი სამად გაყოფილი უკრაინის პლაკატებით ააჭრელა. ახლა ისინი ცდილობენ სამხრეთ-აღმოსავლეთი ავტონომიის შექმნის იდეა განახორციელონ.”

ეს არის ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ იუშჩენკო. მისმა მომხრეებმა მოქმედ პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას სეპარატისტული მოძრაობის შესაჩერებლად პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩისა და მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მოსთხოვეს. სანამ კუჩმა ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მისი რეზიდენცია, მინისტრთა კაბინეტი და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები ოპოზიციის პიკეტს თავს ვერ დააღწევს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ ოპოზიციის პიკეტის დაშლას სპეცრაზმი შეეცადა, მაგრამ ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, უბრალო მოქალაქეების წინააღმდეგობის წყალობით.

[ისმის მომიტინგეთა ხმა]

დილიდან მსგავსი ხალხმრავლობაა უკრაინის უმაღლესი სასამართლოს წინ, რომელიც ოპოზიციის სარჩელს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების უკანონოდ გამოცხადების შესახებ. საარჩევნო კომისიამ ვიქტორ იანუკოვიჩი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. სასამართლოს წინ მისმა ასობით მომხრემ მოიყარა თავი, მათ პირისპირ კი იუშჩენკოს მომხრეები არიან. მათ შორის ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი დაიწყოს შეხლა-შემოხლა, რაც, შეიძლება, უმართავ პროცესებში გადაიზარდოს.

ახლა უკრაინის ორ ბანაკად გაყოფის პრობლემა არანაკლებ მწვავედ დგას, ვიდრე არჩევნების შედეგების ბედი, თუმცა კი არჩევნების შედეგებს შეუძლია გადაწყვიტოს თავად ქვეყნის მთლიანობის საკითხი. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია უკრაინის უმაღლეს სასამართლოზე, რომელსაც ოპოზიციის სარჩელის განსახილველად და საბოლოო ვერდიქტის გამოსატანად ჯერ კიდევ 5 დღე აქვს დარჩენილი. სასამართლოს ობიექტურობაზე დიდ იმედებს ამყარებს როგორც უკრაინის საზოგადოება, ასევე საერთაშორისო საზოგადოებრიობა. ევროპის კავშირის პოზიცია 29 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა გაახმიანა.

[ტონი ბლერის ხმა] "მე მგონი, ჩვენ, უბრალოდ, ვცდილობთ დახმარება გავუწიოთ, ხელი შევუწყოთ იმავე არჩევნების პროცესის სამართლიანად წარმართვას. რაც შეეხება უკრაინის უზენაეს სასამართლოს, მიმაჩნია, რომ მას უნდა მიეცეს ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების საშუალება. მინდა გითხრათ, რომ კავშირი გვაქვს უკრაინის ყველა წამყვან ფიგურასთან. ევროკავშირის წარმომადგენელი ხავიერ სოლანა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენ შევეცადოთ და, ბოლოს და ბოლოს, ვიპოვოთ გამოსავალი."

ევპროკავშირის ანალოგიური პოზიცია აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მხარს უჭერს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხელახლა ჩატარებას.
XS
SM
MD
LG