Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თბილისი ჰუმანიტარული და მუსიკალური აქციებითაც ეხმიანება


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების პარალელურად, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თბილისელები

ჰუმანიტარული და მუსიკალური აქციებითაც ეხმიანებიან. ქართველ ბიზნესმენთა ერთი ნაწილი კიევში მიტინგის მონაწილეთათვის თბილი ტანისამოსის გაგზავნას აპირებს. ტრადიციულად აქტიურობენ ვარდების რევოლუციაგამოვლილი ქართველი მუსიკოსები, რომლებმაც უკრაინის საელჩოს შენობის წინ ქუჩაში გამოსული უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად კონცერტი გამართეს.

[ისმის ტექნიკის ხმაური, მუშების ხმები] “ავწიო? ასწიე, აბა!...”

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა კონცერტისათვის სამზადისი ადრიანი დილიდან დაიწყეს და უკვე 12 საათისთვის ონიაშვილის ქუჩაზე, სადაც უკრაინის საელჩო მდებარეობს, მოკრძალებული ზომის სცენა აღმართეს. ღონისძიების ორგანიზატორმა, პროდიუსერმა ვანიკო თარხნიშვილმა მუსიკალური აქციის მიზანი შემდეგნაირად განმარტა:

[ვანიკო თარხნიშვილის ხმა] “ვაპირებთ მინივერსია გადმოვიტანოთ იმისა, რაც ხდება დღეს უკრაინაში. ეგეთი სითბო და სიხარული, რაც ქართველების მიმართ აქვთ უკრაინელებს, მე ვერ წარმომედგინა. ჩვენ გვინდა, რომ ამ აქციით რეალური მხარდაჭერა ვაჩვენოთ.”

რეალური დახმარება ქართველმა მუსიკოსებმა უკრაინელებს ერთხელ უკვე აღმოუჩინეს, როცა ერთი კვირის წინ ჩარტერული რეისით კიევში ჩაფრინდნენ და თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მომიტინგეები საკუთარი შემოქმედებით გაამხნევეს. მომღერალი ვახო ბაბუნაშვილი დღემდე უკრაინული შთაბეჭდილებების ქვეშ იმყოფება:

[ვახო ბაბუნაშვილის ხმა] “ემოციური მუხტი იყო ის, რაც ჩვენ შარშან გვქონდა, მაგრამ გაასმაგებულ და გაათასმაგებულ მასშტაბებში, და ამას რომ დაემატოს ევროპული ორგანიზებულობა და წესრიგი. ამას რა შეიძლება დაუპირისპირონ, არ ვიცი. მე მგონი, არანაირი ძალა არ არსებობს ამის საწინააღმდეგოდ და, მე მგონი, მიაღწევენ თავისას.”

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ხელისუფლებაც ეხმიანება. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:

“საქართველოსათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეგობარ სახელმწიფოში, უკრაინაში, მიმდინარე პროცესებს. იზიარებს რა ევროკავშირისა და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთებას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩადენილი მრავალრიცხოვანი სერიოზული დარღვევის გამო, საქართველო მთლიანად უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და მოწოდებას უკრაინის ხელისუფლებისადმი, რათა ამ უკანასკნელმა პატივი სცეს ქვეყნის თითოეული მოქალაქის ფუძემდებლურ უფლებას, თავისუფლად და შეუზღუდავად გააკეთოს არჩევანი.”

გაცილებით ლაკონიურ და ოპტიმისტურ განცხადებას აკეთებს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] “მე იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხი იზეიმებს სამართლის და დემოკრატიის გამარჯვებას ძალიან მალე.”

უკრაიანაში მიმდინარე მოვლენებს გულგრილად ვერც რიგითი თბილისელები ადევნებენ თვალყურს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციის ლიდერებსა და ქუჩაში გამოსულ ადამიანებს გულშემატკივრობს.

[მამაკაცის ხმა] “რა თქმა უნდა, იუშჩენკოს და, რა თქმა უნდა, ოპოზიაციას, იმტომ რომ რუსეთის ყოველი დამარცხება საქართველოს გამარჯვებაა. ისტორიულად საქართველოსთვის სახელმწიფოებრიობა არც მონღოლს, არც სპარსელს და არც თათარს არ გაუუქმებია. გააუქმა რუსეთმა და ორ გუბერნიად გადააკეთა. ასე რომ, ყველა ვარიანტში, რუსეთის დასუსტება კავკასიაში საქართველოს პოზიციების დაბრუნებას ნიშნავს.”

[ქალბატონის ხმა] “მე იუშჩენკოს “ვბალელშჩიკობ” ნამდვილად, იმიტომ რომ რამდენჯერაც მოვისმინე მისი გამოსვლა, იმდენჯერ დავასკვენი, რომ უფრო უკეთესია, ვიდრე მეორე - იანუკოვიჩი.”

[მამაკაცის ხმა] “იუშჩენკოს, იმიტომ რომ მხარს მოსახლეობა უჭერს, უკრაინელი ხალხი, და თანავუგრძნობთ ჩვენც. “


დაბოლოს, თანაგრძგნობის ერთგვარ თვალსაჩინო გამოხატულებად შეიძლება იქნეს მიჩნეული კიდევ ერთი აქცია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში თბილისის მერიის შენობაში მიმდინარეობდა. ბიზნესმენთა ერთი ჯგუფის ინიციატივას უკრაინაში მომიტინგეებისათვის თბილი ტანისამოსის გაგზავნის თაობაზე არაერთი თბილისელი გამოეხმაურა. მერიის მონაცემებით, ჰუმანიტარულ დახმარებას კიეველი დემონსტრანტები უახლოეს საათებში მიიღებენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG