Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტოსაცობები თბილისში - დაუძლეველი პრობლემა დედაქალაქისათვის


დავით პაიჭაძე, თბილისი ავტომანქანების ინტენსიური მოძრაობა თბილისს დიდი ხანია, პრობლემად ექცა. ე.წ. საცობები განსაკუთრებით გახშირდა ბოლო დროს,

ხოლო თუ საღამოს წვიმიანი ამინდია, მანქანების ქუჩაში, სულ მცირე, ორსაათიანი გაჭედვა გარდაუვალია. ამ უცნაური კანონზომიერების ახსნა ვერ მოვახერხე, მაგრამ შევეცადე, საცობების წარმოქმნის სხვა მიზეზებში გავრკვეულიყავი.

თბილისში არის რამდენიმე ადგილი, სადაც საცობები სტაბილურად წარმოიქმნება: მარჯანიშვილის მოედანი, კოსტავას ქუჩა, საბურთალოს რაიონი - გამსახურდიას გამზირიდან მარშალ გელოვანის გამზირამდე. საცობთა საუკეთესო ანალიტიკოსები ისევ ის ადამიანები არიან, რომელთაც საათობით უხდებათ მანქანების თითქოსდა უსასრულო რიგში დგომა. მძღოლები საცობების (ან როგორც უკრაინაში მცხოვრები საქართველოს ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრი, ქართველი მწერალი გურამ პეტრიაშვილი იტყოდა, მჭიდრობების) მიზეზად ტრანსპორტის ძალიან კონკრეტულ სახეობას მიიჩნევენ:

[მძღოლის ხმა] “ალბათ, ამ მარშრუტკების ბრალია. ძალიან ბევრი არიან. დადიან შუა გზაზე, მესამე ზოლში, მეორე ზოლში, სადაც უნდა, იქ აჩერებენ. პიკის საათებში, ძირითადად, ეგენი ქმნიან საცობებს. ისედაც, ძალიან ბვევრი მანქანაა, რომელთაც გზა არ ჰყოფნით.”(სტილი დაცულია)

თბილისში, მართლაც, არასოდეს ყოფილა ამდენი მანქანა. ჩვენს ხელთ არსებული ცნობით, ყოველდღე საქართველოს საზღვაო გზით შემოსული ორი ბორანი მანქანა ემატება. გაცილებით მეტი შემოდის სახმელეთო საზღვრიდან. ასე რომ, მანქანების რაოდენობა იზრდება. თბილისის ქუჩებს დიდი გამტარობა არ აღმოაჩნდა. თბილისელი მძღოლები ვითარებას კი აღწერენ, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავენ:

[მეორე მძღოლის ხმა] “მძღოლების უწესრიგობა სერიოზული პრობლემაა. ერთ მძღოლს შეუძლია გამოიწვიოს საცობი აკრძალულ ზოლში გადასვლით. მეორე პრობლემაა ინფრასტრუქტურა. ქალაქში ძალიან ბევრი მანქანა შემოვიდა და ინფრასტრუქტურა გასაზრდელია, რასაც სერიოზული ფული სჭირდება. ღმერთმა ქნას, ეკონომიკურად განვვითარდეთ, მაგრამ ეკონომიკურ ზრდას მანქანების რაოდენობის გაზრდაც მოჰყვება და მაშინ რა ეშველება ქალაქს, არ ვიცი.”

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ტარიელ ხიზანეიშვილი ამბობს, რომ მერიაში არ არსებობს სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხს აგებს ქალაქში გახშირებულ საცობებზე:

[ხიზანეიშვილის ხმა] “ეს არის საპატრულო პოლიციის პასუხისმგებლობა. თანაც ამას არეგულირებს საგზაო მოძრაობის წესები.”

წესების დარღვევა პოლიციამ უნდა შენიშნოს. გაჭედილი მოძრაობის გახსნაც მას უნდა ეხებოდეს. თუმცა, აი, რას მეუბნება კიდევ ერთი თბილისელი მძღოლი:

[მძღოლის ხმა] “მე როგორც ვიცი, საპატრულო პოლიციამ შეითავსა საგზაო პოლიციის ფუნქციები. საცობში რამდენჯერაც მოვყევი, არასოდეს არ მინახავს, პატრული გადმოსულიყოს და მოეწესრიგებინოს მოძრაობა. ერთხელ საათ-ნახევარი ვიდექი საცობში, ჩემს გვერდით პატრული მანქანა იდგა, შიგ იჯდა სამი პოლიციელი. არ გადმოსულან, ისხდნენ და მუსაიფობდნენ, თითქოს ყველაფერი კარგად იყო.”

შეგონება, რომ მოძრაობის წესები უნდა დაიცვას, ყველა მძღოლზე არ ჭრის. ასე რომ, საცობების გასაიშვიათებლად თბილისში ერთი საშუალება რჩება: ქუჩაში გამოსული მანქანების რიცხვის შემცირება. ეს კი შეიძლება მხოლოდ ბენზინის მოსალოდნელმა გაძვირებამ გამოიწვიოს.
XS
SM
MD
LG