Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი საკუთარი სამხედრო როლის გააქტიურებაზე ზრუნავს


ევროკავშირი ბოსნიაში სამშვიდობო მისიის შესრულებას მალე მთლიანად გადაიბარებს.

ამის პარალელურად კი ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ევროკავშირის საგანგებო ჯარების მომზადების შესახებ, რომელიც მსოფლიოს ამა თუ იმ კუთხეში სტაბილიზაციის ხელშეწყობაში მიიღებს მონაწილეობას.

ალბათ გახსოვთ, გასულ წელს თბილისში ვიზიტისას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინატორს ხავიერ სოლანას ქართველმა ჟურნალისტმა ჰკითხა, ხომ არ აპირებდა ევროკავშირი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მსგავსად აფხაზეთშიც შეესრულებინა სამშვიდობო მისია და რუსეთის ჯარი ევროკავშირისათი ჩაენაცვლებინა. ეს შეკითხვაცა და სოლანას პასუხიც ბევრმა რიტორიკად აღიქვა. თუმცა, როგორც მოვლენათა განვითარება გვაჩვენებს, შეიძლება ეს სუფთა რიტორიკა არც აღმოჩნდეს. გთავაზობთ ხავიერ სოლანას შარშანდელ კომენტარს:

[სოლანას ხმა]
"იმისათვის, რომ სამშვიდობო მისია შეასრულოს, ევროკავშირს გაეროს მანდატი სჭირდება. ასე მოვხვდით ჩვენ ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში. ჩვენ მხოლოდ გაეროს მანდატით ვახორციელებთ სამშვიდობო მისიას. ამდენად, აფხაზეთში შესასვლელად აუცილებელი იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ და უკან არ დავიხევთ, თუკი ჩემს მიერ დასახელებული პირობა შესრულდება".

განაცხადა მიმდინარე წლის იანვარში თბილისში მყოფმა ხავიერ სოლანამ.

რამდენიმე დღის წინ კი ევროკავშირის თავდაცვის მინისტრთა საბჭომ გაეროს შესაბამის რეზოლუციაზე დაყრდნობით ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში პროგრამა "ალთეას" დაწყება გადაწყვიტა. პროგრამის მიხედვით, 7 ათასი ჯარისკაცი ევროკავშირის წევრი 22 და 11 განვითარებადი ქვეყნიდან შეასრულებენ პოლიციის ფუნქციებს ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში და აგრეთვე მეთვალყურეთა მისიასაც. ევროკავშირის ძალებს ექნებათ წარმმართველი როლი ამ ტერიტორიაზე მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში. მიმდინარე წლის დასასრულს ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში სრულდება ნატოს სამშვიდობო ძალების მისია. სწორედ ნატოს მისიას ჩაანაცვლებენ ევროკავშირის სამხედროები. და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირი ასეთ სერიოზულ სამხედრო მისიას შეასრულებს.

ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ანალიტიკოსი დიკ ლოირდიკი ამბობს, რომ ევროკავშირი განუზამოლად ზრდის თავის – საერთაშორისო უსაფრთხოების ასპარეზზე მოთამაშის როლს :

[ლოირდიკის ხმა]
"ევროკავშირი იმყოფება იმ პროცესის შუა გზაზე, რომლის ბოლოსაც ეს ბლოკი საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში თავს სრულფასოვან საერთაშორისო სუბიექტად წარმოადგენს".

საყურადღებოა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების მიერ ამ კვირაში მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილება. კერძოდ, საუბარია 2007 წლამდე 13, ათასხუთას კაციანი სწრაფი რეაგირების საბრძოლო შემადგენლობის მომზადებაზე. ეს ნაწილები მუდმივად მზად იქნებიან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შექმნილ კრიზისულ ვითარებაში სამშვიდობო მისიის შესრულებისთვის.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი ჰენკ კამპი აზუსტებს, რომ ევროკავშირის სამშვიდობო ძალებს შეეძლებათ ერთდროულად ორ კრიზისულ ზონაში მოქმედება:

[კამპის ხმა]
"2005 წლისთვის ევროკავშირს ეყოლება სწრაფი რეაგირების რამდენიმე შენაერთი და წლის მანძილზე შეეძლება ერთი მისიის შესრულება; იგივე მდგომარეობა იქნება 2006 წელსაც, ანუ ერთი მისიის შესრულება იქნება შესაძლებელი. 2007 წლიდან კი ევროკავშირი შეძლებს წელიწადში ორი მისიის შესრულებას, რისთვისაც იარსებებს ორი საბრძოლო ნაწილი".

ცამეტივე საბრძოლო ნაწილი, რომელიც მომავალში შეიქმნება პირდაპირ ევროკავშირის მმართველობას დაემორჩილება და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან დამოუკიდებლად იმოქმედებს. ამ ნაწილების შექმნის იდეა ევროკავშირსა და ვაშინგტონს შორის, ეს უკანასკნელი ხომ ევროპის უსაფრთხოების დაცვის უმთავრეს გარანტად ალიანსს მიიჩნევს, მუდმივი დავის საგანი გახდა.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ ევროკავშირი მზად არის სწრაფი რეაგირების ნაწილების შემადგენლობაში ჩართოს ევროკავშირის არა-წევრი ქვეყნების სამხედროებიც – იმავე ნატოს წევრი, თუ ნატოს არა-წერვი ქვეყნებიდანაც კი (იგულისხმება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, თუ პოტენციური პარტნიორი ქვეყნები). ეს უკანასკნელი ჯგუფი თეორიულად შეიძლება საქართველოსაც მოიცავდეს.

უფრო ფართო პერსპექტივაში თუ განვიხილავთ, ევროკავშირის, როგორც რეალური საერთაშორისო სამხედრო სუბიექტის შესაძლებლობები იზღუდება იმის გამო, რომ ბლოკს რეალურად არ გააჩნია ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. არსებული სისტემის პირობებში, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება დიდი დაპირისპირების ფონზე ხდება, ერთიანი პოლიტიკის განვითარება რთულია. ჰოლანდიელი ანალიტიკოსი დიკ ლოირდიკი ამბობს:

[ლოირდიკის ხმა]
"ცნობილია, რომ შეერთებულ შტატებს ერთი ცენტრალური ადმინისტრაცია ჰყავს და გადაწყვეტილებათა მიღებაც ცენტრალიზებულად ხდება. აქ - ევროპაში სხვა ვითარებაა, - მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 25-მა ქვეყანამ. ეს საკმაოდ რთული რამ არის".

ევროკავშირის ახალი კონსტიტუციით, რომლის რატიფიკაციაც წევრმა ქვეყნებმა მომავალი ორი წლის მანძილზე უნდა განახორციელონ, ითვალისწინებს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი უნდა გამარტივდეს. ამასთან, გათვალისწინებულია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის შემოღებაც. თუმცა, კონსტიტუციის ამოქმედების შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ჯერ ისიც კი არ არის ცნობილი, იქნება თუ არა ის რატიფიცირებული ევროკავშირის ყველა ქვეყნის მიერ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG