Accessibility links

logo-print

თბილისში სტუმრადაა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თბილისში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის ედ მელკერტის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. მელკერტი მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოში 13 ქვეყანასთან

ერთად საქართველოსაც წარმოადგენს და მისი ვიზიტი გაცნობითი ხასიათისაა. ორდღიანი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში აღმასრულებელი დირექტორი მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს შეხვდება.

თბილისში ორდღიანი საქმიანი ვიზიტით იმყოფება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ედ მელკერტი. ედ მელკერტი მსოფლიო ბანკში 13 ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს წარმოადგენს.

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის საქმიანი ვიზიტი საქართველოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო. ირაკლი მანაგაძის გარდა, ედ მელკერტი ფინანსთა მინისტრს და ეკონომიკური გუნდის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.

მელკერტის ვიზიტი გაცნობითი ხასიათისაა და იგი მთავრობის წევრებთან საქართველოში არსებულ ეკონომიკურ გარემოზე ისაუბრებს. აღმასრულებელი დირექტორი დადებითად აფასებს საქართველოს მონეტარულ პოლიტიკას და აღნიშნავს იმ ფინანსურ სტაბილურობას, რაც დაბალ ინფლაციასა და მზარდ საფინანსო ინსტიტუტებში გამოიხატება. ხანმოკლე ბრიფინგზე, რომელიც ეროვნულ ბანკში გაიმართა, მელკერტმა აღნიშნა, რომ საქართველომ ფულად-საკრედიტო სტაბილურობის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც მონეტარული ხელისუფლების მიერ გატარებული ეფექტიანი პოლიტიკის შედეგია: ´´ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან საბანკო სექტორისა და ფასების სტაბილიზაციის საკითხები განვიხილეთ. ამ მხრივ, საქართველო დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით ახორციელებს. ´´

მსოფლიო ბანკი საქართველოსთან დიდი ხანია თანამშრომლობს და იგი, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად, მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დონორად, რომლის პროექტებიც სხვადასხვა სფეროში ხორციელდება. მსოფლიო ბანკთან ურთიერთობას ძალზე წარმატებულად მიიჩნევს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძეც. მისი თქმით, ინტენსიურად მზადდება ახალი პროექტები, თუმცა ამჯერად კონკრეტულ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა, რადგან მოცემულ მომენტში ედ მელკერტის ვიზიტის თემას საქართველოში არსებული მდგომარეობის გაცნობა წარმოადგენდა:

[ირაკლი მანაგაძის ხმა] „იგი არის ჩვენი მხარდამჭერი და ჩვენი ინტერესების გამტარებელი მსოფლიო ბანკში. რაც შეეხება საერთოდ მსოფლიო ბანკთან ურთიერთობას, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს ურთიერთობები ამ ეტაპზე წარმატებულია და საკმაოდ ინტენსიურად მზადდება ახალი პროექტები. ახალ კონკრეტულ პროექტებზე საუბარი არ ყოფილა, რადგან ეს არ არის მისი ვიზიტის მიზანი, მისი ძირითადი მიზანია გაეცნოს არსებულ მდგომარეობას. “

ედ მელკერტი თბილისს 2 ნოემბერს დატოვებს, მანამდე კი მთავრობის წევრებისაგან მიიღებს ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების შესახებ.
XS
SM
MD
LG