Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ბაღაფში ინაუგურაციის გადავადებას არ აპირებს


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აღიარებული სერგეი ბაღაფში 6 დეკემბრიდან ძალაუფლების ხელში აღებას აპირებს.

იგი უარს ამბობს რეზერვისტების ერთი ნაწილის მოწოდების შესრულებაზე და გამორიცხავს განმეორებით არჩევნებში მონაწილეობას. მას არც ის აფერხებს, რომ ვლადისლავ არძინბა საპრეზიდენტო უფლებამოსილებაზე უარს არ გეგმავს. აფხაზი ჟურნალისტები და ქართველი ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ ბაღაფშია სეპარატისტული რესპუბლიკის ახალი ლიდერი.


თვითაღიარებული აფხაზური რესპუბლიკა მძიმე ორშაბათისათვის ემზადება. სწორედ ამ დღეს, 6 დეკემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აღიარებულმა სერგეი ბაღაფშმა ფიცი უნდა დადოს და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგეს. თუმცა ამ ფაქტთან შეგუებას არ აპირებს რაულ ხაჯიმბა. მისი შეურიგებელი მომხრეები - მათ შორის, აფხაზური არმიის რეზერვისტები - ბაღაფშს მოუწოდებენ განმეორებით არჩევნებს დასთანხმდეს. მაგრამ, როგორც ჩანს, მათი მოწოდებების გაზიარებას სერგეი ბაღაფში არ აპირებს. თავის მხრივ, პრეზიდენტის სავარძლის დათმობაზე უარს აცხადებს ვლადისლავ არძინბაც. პრეს-მდივნის პირით, იგი აცხადებს, რომ 6 დეკემბერს დაგეგმილი ინაუგურაცია უკანონოა და რესპუბლიკის ერთადერთი პრეზიდენტი იგია. ამ აზრს აფხაზეთში ბევრი არ იზიარებს. ერთ-ერთი მათგანია სააგენტო აფსნი-პრესის ჟურნალისტი, რომელმაც, ტრადიციულად, ქართველ კოლეგასთან ვინაობის გამხელა არ ისურვა.

[აფსნი-პრესის კორესპონდენტის ხმა] “მისი მმართველობის ვადა 6 დეკემბერს იწურება. ვნახოთ. რაც შეეხება რეზერვისტებს, ადრე სხვა 1800-მა რეზერვისტმა გააკეთა განცხადება. თუმცა კანონი სერგეი ბაღაფშის მხარეზეა. უმრავლესობა - ვერ ვიტყვი, რომ 100 პროცენტი, მაგრამ 80 პროცენტი - მხარს უჭერს სერგეი ვასილის ძეს. “

აფხაზი ჟურნალისტის გარდა, ბაღაფშის წარმატებაში დარწმუნებულია საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძეც. ის ფიქრობს, რომ ბაღაფშმა აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვა და ახლა გამარჯვებაში ვერავინ შეეცილება:

[ვაჟა ლორთქიფანიძის ხმა] “რეალურად ბაღაფშმა უკვე გაიმარჯვა, ჩემი აზრით. გაუვიდა ვადა არძინბას და მე გამორიცხულად მიმაჩნია, რომ მან მომავალში შეძლოს ძალაუფლების ხელში აღება. ეს უფრო მისი გარემოცვაა და იმ გარემოცვის მცდელობა, ვინემ პირადად არძინბასი. მე არ ვიცი ახლა რა ფორმით იქნება ეს - ექვსში იქნება, შვიდში, რვაში თუ ხუთში, მაგრამ თავისთავად რაც მოხდა, ეს უკვე, მე ასე ვფიქრობ, ბაღაფშის გამარჯვებაა.”


ვაჟა ლორთქიფანიძე ამ ეტაპზე ქართული მხარისათვის აუცილებლად ბაღაფშის ხელისუფლებასთან დიალოგისათვის სამზადისს მიიჩნევს. ამასთან, იგი ფიქრობს, რომ იოლი მოლაპარაკების იმედი არ უნდა გვქონდეს:

[ვაჟა ლორთქიფანიძის ხმა] “მე არავითარი ილუზიები არა მაქვს. არც უნდა გვქონდეს რაიმე ილუზიები. მით უმეტეს, ჩვენ იმდენი ვილაპარაკეთ - და უსაფუძვლოდ - ბაღაფშის პროქართულ ორიენტაციაზე. მე მგონი, ეს რუსების შემოგდებული, სპეცსამსახურების შემოგდებული თეზა რატომღაც ძალიან აიტაცა აქ ჩვენმა მასმედიამ. და ასე იოლი მასთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არ იქნება. აი, დიალოგი მასთან უფრო შესაძლებელია, მაგრამ ეს დიალოგი იქნება უაღრესად რთული და დაძაბული.”

ქართულ მხარესთან დიალოგის დაწყებამდე სერგეი ბაღაფშმა და მისმა გარემოცვამ სეპარატისტული რესპუბლიკის სადავეების ხელში აღება უნდა მოახერხონ. საინაუგურაციო ორშაბათამდე კი კვირაზე ნაკლებია დარჩენილი.
XS
SM
MD
LG