Accessibility links

უკრაინის ხელისუფლება ხელახალი არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა


უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნების გამო წარმოქმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა ახალი პრეზიდენტის ვინაობასთან ერთად კითხვის ქვეშ დააყენა აღმოსავლეთ ევროპის

ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობაც. საერთაშორისო საზოგადოებრიობა, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლება პრეზიდენტის არჩევნების გაყალბების გამო, ახლა ძირითად ყურადღებას უკრაინის ერთიანობას მიაპყრობს. ამ პოლიტიკური პრობლემის გასაღები კი ისევ არჩევნებია, თუმცა ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხედულებები აქაც რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

[ისმის მიტინგის ხმა]

უკრაინის ოპოზიციურმა მოძრაობამ კვლავ განაახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მინისტრთა კაბინეტისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა პიკეტირება. ხელისუფლების ორგანოთა შენობების ბლოკირება დღეს დილით შეწყდა იმ იმედით, რომ უკრაინის პარლამენტი, ”ვერხოვნი რადა”, ოპოზიციის მოთხოვნას დააკმაყოფილებდა და მთავრობასთან ერთად გენერალურ პროკურორსაც უნდობლობას გამოუცხადებდა. მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. პარლამენტში ოპოზიციისთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა ვერ შეგროვდა და მოგვიანებით პარლამენტის სესიაც შეწყდა კვორუმის უქონლობის გამო.
ამით აღშფოთებული ოპოზიციის მომხრეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ.

[ისმის ხმაური]

აღელვებული ხალხის შეკავება ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევის შედეგად მოხერხდა. ვიქტორ იუშჩენკომ, აი, ასე განმარტა ხალხის აღშფოთების მიზეზი:

[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] ”ეს დარბაზი დღეს არაპროდუქტიულია, რადგან ვიღაცამ ან ბანკოვის ქუჩიდან, ან ირუშევსკიდან გუშინდელი შეთანხმებების დარღვევა და ახალი სცენარით ხმის მიცემა მოისურვა. ეს არის პროვოკაცია, რა თქმა უნდა, პროვოკაცია, რამაც თავდაპირველად დარბაზი აღაშფოთა, შემდეგ კი ქუჩა. ეს იყო შეჭრის მცდელობა, მაგრამ ჩვენ ის ჯერჯერობით შევაჩერეთ.”

ოპოზიცია პარლამენტის აღებას 1 დეკემბრისთვის გეგმავს, თუ საკანონმდებლო ორგანო მათი წინადადების განხილვას არ გააგრძელებს.

ოპოზიციის ბრძოლის მეორე ფრონტს უზენაესი სასამართლო წარმოადგენს. იქ კვლავ გრძელდება არჩევნების გაყალბების თაობაზე ოპოზიციის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა. სასამართლოზე ამყარებს დიდ იმედებს სახელისუფლებო კანდიდატი, მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩიც. იგი მზადაა, თუ სასამართლოში გაიმარჯვებს და პრეზიდენტი გახდება, იუშჩენკოს კოალიციური მთავრობის შექმნა შესთავაზოს:

[ვიქტორ იანუკოვიჩის ხმა] ”მე მზად ვარ ვიქტორ ანდრეევიჩს შევთავაზო პრემიერ-მინისტრის ადგილი. ფაქტობრივად, ახალი კონსტიტუციის პირობებში, ეს იქნება პირველი პირი ჩვენს სახელმწიფოში, და ერთად შევქმნათ კოალიციური მთავრობა.”

სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ იუშჩენკოც და ჯერჯერობით არ აპირებს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ რომელიმე წინადადებას დასთანხმდეს.

[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა]”მეგობრებო, ჩვენ ახლა პასუხი უნდა გავცეთ იმ გამოწვევას, რომელიც არსებობს. ეს არის ფალსიფიცირებული არჩევნები, ხოლო შემდეგ, ვის რომელი პორტფელი ერგოს და ასე შემდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის გადაწყვეტის ფორმულას ჩვენ შემდეგ მოვძებნით.”

ამ დაპირისპირებიდან გამოსავლის პოვნას ლეონიდ კუჩმა შეეცადა და ოპოზიციასა და მთელ უკრაინას პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზად ახალი საპრეზიდენტო არჩევნები შესთავაზა.

ნიშანდობლივია, რომ კუჩმას ამ განცხადებას წინ უსწრებდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სერგეი ტიჰიპკოს გადადგომა, რომელიც პარალელურად სახელისუფლებო კანდიდატის იანუკოვიჩის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო.

[სერგეი ტიჰიპკოს ხმა] ”მე მრცხვენია, რომ ჩვენმა კამპანიამ უკრაინა შუაზე გახლიჩა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამაში დამნაშავეა ორივე მხარე. მაგრამ მე მჯერა, რომ სიტუაცია შეიძლება სწრაფად გამოსწორდეს, თუ ახალი ხელისუფლება, რომლის ფორმირება, ბოლოს და ბოლოს, მოხერხდება, გონივრულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.”

ტიჰიპკომ უკრაინის ტელეკომპანია მეხუთე არხის პირდაპირ ეთერში გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ თუ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, ის საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს.
არჩევნების ხელახალი ჩატარების ინიციატივით აქამდე დასავლეთის სახელმწიფოებიც გამოდიოდნენ, თუმცა არ კონკრეტდებოდა, ისინი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხელახლა ჩატარების მომხრენი იყვნენ თუ არჩევნების თავიდან გამართვისა.

ამ კრიზისის გადაწყვეტისას დასავლეთის მთავარ პრიორიტეტს, უკრაინაში სამართლიანობისა და დემოკრატიის დაცვასთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება და რუსეთის დაშოშმინება წარმოადგენს.

მოსკოვი ბოლო დრომდე აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინის პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატს ვიქტორ იანუკოვიჩს.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გერმანიის კანცლერის გერჰარდ შრიოდერისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ ორივე ქვეყანა მზადაა ცნოს უკრაინის ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტი.

მოვლენების ასეთი განვითარება მიუღებელია ვიქტორ იუშჩენკოსთვის, ისევე როგორც მთელი ოპოზიციისთვის, მით უმეტეს, რომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას უკრაინის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. პარლამენტს კი შეუძლია საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება, მაგრამ ამ იდეაზე ოპოზიციის თანხმობის მოპოვების გარეშე ძნელი სავარაუდოა უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივამ საკანონმდებლო მხარდაჭერა მოიპოვოს.

ჩიხში შესულ ამ კონფლიქტში სიცხადის შესატანად 1 დეკემბერს კიევს ესტუმრება ევროკავშირის წარმომადგენელი ხავიერ სოლანა. უკრაინაში ჩასვლას გეგმავენ პოლონეთისა და ლიტვის პრეზიდენტები ალექსანდრ კვაშნევსკი და ვალდას ადამკუსი, ასევე რუსეთის წარმომადგენლობითი დელეგაცია.
XS
SM
MD
LG