Accessibility links

logo-print

ნინო ბურჯანაძისა და ტრადიციონალისტთა კავშირის გაერთიანების რეალური საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს

  • ნინო როდონაია

ქართული პრესით გავრცელდა ვერსია იმის თაობაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ მცირე

გუნდი ჰყავს, პოლიტიკურ თანამოაზრეთა რაოდენობის გაზრდას პარლამენტს მიღმა გეგმავს.
ამავე ვერსიის თანახმად, ნინო ბურჯანაძე ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მოკავშირედ ტრადიციონალისტთა კავშირს მიიჩნევს.
რამდენად საფუძვლიანია პრესაში გამოქვეყნებული ეს ვარაუდი?


2001 წლის ათ ნოემბერს, ოთხ საათსა და ჩვიდმეტ წუთზე, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში აპლოდისმენტები და ოვაცია ისმოდა. ასე ესალმებოდნენ მთელი ღამის დებატების შედეგად ნატანჯი დეპუტატები ქვეყნის პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, რომელმაც ამ პოსტზე ზურაბ ჟვანია შეცვალა.
ბურჯანაძის კანდიდატურა, რომელიც დეპუტატთა დიდი ნაწილისთვის ყველაზე მისაღები აღმოჩნდა, სამი წლის წინ პარლამენტს ტრადიციონალისტთა კავშირმა შესთავაზა.
ნოემბრის რევოლუციის შემდეგ კი სწორედ ტრადიციონალისტები მიიჩნევდნენ, - და ამაში დღესაც დარწმუნებულნი არიან, - რომ გარდამავალ ეტაპზე საქართველოსთვის უმჯობესი იქნებოდა სწორედ ნინო ბურჯანაძის პრეზიდენტობა. ამ იდეის გაუზიარებლობას ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი რევოლუციონერ პარტნიორებთან განშორების მიზეზად ასახელებს.
უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ პარლამენტის თავმჯდომარისადმი ტრადიციონალისტების სიმპათიაა მათი მოსალოდნელი გაერთიანების ვერსიის საფუძველი. თუმცა აკაკი ასათიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ინფორმაცია რეალობას არ ასახავს და გავრცელებულ ვარაუდს ამგვარად ხსნის:

]აკაკი ასათიანის ხმა] ,,მე ვფიქრობ, რომ უფრო ემყარება ზოგიერთ საკითხზე პოზიციების დამთხვევას, ვიდრე რაიმე ინტენსიურ მოლაპარაკებას ან რაიმე მსგავსს. საფუძველი რეალური არ არსებობს, იმიტომ რომ საამისოდ უნდა ყოფილიყო შეხვედრები, უნდა გვესაუბრა ხომ! აი, მერაბიშვილმა უნდა იცოდეს, წესით, რომ არ ყოფილა ჩვენ შორის შეხვედრები.” (სტილი დაცულია)

ნოემბრის რევოლუციის შემდეგ აკაკი ასათიანს კიდევ უფრო განუმტკიცდა აზრი იმის თაობაზე, რომ სამი წლის წინ ტრადიციონალისტების მიერ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნინო ბურჯანაძის დასახელება სწორი იყო:

[აკაკი ასათიანის ხმა] ,,იმიტომ რომ რევოლუციის დროს ერთადერთი ნინო ინარჩუნებდა სრულ ღირსებას, სიმშვიდეს და თვითკონტროლის უნარს.”


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რევოლუციის შემდგომ პოლიტიკურ მდგომარეობას აკაკი ასათიანი ამგვარად აფასებს: პოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით - ნულოვანი, პოპულარობის მხრივ კი - საკმაოდ მაღალი.
ამასთან, ბოლო პერიოდში უკვე აშკარად ჩანს ნინო ბურჯანაძის მიერ საკუთარი პოლიტიკური წონის გაზრდის მცდელობაც:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ,,თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს მთავრობაში, რომ რასაც შემოიტანენ და მყარ არგუმენტებს წარმოადგენენ, პარლამენტს აღარ უნდა მოუსმინონ, გარწმუნებთ, ძალიან ცდება ის ადამიანი, ვისაც ამგვარი მოსაზრება აქვს. თუ ეს მოსაზრება არა აქვს, მაშინ გაუგებარია, რას უნდა მივაწეროთ ის გარემოება, რომ ფრაქციაზე იყო მსჯელობა, გვქონდა კონსულტაციები პრეზიდენტთან, ამის შემდეგ შევთანხმდით, რომ უნდა შემოსულიყო შეჯერებული ვარიანტი და შემოდის ისევ ის ვარიანტი. მაშინ, უკაცრავად პასუხია და, რაღა გვინდა, საერთოდ, რომ აქ ვართ.” (სტილი დაცულია)

ასე ნინო ბურჯანაძე რამდენიმე დღის წინ ფინანსური ამნისტიის კანონპროექტის განხილვისას გაცხარდა პარლამენტში, სადაც სპიკერს მხოლოდ რამდენიმე რეალური თანამოაზრე ჰყავს.
ჯერჯერობით უცნობია, შეეცდება თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი სერიოზული პოლიტიკური გუნდის შექმნას არასაპარლამენტო ძალებით. სამომავლოდ ამ ჯერჯერობით აბსტრაქტულ გუნდში შესაძლოა აღმოჩნდნენ ტრადიციონალისტებიც, რასაც, მიუხედავად ამჟამინდელი პოზიციისა, თავად აკაკი ასათიანიც არ გამორიცხავს.
XS
SM
MD
LG