Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალი უნდა დაწინაურდეს


გასული კვირის მიწურულს საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს პრეზენტაცია შედგა. საბჭო გაეროს განვითარების

პროგრამისა და შვეციის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დაარსდა. სამწლიანი პროექტის დამტკიცება იმიტომაც გახდა შესაძლებელი, რომ საქართველოს პარლამენტს ქალი – ნინო ბურჯანაძე - ხელმძღვანელობს. თუმცა ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს შექმნა სწორედ არასამთავრობო სექტორის აქტიურობამ განაპირობა.


[მუსიკა “წუხელის ბიჭი დაბადებულა” , პირველი ნაწილი]


ამას წინათ თბილისის ერთ უმაღლეს სასწავლებელში, სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე, სასწავლებლის ახალგაზრდა პედაგოგმა გენდერული პრობლემების კვლევის აუცილებლობაზე ისაუბრა. საბჭოს წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, პროფესორ-მასწავლებლებმა, რომელთაც დიდი ავტორიტეტი აქვთ საზოგადოებაში, აღიარეს, რომ წარმოდგენა არა აქვთ, რას ნიშნავს ეს სიტყვა – “გენდერი”... ზოგმა იფიქრა – “გენდერის სწავლება” სტუდენტების სექსუალურ აღზრდას ნიშნავსო.

თბილისის ამ უმაღლეს სასწავლებელს შეგნებულად არ ვასახელებთ, რადგან, ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების თქმით, ასეთი მდგომარეობაა სხვა სასწავლებლებშიც – უბრალოდ, იქ არავინ გამოჩნდა ისეთი, ვინც გენდერული კვლევის აუცილებლობაზე ილაპარაკებდა. უფრო მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, სიტყვა “გენდერის” მნიშვნელობა დღემდე ზოგიერთმა პარლამენტარმაც არ იცოდა... მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს ქალი – ნინო ბურჯანაძე - ხელმძღვანელობს... მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჯერ კიდევ 1994 წელს მიუერთდა ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კონვენციას, რომელსაც ფემინისტები ზოგჯერ ქალთა კონსტიტუციას უწოდებენ. ქალთა უფლებების დამცველის, ფილოსოფოს ლელა გაფრინდაშვილის თქმით, კონვენცია მოითხოვს ხელისუფლებისაგან არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღონ გენდერულად მგრძნობიარე კანონმდებლობა, რომელიც შესაძლებელს გახდის ქალის დაწინაურებას საზოგადოებაში:

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] “არ კმაყოფილდება იმით, როცა ხელისუფლება ამბობს, საკანონმდებლო დონეზე ჩემს ქვეყანაში ქალის უფლებები დაცულიაო... ის ხელისუფლებას სთხოვს ფაქტებს, სადაც დასტურდება ამ კანონის ცხოვრებაში რეალიზაცია... კონვენცია სთხოვს ანგარიშს, თუ როგორაა დაცული ქალის უფლებები კანონმდებლობაში, სთხოვს ფაქტებს, თუ როგორაა დაცული ეს კანონმდებლობა ცხოვრებაში – რაც ძალიან უჭირთ ხოლმე სახელმწიფოებს.”(სტილი დაცულია)

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლანს კლარკი აღნიშნავს, რომ პროგრამა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გასული კვირის მიწურულს გაგვაცნო, სამწლიანია, შვეციის მთავრობამ მის განსახორციელებლად 900 ათასი დოლარის გრანტი გამოყო. ლელა გაფრინდაშვილის თქმით, ეს პროგრამა სწორედ ათი წლის წინ დამტკიცებული კონვენციის პრინციპებს ამკვიდრებს:


[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] “კონვენცია სთხოვს სახელწიფოს, რომ თუ სტრატეგიული გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში ქალები არ არიან წარმოდგენილნი, ანუ ქვეყნის მოწყობაზე ვინც მუშაობს, თუ მიახლოებული არა ვართ გენდერულ ბალანსთან, სახელმწიფომ უნდა მიიღოს დროებითი ზომა, რომელიც სოციალურ სამართლიანობას აღადგენს... შეიძლება საარჩევნო კანონში მოხდეს ცვლილება და პოლიტიკურ პარტიებს დაევალოთ, რომ გამსვლელ ადგილებზე ეს ბალანსი იყოს შენარჩუნებული... “(სტილი დაცულია)

სხვათა შორის, ეს ბალანსი ქართულ კულტურაში მეტ-ნაკლებად ყოველთვის შენარჩუნებული იყო – “ლეკვი ლომისა სწორიას” პრინციპით. ლექსი-სადღეგრძელო, რომელიც ამ სიუჟეტის დასაწყისში შემოგთავაზეთ, ასევე ამ ბალანსის პრინციპზეა აგებული.

[მუსიკა. “წუხელის ბიჭი დაბადებულა”. მეორე ნაწილი]

“ბალანსის” დაცვას ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილიც “საბჭოთა მეთოდად” მიიჩნევს. – ქალს თუ მოუნდა, ის აუცილებლად მოვა პოლიტიკაშიო, – ამბობს ქალბატონი ლელა. მაგრამ არსებობს უამრავი კულტურული ბარიერი, რომლის გადალახვა ქალებს ძალიან უჭირთ. “მაინც ქალიას” პრინციპი ჯერ კიდევ დამკვიდრებულია ქართულ ცნობიერებაში. ამიერიდან ამ სტერეოტიპის დაძლევას შეეცდება სპეციალური საბჭო - პარლამენტის შვიდი წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციების ექვსი წარმომადგენელი და აღმასრულებელი ხელისუფლების ოთხი წევრი. მათ უნდა აუხსნან საზოგადოებას სიტყვა “გენდერის” მნიშვნელობა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG