Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონის სხვა სახე: კავკასიის სიმბოლური გეოგრაფია, კონფლიქტები და სტერეოტიპები


ის, რომ ‘კავკასიელობის’ ცნებას მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული თანამედროვე ქართული იდენტობის ჩამოყალიბებაში, ალბათ, ეჭვგარეშეა.

თუმცა, ალბათ, ისიც ცხადია, რომ ეს როლი ერთგვაროვანი არ ყოფილა და რომ ‘კავკასიელობა’ საქართველოს მოსახლეობის კულტურული მიკუთვნებულობის განცდის შექმნაში სხვადასხვა დროს განსხვავებულ მნიშვნელობასა თუ ინტენსივობას იძენდა. ალბათ, ისიც შეიძლება ითქვას, რომ, ტრანსნაციონალური გავლენებიდან თუ შიდა კონფლიქტებიდან გამომდინარე, არც საკუთრივ კავკასიის რეგიონის ცნებაა ერთგვაროვანი და უპრობლემო. ერთი კვირის წინ, სტამბულში ყოფნისას, ამ საკითხების ირგვლივ სომეხ და აზერბაიჯანელ ექსპერტებს ვესაუბრე.

[სტამბულის ქუჩის ხმაური]

ეს სტამბულის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და ტურისტული უბნის, ტაქსიმის, ხმებია, სადაც ის სასტუმრო მდებარეობდა, რომელშიც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ ინიცირებული შეხვედრა შედგა სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრა ოთხ დღეს გაგრძელდა და საკმაოდ დატვირთული პროგრამა ჰქონდა, რომელშიც ისეთი კომპლექსური საკითხები იყო შესული, როგორიცაა: თურქეთში მიმდინარე დემოკრატიზაცია და ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის პერსპექტივა, სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტები, სომხურ-თურქული ურთიერთობა გენოციდის საკითხისა და საზღვრის გახსნის პერსპექტივის ჭრილში თუ ქალთა სამშვიდობო ინიციატივები, მთელი რეგიონის მასშტაბით. შესაბამისად, ამ შეხვედრიდან საკმაოდ მდიდარი მასალა ჩამოვიტანე, რასაც რუბრიკა ‘სხვა სახის’ მომდევნო გამოშვებებში კიდევ შემოგთავაზებთ.

დღევანდელი სიუჟეტი კი იმ საკითხს ეხება, რომელიც შეხვედრის თანმდევი და, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა იყო - კერძოდ, ეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონის არა იმდენად გეოგრაფიულ ერთობას, არამედ კულტურულ და, გნებავთ, სიმბოლურ კავშირებს, რომელიც, კონფლიქტების, ეკონომიკური ფაქტორების, ტრანსნაციონალური გავლენებისა და იმავე კულტურული სტერეოტიპების შედეგად, მნიშვნელოვნად შეიცვალა პოსტსაბჭოთა პერიოდში. ერთი მხრივ, სამხრეთ კავკასიის რეგიონის ცნება ცალსახად განაგრძობს არსებობას თუნდაც მხოლოდ ევროპულ თუ გლობალურ პოლიტიკურ სფეროებში, მაგრამ, მეორე მხრივ, რეგიონის ერთობას მნიშვნელოვნად აფერხებს კონფლიქტთა შედეგების გავლენა თუ კულტურის გლობალიზაციის პროცესები. ერევანში არსებული კავკასიის მედიის ინსტიტუტის წარმომადგენელი ალექსანდრე ისკანდერიანი ამ საკითხებს შემდეგ კომენტარს უკეთებს:

[ალექსანდრე ისკანდერიანის ხმა] “საქმე ისაა, რომ, ჩემი აზრით, კავკასიის ერთიანობა და ის, რომ კავკასია რეგიონს წარმოადგენს, - და მე აქ გეოგრაფიაზე მეტად კულტურულ ერთობას ვგულისხმობ, - თუ სტატიკურად განვიხილავთ, ცხადია, რეალობაა. ეს ერთიანობა რუსებმა მეცხრამეტე საუკუნეში, კავკასიის დაპყრობისას, გამოიგონეს და კავკასიაში მცხოვრები ხალხის ცნობერებაში დანერგეს. ეს ერთიანობა ილუზორული ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ რუსეთის ორასწლიანი ბატონობის განმავლობაში მან რეალური შედეგები მოიტანა და ჩვენ დღეს თავს ერთმანეთის მსგავსად აღვიქვამთ. მაგრამ ამის თქმა მხოლოდ სტატიკურ სურათზე შეიძლება. თუკი დინამიკაზე ვილაპარაკებთ, მაშინ ჩემთვის აბსოლუტურად ცხადია, რომ რამდენიმე თაობის შემდეგ ეს ერთიანობა გაქრება. ახალგაზრდები უკვე ინგლისურს სწავლობენ და არა რუსულს; ისინი უკვე ამერიკულ კულტურაზე არიან ორიენტირებულები და არა, მაგალითად, ქართულზე. და მე ვშიშობ, რომ თუკი ჩვენს შვილიშვილებს შეეკითხებიან, რა საერთო აქვთ მათ ქართველებთან ან აზერბაიჯანელებთან, ისინი ვერ შეძლებენ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. რეგიონი იშლება.

ალექსანდრე ისკანდერიანის თქმით, რეგიონის დაშლას წინააღმდეგობას უწევს დასავლეთის პოლიტიკა, რომელიც სამხრეთ კავკასიის ერთიანობის ხაზგასმას ევროსაბჭოში ერთად მიღების პრეცედენტით თუ ევროპის ფონდების მიერ გამოვლენილი მრავალი ცალკეული ინიციატივით ცდილობს. მაგრამ, მისი აზრით, გადაუჭრელი კონფლიქტები თუ განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაცია მნიშვნელოვნად ართულებს ამ ერთიანობის განცდას. ამ საკითხების ირგვლივ აზერბაიჯანელ პოლიტოლოგ ტოგრულ ჯუფარლისაც ვესაუბრე, რომელიც ასევე კონფლიქტებში ხედავს მთავარ სირთულეს სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის:

[ტოგრულ ჯუფარლის ხმა] “კავკასიის რეგიონი მუდამ იარსებებს; მაგრამ არსებობს იმის საშიშროება, რომ ჩვენ გარკვეულ ნაკრძალად გადავიქცევით - ან ძალადობის, ან ეთნოგრაფიულ ნაკრძალად. ორივე ცუდი პერსპექტივაა; და, პრინციპში, ახლა ჩვენც ცუდად ვგრძნობთ თავს, რადგან ვერაფრით გამოვდივართ წარსულის კონფლიქტებიდან. ამას ისიც გვირთულებს, რომ, მიუხედავად სამხრეთ კავკასიის სიმცირისა, ის მრავალი საერთაშორისო ინტერესის გადაკვეთის წერტილად იქცა. და ეს ინტერესები არა მხოლოდ ეკონომიკურია - კავკასია იქცა პოლიტიკური შერკინებების ადგილადაც.”

გადაუჭრელ კონფლიქტებზე საუბრისას ტოგრულ ჯუფარლის, პირველ რიგში, ყარაბაღის საკითხი ჰქონდა მხედველობაში. ეს კონფლიქტი, ალბათ, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ერთობის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ კულტურული სტერეოტიპების შედეგადაც. ამ სტერეოტიპებს ალექსანდრე ისკანდერიანი ისტორიულ ჭრილში აანალიზებს:

[ალექსანდრე ისკანდერიანის ხმა] “სომხურ კოლექტიურ ცნობიერებაში თურქებს და აზერბაიჯანელებს შორის სხვაობა არ არსებობს. სომხურ ენაში არსებობს სიტყვა ‘ადერბაიჯანცი’, რაც აზერბაიჯანელს ნიშნავს, მაგრამ ეს სიტყვა არსებითად მხოლოდ ნორმირებულ და ლიტერატურულ ენაში იხმარება - ასე ლაპარაკობენ ტელევიზიით და გაზეთებში, და ისიც არა ყოველთვის. ნებისმიერი ადამიანი ქუჩაში აზერბაიჯანელებს ‘თურქებს’ უწოდებს. აზერბაიჯანელები ჩვენთვის კვაზითურქები არიან; და, გარკვეული აზრით, ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ ყარაბაღში მოვიპოვეთ, რევანშად აღიქმება იმის გამო, რაც თურქებთან განვიცადეთ. თურქების დიდი იმპერია მოგვერია, მაგრამ, სამაგიეროდ, ეს თურქები დავამარცხეთ.”

ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად ჩამოყალიბებული სტერეოტიპების შესახებ ტოგრულ ჯუფარლისაც შევეკითხე:

[ტოგრულ ჯუფარლის ხმა] “კოლექტიურ ცნობიერებაში სომხების სტერეოტიპი დიდად არ შეცვლილა. ალბათ, ისევე როგორც სომეხ ხალხს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანელებს ღამე ესიზმრებათ თავიანთი ქვეყნის ტერიტორიიდან ყველა დარჩენილი სომხის განდევნის გზები, აზერბაიჯანული ცნობიერებაც ხშირად ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი სომხებმა წამოიწყეს, რომ ეს მათი განსაკუთრებული ცბიერებისა და სიეშმაკის შედეგია. ჩემი აზრით, ეს არც ისეთი სწორი მოსაზრებაა. შესაძლოა, ამის გარკვეული წანამძღვრები, მართლაც, არსებობს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს კონფლიქტი ბევრად უფრო მსხვილი თამაში იყო.”

ცხადია, სიუჟეტში გახმიანებული მოსაზრებები მხოლოდ ორ ცალკეულ ექსპერტს ეკუთვნის და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხის ერთიან შეხედულებებს. ასეა თუ ისე, სტამბულში გამართული შეხვედრა, ალბათ, თუნდაც იმით იყო საინტერესო, რომ მისი მონაწილეები ღიად და დაუფარავად საუბრობდნენ მწვავე საკითხების ირგვლივ. ეს კი, თავის მხრივ, პრობლემების გადაჭრის თუ არა, მათი სირთულის გააზრების საწინდარი, ალბათ, ნამდვილად არის.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG