Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ხელისუფლება გაკოტრების პირას მისულ ”იუკოსს” ყიდულობს


20 დეკემბერს ”იუკოსის” აქციონერთა რიგგარეშე კრება გაიმართება, რომელზეც აქციონერებს ნაკლებად სასიამოვნო თემაზე,

კომპანიის მიმართ საგადასახადო პრეტენზიების მოცულობაზე, საუბარი მოუწევთ. რუსი ექსპერტების შეფასებით, საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული ჯარიმების მოცულობა იმდენად დიდია, რომ აზრს მოკლებულია საუბარი ”იუკოსის” გადარჩენის შესახებ. სწორედ ამიტომ მოსალოდნელია, რომ აქციონერთა კრების შემდეგ ”იუკოსი” თავს გაბანკროტებულად გამოაცხადებს. რას ნიშნავს ეს?

25 დეკემბერს 1 წელი სრულდება, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ”იუკოსის” ყოფილი ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი კომპანიის საქმიანობას ციხეში გამომწყვდევით ჩამოაშორა. მას შემდეგ რუსული ნავთობის მომპოვებელ ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას არ მოჰკლებია სკანდალები და პრობლემები. რუსეთის ხელისუფლება მიზანმიმართულად, ათასგვარი ჯარიმებითა და პრეტენზიებით, კომპანიის დაშლას ცდილობდა და საწადელს, ნაწილობრივ, უკვე მიაღწია კიდეც.

19 დეკემბრისთვის დანიშნულია აუქციონი, რომელზეც ”იუკოსის” ნავთობის ძირითადი მომპოვებელი კომპანია ”იუგანსკ-ნეფტ-გაზი” უნდა გაიყიდოს. აუქციონზე გამოტანილი იქნება ამ კომპანიის აქციათა 76,79 პროცენტი. ამ აუქციონის მთავარი მიზანი იმ საგადასახადო დავალიანებების გასტუმრებაა, რომელსაც “იუკოსს” საგადასახადო სამსახური ედავება. კომპანიის აქციათა საწყის ფასად სახელმწიფომ 8,6 მილიარდი დოლარი გამოაცხადა. მყიდველიც უმალვე გამოჩნდა, სახელმწიფო კომპანია ”გაზპრომის” სახით.

გაზპრომის მმართველობას გადაწყვეტილი აქვს 5 მილიარდი ამერიკული დოლარი ისესხოს ”იუგანსკ-ნეფტ-გაზის” აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. ამ თანხის მოძიებაში გაზპრომს ”დოიჩე ბანკი” ეხმარება - სწორედ მან ურჩია აუქციონში მონაწილეობის მიღება რუსეთის სახელმწიფო გაზის მომპოვებელ კომპანიას.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სწორედ “გაზპრომი” შეიძლება გახდეს ”იუკოსის” მფლობელი ამ კორპორაციის გაბანკროტების შემთხვევაში. შესაბამისად, “იუკოსის” აქციების განმკარგველი კრემლი გახდება. როგორც ზევით ვთქვი, რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა ამ შედეგის მისაღწევად.

რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ დამნაშავეობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობაში ბრადებული მიხაილ ხოდორკოვსკის ვებსაიტზე გამოქვეყნებულია მისი მოსაზრებები “იუკოსის” მომავალთან დაკავშირებით.

ხოდორკოვსკის მიაჩნია, რომ რუსეთის მთავრობამ ”იუკოსის” დავალიანებათა გასასტუმრებლად ცუდი ვარიანტებიდან ყველაზე ცუდი აირჩია. ამით ხელისუფლება ზიანს აყენებს როგორც კომპანიას, ასევე მთელ სახელმწიფოს, აქციონერებს და მთელ საზოგადოებას. ამის გამო “იუკოსის” ყოფილი შეფი მთელ პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს.

ბოლო დრომდე “იუკოსის” გარშემო ასეთი ვითარება იყო შექმნილი: აქციონერები აქციებს თმობდნენ კორპორაციის შერყეული რეპუტაციის გამო და აქციებს კორპორაციის მენეჯმენტს გადასცემდნენ. რუსეთის ხელისუფლება “იუკოსის” მენეჯერებს ციხეში ერეკებოდა, რაც კიდევ უფრო ზრდიდა კომპანიის სხვადასხვა ტიპის ვალებს.

მიმდინარე წლის სექტემბრის თვისთვის “იუკოსის” საერთო დებიტორული დავალიანება 78 მილიარდ რუსულ რუბლზე მეტს შეადგენს. აქედან 47 მილიარდზე მეტი მყიდველებსა და დამკვეთებზე მოდის. თუმცა ეს სულაც არაა კომპანიის გადარჩენის გარანტია, რადგან მხოლოდ 2000 წელს საგადასახადო სამსახურის მიერ დარიცხული დავალიანება და ჯარიმები კომპანიის იმდროინდელ მოგებას მნიშვნელოვნად აღემატება.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ “იუკოსის” ამჟამინდელ მმართველს გერაშენკოსა და კორპორაციის ძირითად აქციონერ მენატეპს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, “იუკოსის” მდგომარეობა არცთუ პერსპექტიულად გამოიყურება.

თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ “იუკოსის” ბედი საბოლოოდ ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი, რადგან ბევრი რამ 19 დეკემბრისთვის დაგეგმილ აუქციონზეა დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG