Accessibility links

logo-print

რუსეთმა აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 2 დეკემბერს, სოხუმში დაგეგმილ სერგეი ბაღაფშის ინაუგურაციამდე ოთხი დღით ადრე, რუსეთის ხელისუფლებამ სოხუმთან სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა.

ასევე 2 დეკემბრიდან გამკაცრდა სასაზღვრო რეჟიმი რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე. 2 დეკემბრიდან თვითაღიარებულ აფხაზეთის რესპუბლიკის მცხოვრებლებს, რომელთა უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობაც აქვს მიღებული, რუსეთში გადასვლა მხოლოდ ფეხით ან მსუბუქი მანქანებით შეუძლიათ.


რუსეთმა თავისი მუქარა შეასრულა და, აფხაზეთში პოლიტიკური ვითარების დაძაბვის საბაბით, შეაჩერა სარკინიგზო მიმოსვლა სოჭი-სოხუმი. როგორც გახსოვთ, სექტემბერში ამ მარშრუტის საზეიმო ვითარებაში გახსნას ხელი ბესლანის ტრაგედიამაც კი ვერ შეუშალა. აფხაზეთის ბლოკადაში მოქცევით რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის იმის დემონსტრირება სურს, რომ, ამ თვითაღიარებული რესპუბლიკის სათავეში სერგეი ბაღაფშის მოსვლის შემთხვევაში, რუსეთი ყველა იმ დახმარებას შეაჩერებს, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებლებს აქამდე საშუალებას აძლევდა ცხოვრების მინიმალური პირობები ჰქონოდათ.
როგორც ჩანს, კრემლის გადაწყვეტილება აფხაზეთისთვის ბლოკადის გამოცხადების თაობაზე რუსეთის დუმისთვისაც კი ცალსახად მისაღები არ არის. 2 დეკემბერს რუსეთის დუმის სხდომაზე აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. დეპუტატი სერგეი ბაბურინი იმის დადგენას ცდილობდა, რის საფუძველზე მიიღო მთავრობამ აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება:
[ სერგეი ბაბურინის ხმა] „ საზღვრის დღევანდელი დაკეტვა - იმ პროდუქტების გატანის შეფერხება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც რუსეთის მცხოვრებლებისთვის კრასნოდარის მხარეში, ისე რუსეთის მოქალაქეებისთვის, ვინც საზღვრის იქით ცხოვრობს - ეს, რა, მთავრობის პოზიციაა? რის საფუძველზე იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს?”
რუსეთის დუმაში მთავრობის წარმომადგენლის ანდრეი ლოგინოვის განმარტებით, აფხაზეთში ვითარების დაძაბვის პირობებში, ხელისუფლება საფრთხის ქვეშ ვერ დააყენებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს:

[ ანდრეი ლოგინოვის ხმა] „ საქმე ის გახლავთ, რომ სოხუმამდე არსებული რკინიგზის მომსახურებას აწარმოებენ სალოკომოტივო ბრიგადები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. დღეს მათი ყოფნა იმ რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს, - ეს პროცესები კი ნებისმიერ დღეს სისხლისღვრაში შეიძლება გადაიზარდოს, - ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.“(სტილი დაცულია)
აქვე შეგახსენებთ, რომ ქართული მხარე კარგა ხანია აპროტესტებს რუსეთის ცალმხრივად მიღებულ გადაწყვეტილებას აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ. მაშინ რუსული მხარე აცხადებდა, რომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა კერძო ფირმების მიერ მოხდა და იგი ვერ ჩაერეოდა კერძო ბიზნესის საქმეებში.
როგორ იმოქმედებს სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერება თავად აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების ყოფაზე? - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის წევრის დავით ნარმანიას პროგნოზით, უახლოეს დღეებში აფხაზეთში სასურსათო პროდუქტების დეფიციტი შეიქმნება:
[ დავით ნარმანიას ხმა] „ საქონლის დეფიციტი იქნება. სქემა იყო აწყობილი რკინიგზის ტრანსპორტით ტვირთების რეგულირებისა. პირველ ხანებში დაირღვევა ეს სქემა, მაგრამ მერე ამას ჩაენაცვლება ტრანსპორტირების სხვა სახეობები. ამიტომ პირველ დღეებში, რა თქმა უნდა, იქნება დეფიციტი.“
დეფიციტის აღმოფხვრის შემდეგ კი, კვლავ დავით ნარმანიას აზრით, აფხაზეთში ფასების ზრდაა მოსალოდნელი.
მაშინ, როცა ზამთრის პირობებში აფხაზეთში მცხოვრები რიგითი ადამიანების შემოსავალი მეტწილად რუსეთში ციტრუსების გატანასთან არის დაკავშირებული, სავარაუდოდ, უახლოეს ხანში აფხაზეთში სოციალური ფონი კიდევ უფრო დაიძაბება.
XS
SM
MD
LG