Accessibility links

logo-print

უკრაინული დაპირისპირების “ოლიგარქიული” მოტივები


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი მოელის თუ არა უკრაინელი ოლიგარქების უზარმაზარ ქონებას პოსტრევოლუციური განკულაკების საფრთხე? კითხვაზე, რომელსაც ექსპერტები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად სვამენ, ზუსტი პასუხი ჯერ-ჯერობით არავის აქვს.

მართალია, კიევში რევოლუცია არ დასრულებულა, უფრო ზუსტად ოპოზიციას ჯერ არ გაუმარჯვია, მაგრამ სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ე.წ. "დონბასის ბიზნეს-დაჯგუფების" ინტერესები მალე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. რადგან ვიქტორ იანუკოვიჩი უპირველესად სწორედ ოლიგარქების კანდიდატად მოიაზრებოდა.

უზარმაზარი მეტალურგიული კომბინატების, ქვანახშირის წარმოებისა და მედია-ბიზნესის მფლობელ უკრაინელ ოლიგარქებს პოლიტიკური ფსონი არ უმართლებთ. სცენარი, რომლის მიხედვითაც კუჩმა იანუკოვიჩს ძალაუფლებას მემკვიდრეობით გადასცემდა, სერიოზულ კორექტივებს განიცდის. ამ სცენარის მიხედვით, საფეხბურთო კლუბ “შახტარის” მფლობელი და ყველაზე მდიდარი უკრაინელი რინატ ახმეტოვი, არანაკლებ შეძლებული და იმავდროულად პრეზიდენტ კუჩმას სიძე ვიქტორ პინჩუკი და სხვა ე.წ. "დონბასის ბიზნეს-დაჯგუფების" წარმომადგენლები პრეზიდენტად გაიყვანდნენ წარმოშობით დონეცკელ, მორჩილ ვიქტორ იანუკოვიჩს და სანაცვლოდ მოქმედების სრულ თავისუფლებას მიიღებდნენ. ამ მიზნის მისაღწევად და იანუკოვიჩის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად მხოლოდ ახემტოვმა 300 მილიონი დოლარი გაიღო. გაზეთ “24 საათის” საერთაშორისო ამბების მიმომხილველი ნიკა თარაშვილი თვლის, რომ ოლიგარქების მიზნებს რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებიც უმაგრებდა მხარს.

[ნიკა თარაშვილის ხმა] "კუჩმას, რასაკვირველია, სურდა, თავისი წასვლის შემდეგ ამ ინტერესებს, საკუთარი ოჯახის ინტერესებს საფრთხე არ შექმნოდათ. ეს იყო, ალბათ, თავდაპირველად იანუკოვიჩის მემკვიდრედ გამოცხადების საფუძველი. შემდეგ ამას დაემატა რუსეთის ინტერესებიც, იგივე გაზის და ნავთობის. ალბათ, იცით, რომ უკრაინაზე გადის მთელი გაზმომარაგება ევროპაში რუსეთიდან მომდინარე. ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა, ვინ გააკონტროლებდა ამას".

ნიკა თარაშვილს უჭირს უკრაინაში მოვლენათა პროგნოზირება. იგი ასევე დაზუსტებით ვერ ამბობს, გამეორდება თუ არა კიევში ქართული პოსტრევოლუციური სცენარი და მოუწევთ თუ არა ოლიგარქებს სახელმწიფო, თუ სხვა გაურკვეველი ბიუჯეტებისათვის თანხების დაბრუნება

[ნიკა თარაშვილის ხმა] "ერთი შეიძლება ცალსახად ითქვას: იუშჩენკო არ არის მიხეილ სააკაშვილი. იგი რადიკალურად განწყობილი არასოდეს ყოფილა. თუ იუშჩენკოს მომხრეებიდან ვინმე შეიძლება რადიკალად შეირაცხოს, იულია ტიმოშენკოა - ერთადერთი გამოკვეთილი რადიკალური ფიგურა. შეიძლება მოხდეს გარიგება უფრო ფართომასშტაბიანი. კუჩმასაც აქვს სამაგალითოდ, რა მოხდა საქართველოში და, ალბათ, უფრო მეტ გარანტიებს მოითხოვს არამარტო თავისთვის, არამედ თავისი ბიზნესისთვისაც".

მიიღებს თუ არა კუჩმა და მისი გარემოცვა იუშჩენკოს გუნდისაგან ხელშეუხებლობის მასშტაბურ გარანტიებს, რთული სათქმელია. ჯერ-ჯერობით კი არც ოპოზიციას გაუმარჯვია და არც კუჩმას დაუთმია ძალაუფლება.
XS
SM
MD
LG