Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი საგადასახადო კოდექსის დამტკიცებას, შესაძლოა, საქართველოში ცნობილი საავტომობილო კომპანიების წარმომადგენლობების დახურვა მოჰყვეს


საქართველოს პარლამენტის კომიტეტები ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის განხილვას განაგრძობენ. დეპუტატები და ფინანსთა სამინისტროს

წარმომადგენლები კოდექსის რამდენიმე პუნქტზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ და პოზიციათა დაახლოებას პარასკევს, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, შეეცდებიან.
სადავო საკითხთა შორისაა ავტომობილების იმპორტის დაბეგვრა, რომლის ფინანსთა სამინისტროსეულ ვარიანტს არ ეთანხმებიან არც იმპორტიორები და არც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.


ახალ საგადასახადო კოდექსს, ისევე როგორც ფინანსური ამნისტიის გამოცხადებას, საქართველოში ბევრი ადამიანი ელის.
ამ ორ კანონპროექტთან დაკავშირებული, ჯერჯერობით გაურკვეველი, სიტუაცია საბოლოოდ მომავალ კვირას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უნდა გაირკვეს.
მანამდე კი ქვეყნის მომავალ საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებული - განსაკუთრებულად სადავო - საკითხების გადაწყვეტას დეპუტატებსა და მთავრობის წევრებთან ერთად ზურაბ ჟვანია შეეცდება.

[რომან გოცირიძის ხმა] ,,ხვალ პრემიერ-მინისტრი ჩაერთვება ამ პროცესში და ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მთავრობასთანაც საჭიროებს კონსულტირებას, გადაწყდება ხვალ ღამით. ეს ეხება, ძირითადად, ქონების დაბეგვრას - მათ შორის, ავტომობილების დაბეგვრას - როგორც იმპორტის რეჟიმში, ასევე ავტომობილების, როგორც ფიზიკური პირის ქონების სახით.”(სტილი დაცულია)

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს, ისევე როგორც ავტომობილების იმპორტიორთა ასოციაციას, დაბეგვრის რეჟიმთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსგან განსხვავებული მოსაზრება აქვს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი კატეგორიულად მოითხოვს ავტომანქანების იმპორტის დაბეგვრას დამატებული ღირებულების გადასახადითა და აქციზით და საკუთარ პოზიციას ,,ნორმალურ პირობებში მუშაობის დაწყების” სურვილით ხსნის.
საწინააღმდეგო არგუმენტები აქვს ავტომობილების იმპორტიორთა ასოციაციას. მისი ინფორმაციით, თუ საბოლოოდ პარლამენტი ფინანსთა სამინისტროს ვარიანტს დასთანხმდება, საგრძნობლად გაძვირდება არა მხოლოდ ახალი, არამედ ე.წ. მეორე ხელის ავტომობილებიც. ასოციაციის მონაცემებით, ყველაზე იაფი, 2 ათას ევროდ ღირებული, ავტომანქანა 70 პროცენტით გაძვირდება. ამ ტიპის ავტომობილები კი საქართველოს ბაზრის 90 პროცენტს შეადგენს. იმპორტიორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ლაშა ლომიძე ამბობს, რომ თუ ფინანსთა სამინისტრო პოზიციას არ შეიცვლის, უარყოფით ფისკალურ ეფექტს მივიღებთ:

[ლაშა ლომიძის ხმა] ,,ადამიანს კი არ გადაახდევინებენ უფრო მეტ გადასახადს, უბრალოდ, მას უბიძგებენ იყიდოს იმაზე ძველი ავტომანქანა, ვიდრე შეძლებდა დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ან კიდევ საერთოდ უარი თქვას ავტომობილის შეძენაზე, ეს ერთი. მეორე - ადმინისტრირება რთულდება, იმიტომ რომ, დღეს მოქმედი კანონით, რომელსაც ჩვენ ვეთანხმებით, გადასახადი იცვლებოდა ძრავის კუბატურის მიხედვით, რომლით მანიპულირება არის შეუძლებელი. ახალი პროექტით, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო გვთავაზობს, შემოდის საინვოისო ფასი, რომლით მანიპულირებაც არის ძალიან ადვილი. რასაც უნდათ, იმას ჩააწერინებენ.”


ლაშა ლომიძე შიშობს, რომ თუ ახალი საგადასახადო კოდექსის საბოლოო ვარიანტში ფინანსთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პუნქტი ჩაიწერება, ავტომობილებით ვაჭრობა შავ ბაზარზე გადაინაცვლებს, რაც ოფიციალურ იმპორტიორთა გაკოტრებას გამოიწვევს. საპასუხოდ ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ სიტუაციის გაკონტროლება გარანტირებული იქნება, რასაც იმპორტიორები არ ეთანხმებიან:

[ლაშა ლომიძის ხმა] ,,ჩვენ ვეუბნებით, რომ ამის გაკონტროლება არის ძალიან ძნელი, იმიტომ რომ მანქანის ფასის დადგენა არის საკმაოდ რთული. ერთსა და იმავე მოდელზე ფასის სხვაობა, შესაძლოა, იყოს ას პროცენტზე მეტი. ამის განმსაზღვრელი, სამწუხაროდ, არც ფინანსთა სამინისტროში და არც საბაჟოში არავინ არ არის.”

თუ ახალი საგადასახადო კოდექსით ავტომობილების იმპორტის დაბეგვრის ამჟამინდელი რეჟიმი შეიცვლება, საქართველოში მუშაობა წამგებიანი იქნება იმ საავტომობილო კომპანიებისთვის, რომლებსაც ქვეყანაში საკუთარი წარმომადგენლობები აქვთ.
[ლაშა ლომიძის ხმა] ,,საქართველოში მოქმედებდა ყველაზე ხელსაყრელი დაბეგვრის რეჟიმი მთელ კავკასიაში, ამიტომ ბევრი კომპანია - მაგალითად, ,,ფოლკსვაგენი” და ,,ოპელი” - ხსნიდა თავის რეგიონულ ცენტრს თბილისში. როგორც კი ჩვენთან გაუარესდება ეს რეჟიმი, ისინი გადაინაცვლებენ სხვა ქვეყნებში.”


რა ეღირება ავტომობილები ახალი საგადასახადო კოდექსის დამტკიცების შემდეგ და დატოვებენ თუ არა საქართველოს მათი იმპორტიორები, ჯერ პრემიერ-მინისტრთან პარასკევს დაგეგმილი შეხვედრისას, შემდეგ კი პარლამენტის სხდომაზე გაირკვევა. სახელმწიფო კანცელარიასა და პარლამენტამდე კი განხილვების პრაქტიკულად ყველა მონაწილე საკმაოდ კარგი ავტომანქანით იმგზავრებს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG